The Times: "საქართველოსთვის ჩინეთთან კავშირების გაბმა რუსეთის გავლენის დაბალანსების შანსს წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

The Times: "საქართველოსთვის ჩინეთთან კავშირების გაბმა რუსეთის გავლენის დაბალანსების შანსს წარმოადგენს"

ბრიტანული გამოცემა «The Times» აქვეყნებს სტატიას, სათაურით:  "ევროპის ჭეშმარიტი საფრთხე რუსეთი კი არ არის, ჩინეთია", რომელშიც ლაპარაკია პეკინის საეჭვო ინფრასტრუქტურული გარიგებებზე აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე ნახსენებია საქართველოც.  სტატიის ავტორის ედვარდ ლუკასის აზრით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ჩინეთთან კავშირების გაბმა რუსეთის გავლენის დაბალანსების შანსს წარმოადგენს იმ რეგიონში, სადაც დასავლეთის გავლენა თანდათან მცირდება.

გათავზობთ სტატაის მცირე შემოკლებით:

"20 წლის წინ მე რუსეთში, მდინარე ამურის პირას, დანგრეულ გზაზე გაჩენილ გუბეში ვიდექი და გაღმა ნაპირზე ჩინეთის მხარეს ვუყურებდი. მაშინ როცა ჩინური სანაპირო სიახლესა და თანამედროვეობას ასხივებდა, რუსულ მხარეზე ქუჩის ფარანიც კი არ ანათებდა. მას შემდეგ ჩინეთი ეკონომიკურად კიდევ უფრო განვითარდა და გაძლიერდა - ექსპერტების თქმით, 2030 წლისათვის მისი ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკას უკან ჩამოიტოვებს. რუსეთი კი ჩინეთს დღესაც ყველა ფრონტზე ჩამორჩება.

გასულ კვირაში მე კიდევ ერთ-ერთ ასეთ მიჯნაზე ვიყავი, ამჯერად საქართველოში. ეს ქვეყანა 3,7 მილიონიანი მოსახლეობით სამი იმპერიის ვექტორთა გადაკვეთაზე აღმოჩნდა - რუსეთისა (რომელიც ადრე საქართველოს ფლობდა), დასავლეთის ევროატლანტიკურისა და გაძლიერებული ჩინეთისა. ქართველებმა უკვე გადაწყვიტეს, რომელს აძლევენ უპირატესობას: შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობის მიუხედავად, საქართველო დასავლეთისაკენ მიიწევს.

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო "გაიჭედა" - და ალბათ, სამუდამოდ - მოსაცდელ დარბაზში, ნატოში გაწევრიანების მოლოდინში.

თბილისმა, პროპორციული შეფარდებით, ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეები ყველაზე მეტი რაოდენობით გაგზავნა. ამერიკელების ფართო დახმარება-ხელშეწყობით ქართველებმა თავიანთი ქვეყნის ეკონომიკა ლიბერალური გახადეს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს და პლურალისტური პოლიტიკური სისტემა შექმნეს, რომლის ჩარჩოებში ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვს და კიდეც იმარჯვებს. ასეთ წარმატებას ვერცერთმა საქართველოს მეზობელმა ქვეყანამ ვერ მიაღწია.

მაგრამ დღეს განწყობა ევრაზიული იმპერიათა მიჯნების ამ უბანზე შეცვლილია. ამერიკის საელჩო თანდათან კარგავს თავის როლს ადგილობრივი ოლიგარქებისა და რუსეთის თავდასხმების შეკავება-მოგერიებაში.

ანტიდასავლური პროპაგანდა და სხვადასხვა შემზარავი ისტორიები სულ უფრო მეტად ვრცელდება: მაგალითად, გაისმის ხმები, რომ ევროკავშირი საქართველოს ინცესტს (სისხლის აღრევას) და მილიონობით სირიელი მიგრანტის მიღებას აიძულებს. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცეცხლის შეწყვეტის ხაზის მიღმა, რომელიც 2008 წლის ომის შედეგს წარმოადგენს - ძალზე საშიში სამხედრო მანევრები ტარდება და ქართველები პერიოდულად აწყდებიან ადამიანთა გატაცებისა და მიწების მიტაცების ფაქტებს.

მაგრამ ქართველები, ისევე როგორც ესტონელები, პოლონელები, უკრაინელები და ბრძოლაში გამოწრთობილი რუსეთის მოსაზღვრე ხალხები ყველაზე მეტად შეშფოთებულნი არიან დასავლეთის მიამიტობით, აზრთა სხვადასხვაობით და ჭარბი თვითკმაყოფილებით, რაც ბებერი დასავლეთის ძლიერ ქვეყნებს ახასიათებთ და რომლებსაც ისინი - რუსეთთან სარისკო ზონაში მცხოვრებნი - დახმარება-დაცვის იმედით მიმართავენ. მათი აზრით, ფრონტის ჭეშმარიტი ხაზი მათ ტერიტორიებზე კი არ გადის, არამედ იმ ადგილებზე, სადაც რუსეთის გავლენა ყველაზე მეტია - ბერლინზე, ბრიუსელზე, რომზე და როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ვაშინგტონზეც კი.

საერთოდ კი, სიტუაციას უფრო სერიოზულად რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ჭეშმარიტი საფრთხე რუსეთიდან არ მოდის. მიუხედავად რუსეთის დიდი ტერიტორიისა და ბირთვული არსენალისა, ვლადიმირ პუტინის ნახევრად დანგრეული იმპერია, არსებითად, ძალიან სუსტია. უზარმაზარი რუსეთის ეკონომიკა თავისი მოცულობით ძლივს უტოლდება პატარა იტალიის ეკონომიკას.

არმიის მოდერნიზების მიუხედავად, თავდაცვის ხარჯების მოცულობა მცირდება. პოლიტიკური სისტემა სულ უფრო მყიფე ხდება და ყავლი გასდის. ჯერ-ჯერობით კრემლი ახერხებს დასავლეთის მოგერიებას, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნებისა და დაუნდობელი მოქმედების წყალობით და არა დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებით.

ევროპული უსაფრთხოების მყიფე სისტემას ჭეშმარიტ საფრთხეს მოსკოვი კი არა, უფრო ძლიერი წყარო - პეკინი უმზადებს.

ჩინეთის გავლენების მასშტაბები რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, ალბათ, დალაი-ლამას ყოველდღიური რეჟიმი უნდა გავიხსენოთ. 83 წლის მსოფლიოში ცნობილი ადამიანის, ოდესღაც დიდად პატივცემული სულიერი ლიდერის პოლიტიკური "დღიური" ცარიელია - ჩინეთის შიშით მასთან შეხვედრას ვერავინ ბედავს - ეშინიათ, რომ პეკინი დევნას დაუწყებს. მიუხედავად იმისა, რომ დალაი-ლამა ბედს შეურიგდა და ტიბეტს ჩინეთის შემადგენლობაში აღიარებს, პეკინი მაინც აგრძელებს აბსურდულ პოლიტიკას - მასში სეპარატიზმის იდეების სახიფათო გამავრცელებელს ხედავს. ევროპაში დალაი-ლამას ვიზიტის დროს, ივლისში, ამ სულიერ ლიდერთან შეხვედრა მხოლოდ მამაცმა ლიეტუველმა პარლამენტარებმა გაბედეს.

ჩინელების მიდგომებისთვის დამახასიათებელია ოპორტუნიზმი. პეკინი გაურბის ღია კონფრონტაციას, მაგრამ თუ ხედავს სისუსტეს ან უთანხმოებას, აუცილებლად სარგებლობს სიტუაციით.

ჯერჯერობით ჩინეთის ტაქტიკა ევროპაში იაფფასიან და "მღვრიე" პირობებიან სესხებში გამოიხარტება, რომლებსაც პეკინი შედარებით სუსტ ევროპულ ქვეყნებთან დებს. ასეთი ქვეყნების ერთ-ერთი კატეგორია ბალკანეთში მდებარეობენ, მაგალითად, სერბეთი, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირში გაწევრებამდე. კიდევ ერთი კატეგორიაა ევროკავშირის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბრიუსელის ზეწოლის ქვეშ მოექცნენ გარკვეული დარღვევების გამო, მაგალითად, უნგრეთი. მესამე კატეგორია - ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ევროკავშირის უფრო ძლიერმა ქვეყნებმა თავს მოახვიეს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა, მაგალითად, საბერძნეთს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დაპირება ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. დგება დრო, როცა მსესხებელი ხედავს - ჩინეთს მიენდო, პეკინი კი ძალიან ძვირადღირებულ, მაღალპროცენტიან კრედიტს აძლევს. მსესხებელს სხვა გზა არ აქვს, კრედიტს იღებს, თან ვალდებულია ჩინური კომპანიები თავის ეროვნულ ეკონომიკაში მიიწვიოს, რაც პეკინთან მისი თანამშრომლობის სარგებლიანობას ძირს უთხრის. ჩინური კომპანიების დახმარებით პოლონეთში ავტომაგისტრალის მშენებლობამ ფიასკო განიცადა. ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის რკინიგზის ხაზის მშენებლობა შეჩერებულია. ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად უჩივიან ჩინურ ინიციატივას "16+1" რომლის ჩარჩოებში პეკინი აღმოსავლეთ ევროპის 16 სახელმწიფოსაგან კომერციულ და სხვა პრივილეგიებს ითხოვს.

ბრიუსელი ხედავს, მაგრამ ზომებს არ იღებს, ჩინურ ტაქტიკას კი პეკინისათვის დიპლომატიური დივიდენდები მოაქვს: 2016 წლის ივლისში უნგრეთმა და საბერძნეთმა მხარი დაუჭირეს ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ამით ევროკავშირის პოზიციები შეასუსტეს.

2017 წლის მარტში უნგრეთმა უარი თქვა საპროტესტო განცხადების ხელმოწერაზე, რომელიც ოფიციალური პეკინის ქმედებას გმობდა ციხეში ჩაგდებული ჩინელი იურისტების წამების გამო. ჩეხი ექსპერტის მარტინა ჰალას აზრით, პეკინის გრძელვადიანი მიზანი იმაში გამოიხატება, რომ ჩინური სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელის ევროპაში ექსპორტი მოახდინოს. ერთპარტიული უძლიერესი სახელმწიფოს ხელისუფლების ხელში ბაზრის მექანიზმები მხოლოდ უბრალო ინსტრუმენტებია.

დღეს რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათ შორის კავშირები მტკიცდება, მაგრამ ეკონომიკურ ძლიერებაში უდიდესი დისბალანსის გამო მოსკოვსა და პეკინს შორის ნამდვილი და სერიოზული ალიანსი შეუძლებელია. ამიტომაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ჩინეთთან კავშირების გაბმა რუსეთის გავლენის დაბალანსების შანსს წარმოადგენს იმ რეგიონში, სადაც დასავლეთის გავლენა თანდათან მცირდება. ჩინეთი უკვე დაკავებულია საქართველოს ჩაის მოძველებული ინდუსტრიის მოდერნიზაციით, ინვესტიციებს დებს შავი ზღვის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობაში და ქმნის ბიზნეს-პარკებს. ჩინეთი დაინტერესებულია ქართული ღვინითაც. ჩინური ინიციატივა - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ითვალისწინებს ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნას, რომელიც ევროპაში კავკასიის გავლით მიემართება, რაც საქართველოს სატრანსპორტო კვანძად გადაქცევის შესაძლებლობას აძლევს.

თეორიულად ვეროატლანტიკური იმპერიის მიერ შემოთავაზებული თავისუფლება და აყვავება შესაძლოა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში ისინი სულ უფრო მეტად არაორიგინალურნი და შორეულნი ხდებიან". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ