რატომ არ გაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთგზის ჩემპიონი - კვირის პალიტრა

რატომ არ გაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთგზის ჩემპიონი

"იმ ზონდერებს ოდესმე ჩავხედავ თვალებში და ვკითხავ, რატომ გამიმეტეს ასე?"

"ჩემთვის წიხლების მოქნევით მათ წიხლი ჩასცხეს ყველა ღირსეულ ქართველს"

"სპორტის დეპარტამენტში მითხრეს, ან გაწყვიტე ურთიერთობა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან, ან გადაწყვიტე, რას იზამო. მაგრძნობინეს, ამ წრეში ვერ იქნები, თუკი ოპოზიციას თანაუგრძნობო. პოლიტიკური შეხედულებებისა და ნინო ბურჯანაძესთან მეგობრობის გამო სპორტის დეპარტამენტში კეთროვანივით მექცეოდნენ", - ამბობს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, რომელიც საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს:

- ამ ხელისუფლებისათვის მიუღებელი ჯერ კიდევ მაშინ გავხდი, როდესაც  მადლიერება გამოვხატე ბადრი პატარკაციშვილისადმი, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა ქართული სპორტისთვის. ვფიქრობდი, სპორტი აპოლიტიკური სფეროა, მნიშვნელობა არა აქვს, პოლიტიკურ შეხედულებებს, მთავარია, ჩემს ერს ვემსახურო და ქვეყანას ჯანსაღი მომავალი გავუზარდო-მეთქი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სპორტიც ისეთივე პოლიტიზებული აღმოჩნდა, როგორიც ყველა სხვა სფერო.

როდესაც ქალბატონი ნინო მოსკოვში წავიდა, ხელისუფლების დავალებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის - სპორტსმენებსა და ხელოვანებს, კომენტარი გააკეთებინეს, თუ რაოდენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთთან საუბარი. როგორც ტიტულოვან სპორტსმენს, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა, დამეგმო რუსეთთან ურთიერთობა და მეთქვა, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა ჩემთვის მიუღებელი იყო.

ვუთხარი, თუ ჩვენი მთავრობა კრემლს ვერ ელაპარაკება, ის უნდა ელაპარაკოს, ვისაც შეუძლია. ნინო ბურჯანაძე კი არ უნდა დავგმოთ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მეზობლებთან ურთიერთობა აღვადგინოთ-მეთქი. ამით ამოიწურა ჩემთან  ლაპარაკი. როდესაც ქალბატონი ნინო თბილისში დაბრუნდა, საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და რუსეთში ჩასვლის მიზეზი აუხსნა, მიწვეულებს შორის  მეც ვიყავი. ამას მეორე დღესვე მოჰყვა დეპარტამენტის ადმინისტრაციის რეაქცია, - მითხრეს, რომ ასეთ შეკრებებზე არ უნდა ვიარო.

დეპარტამენტში დაურეკავთ, არ უთქვამთ, ვინ დარეკა, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი კაცის ნება-სურვილით ხდება, კარგად იცით. ამ ის მერე დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელი გავხდი. ჩემი ქვეყანა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს. იმის გამო, რომ მე ნინოსი მჯერა და ვიღაცას - მიშასი, ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ? ზოგი მინისტრი იმდენი წლისაა, რამდენიც ჩემი ქვეყნის სასახელოდ მიასპარეზია. ათასი ჭირ-ვარამი გადავიტანე დევნილ მოსახლეობასთან ერთად და  სამშობლოს სიყვარულს ვერავინ  მასწავლის.

რაც სახელმწიფოსაგან გამაჩნდა როგორც მსოფლიო ჩემპიონს, მოქმედ სპორტსმენსა და მწვრთნელს, ყველაფერი წამართვეს. თუმც მწვრთნელობა ოფიციალურად არ ჩამოურთმევიათ. დეპარტამენტს განცხადებით მივმართე, მწვრთნელად უჯამაგიროდაც ვიმუშავებ, კვირაში ორ-ორი დღე თითო საათი მომეცით, რომ სპორტსმენები ვავარჯიშო-მეთქი, მაგრამ ჩემი განცხადება ნაგავში მოისროლეს.

- სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ვარჯიშებს არ ატარებდით.

-  ყველა შანსი ამომიწურეს, რომ მემუშავა და აქეთ მედავებიან? რადგან ვერ "მომათვინიერეს", არც ჩემი გამოცდილება უნდათ, არც პროფესიონალიზმი და მგონი, არც ის, რომ ფიზიკურად ვარსებობ.

სპორტსმენს ვერ ამიკრძალავენ სპორტულ დარბაზში მისვლას და პირობას ვაძლევ, აუცილებლად ვიქნები მწვრთნელი და ჩემს გამოცდილებას მომავალ თაობას გავუზიარებ. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის.

- მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე უარი რა მიზეზით გითხრეს?

- მთელი წელი ვემზადებოდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ახლა ამბობენ, ლუკა კურტანიძე მთავარი მწვრთნელი იყო და უფლება არ ჰქონდა შეჯიბრებაში მონაწილეობისო. თუ ასეა, რატომ შემივსეს ანკეტები ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ხურვალეთის ამბებამდე? სჯობს, მოილაპარაკონ და სხვადასხვა განცხადებას მაინც ნუ აკეთებენ თავის გასამართლებლად. ხელისუფლებას არ უნდა, ისევ მოვიგო და ხალხს თავი შევახსენო.

ჩემნაირების მოკვეთა სჭირდებათ და არა ჩემგან აღებული მედალი. ღმერთია მოწამე, ქვეყანას მთელი ჩემი არსებით ვემსახურებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სიყვარულის ნაცვლად შეურაცხყოფას მივიღებდი.

- რადგან ხურვალეთი ახსენეთ, იქნებ გვითხრათ, რა მოხდა იქ, რამდენადაც ვიცი, დევნილებთან ბურჯანაძის შეხვედრისას დაშავდით?

- ხელისუფლებამ ხურვალეთში რამდენიმე ათეული გონებადაბნელებული კაცი დაგვახვედრა. Eგანსაკუთრებით აქტიურობდნენ გამგებელი, მამასახლისი და ისინი, ვინც ამ რეჟიმს ჰყავს მოსყიდული.

ჩვენ სიმსივნით დაავადებულ ადამიანთან მივდიოდით, იქაური დევნილების მდგომარეობა გვაინტერესებდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე შეიძლებოდა ქართველის ქართველზე დაგეშვა. გზა სატვირთო მანქანით ჩაგვიკეტეს და შეგულიანებული ხალხი მოგვისიეს "მიშა! მიშას!" ძახილით. არც მოგვისმინეს, კვერცხებისა და ქვების სროლა დაგვიწყეს. ვინც მიცნო, ვუთხარი, რადგან მოსმენა არ გინდათ, გავდივართ სოფლიდან და ეს აგრესიული ხალხი გააჩერეთ-მეთქი.

ნინო ადგილიდან არ დაძრულა, უხმოდ უსმენდა ლანძღვა-გინებას. მისი იქიდან გაყვანა რომ დავაპირეთ, ქვებისა და ლოდების წვიმა წამოვიდა ჩვენკენ. ყველა მანქანა დაგვიმსხვრიეს.

ზოგიერთები მანქანებზე შეხტნენ და ისე ამსხვრევდნენ. ამ ყველაფერს სამი გოგონა ვიდეოკამერებით იღებდა. ეგონათ, ჩვენც ხელების ქნევას დავიწყებდით და მერე სამარცხვინო კადრებს ტელევიზიით გაუშვებდნენ,

აქაოდა ბურჯანაძის ხალხმა დევნილებს  სცემესო. ამ დროს უკან ჩამოვრჩი და მთელი აგრესია ჩემკენ წამოვიდა. ისე მლანძღეს, ცოცხალი და მკვდარი არ დამიტოვეს. არ მიცხოვრია ისე, რომ დედა მაგინონ და გარდაცვლილი მამა შეურაცხყონ. ხელი რომ გამექნია, შეიძლება ტრაგედია დატრიალებულიყო, გამძვინვარებულ ბრბოსთან დაპირისპირება არ შეიძლებოდა. ყველა აფექტში იყო, ზოგი ნასვამი, ზოგს არ ვიცი, რა სჭირდა.

ჩემთვის წიხლების მოქნევით მათ წიხლი ჩასცხეს ყველა ღირსეულ ქართველს. ვუთხარი, უღირსად იქცევით, ეს არ შეგრჩებათ-მეთქი. სასიკვდილოდაც გამიმეტეს, უზარმაზარი ლოდი ჩამარტყეს კისერში. იმან გადამარჩინა, რომ ნავარჯიშები ვარ,  თორემ თუ არ მოვკვდებოდი, სამუდამოდ დავინვალიდდებოდი.

იმ ზონდერებს ოდესმე ჩავხედავ თვალებში და ვკითხავ, რატომ გამიმეტეს ასე? ქართველები ერთმანეთის ჭამით ვერ გავძეხით და ამით გვინდა ქვეყანა ერთიანი და ძლიერი გავხადოთ? გერბში ტყუილად გვიწერია, ძალა ერთობაშიაო.

ქვეყანას ვერც ლიტონი სიტყვები გადაარჩენს და ვერც გონებადაბინდული ხალხი. ქართველი კაცი ოდითგან ღვთის მონა იყო და არა ხელისუფლისა. ამან გადაგვარჩინა. თუ ერთი კაცის მონები გავხდებით, ვერც ჩვენი ქვეყნის პატრონობას შევძლებთ.