"არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში" - კვირის პალიტრა

"არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში"

ოპონენტების ბრალდებები აბსურდულია, არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯაში ეხმაურება უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ყველაფერი აბურდია.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გეგმავს სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას დასვამს როგორც სამინისტროს, ისე ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად.

“პირველ რიგში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება 2018-2019 წლებში არა რამდენიმე, არამედ სულ მცირე 30 უნივერსიტეტს და მხოლოდ დადებითი ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის პროცესში. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, მიხეილ ბატიაშვილს, ავტორიზაციის პროცესის რეფორმასთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც არის უფრო მეტად თანამშრომლობით პრინციპზე დაფუძნებული და უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული. ამავე მოსაზრებას იზიარებს რექტორთა საბჭოს უმრავლესობა და სწორედ ამ ახალი ხედვის ხელშეწყობას ემსახურება კანონპროექტის ინიცირებაც.

მიუხედავად იმისა, დღემდე წარმატებით გაიარეს თუ არა ავტორიზაცია, უნივერიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. დღეს რადგან სამინისტრო მზად არის ერთიანად შეფასდეს და გადაიხედოს ავტორიზაციის არსებული სისტემა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ განათლების უწყებას ამ პროცესში.

რამდენადაც საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად.

რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს - ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში.

აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდბენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს.

კიდევ ერთხელ - 25 სექტემბერს შეხვედრაზე დეტალურად გავივლით ყველა საკითხს და შევაჯერებთ პოზიციებს”, - აცხადებს მარიამ ჯაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მარიამ ჯაშის მისამართით განცხადება გააკეთა.

„მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.