"სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა" - რატომ ტოვებს ფრაქციას ნატო ჩხეიძე - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა" - რატომ ტოვებს ფრაქციას ნატო ჩხეიძე

განსაცდელშია ტელეკომპანია "იბერია". განსაცდელშია "ომეგა ჯგუფში" დასაქმებული 1500-მდე ადამიანი... სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა - ამის გამო ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაუმართლებლად მიმაჩნია და პარტიიდან გავდივარ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ის ტოვებს ფრაქციას და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. ჩხეიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება ერთი დეპუტატი, რომელიც მას ფრაქციაში ჩაანაცვლებს.

"ამ ორ კვირაში, სესიიდან სესიამდე საკმარისზე მეტი მავნე და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება მოასწრო დღევანდელმა ხელისუფლებამ - ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად ნარკოპლანტაციები რომ დასახა და მარიხუანა მწვანე ოქროდ წარმოგვიდგინა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმორალური გადაწყვეტილება, რასაც ქართულმა ეკლესიამ დროულად შეუშალა ხელი, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ვერ აღკვეთა. ამავე 2-კვირაში გახმიანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა - სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია "იბერია". განსაცდელშია "ომეგა ჯგუფში" დასაქმებული 1500-მდე ადამიანი. დახურულია საწარმო. ამ მოვლებამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა "ომეგა ჯგუფის" მიმართ თანადგომა გამოხატეს - მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, პარტიიდან გავდივარ", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

იხილეთ ასევე: "მთელი შენი ბიუჯეტიც ქინძზე გვკიდია, შენი "ომეგაც" და ყველაფერი" - როდის შედგა სკანდალური საუბარი ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის?

"ინტერპრესნიუსი"