"მე ჩემი ქვეყნის ისტორიას ისეთს ვიღებ, როგორიც არის, ქართველები კი ცდილობთ საბჭოთა წარსული საერთოდ ამოჭრათ"
22-09-2018
"მე ჩემი ქვეყნის ისტორიას ისეთს ვიღებ, როგორიც არის, ქართველები კი ცდილობთ საბჭოთა წარსული საერთოდ ამოჭრათ"
სექტემბრის დასაწყისში თბილისში რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის დაფინანსებით ფორუმი გაიმართა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ღონისძიება კრემლის პროპაგანდის იარაღად მიიჩნია. არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა სამი რუსი გამომსვლელის საქართველოში არშემოშვებასაც - როგორც შსს-მ განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დაარღვიეს.

სამთაგან" ერთ-ერთი, რუსი პოლიტოლოგი და მოსკოვის საერთაშორისო მეცნიერებათა სახელმწიფო­ ინსტიტუტის მეცნიერი
თანამშრომელი ალექსეი ტოკარევი, აცხადებდა, რომ საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ შემოუშვეს, რომ აერიათ ნტვ-ს ჟურნალისტში, რომელიც მისი სეხნია აღმოჩნდა. "კვირის პალიტრა" ალექსეი ტოკარევს ესაუბრა, გთავაზობთ
ამონარიდებს.

- ჩვენთან პრეტენზიები არსებობს, მაგალითად, იმაზე, რომ პასპორტები დავარიგეთ, და ეს ნახსენებია ტალიავინის ანგარიშშიც, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც კონფლიქტის გაღვივებას შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართულ სუვერენიტეტს - ამის მაგალითია აფხაზეთის ბლოკადა. ეს შავ ლაქად რჩება რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში. ამას გარდა, რუსეთმა
იტვირთა ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფლის ფუნქცია და იქ განთავსდნენ რუსი მშვიდობისდამცველი დანაყოფები. მახსოვს ფოტო, რომელზეც პრეზიდენტ ელცინს ხელი აქვს ჩაკიდებული როგორც პრეზიდენტ შევარდნაძისთვის, ასევე პრეზიდენტ არძინბასთვის და ვფიქრობ, ეს ძალიან სიმბოლური, ძლიერი დატვირთვის მქონე ფოტოა. ამას გარდა: რუსეთი იყო მოდერატორი ძალაუფლების გადაცემის პროცესში "ვარდების რევოლუციის" დროს, სწორედ იგორ ივანოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დასვა ერთ მაგიდასთან, ერთი მხრივ, სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, მეორე მხრივ კი შევარდნაძე. ივანოვი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იღვწოდა, როდესაც მასთან ერთად მოსკოვში გაფრინდა ასლან აბაშიძე - სწორედ რუსეთმა შეუწყო ხელი ქართული სუვერენიტეტის განმტკიცებას აჭარაში -იმ დროს აჭარა, ფაქტობრივად, არა რეგიონი, არამედ სათავადო იყო.

- უნდა შეგაწყვეტინოთ, თორემ მალე იმასაც განაცხადებთ, რომ "ვარდების რევოლუციაც" და აჭარიდან აბაშიძის გაძევებაც რუსეთის მიერ იყო ორკესტრირებული და ამისთვის დიდი მადლობა უნდა გითხრათ. იმდენ რამეში არ გეთანხმებით, რომ თუ თითოეულ თქვენს თეზისზე შევჩერდით, ამას რამდენიმე საგაზეთო წერილი დასჭირდება. მაგრამ ერთი და უმთავრესი: თქვენ აცხადებთ, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელი და მოდერატორი იყო ამ საკითხებში - მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ადეკვატური ქართველი და მეტიც, მთელი განვითარებული მსოფლიო რუსეთს არა მოდერატორად, არამედ არქიტექტორად მიიჩნევს იმ ტრაგიკული პროცესებისა, რაც ამ რეგიონებში მოხდა... და ვფიქრობ, თუ ადამიანი რუსეთს ამ რეგიონში მშვიდობისმყოფლად მიიჩნევს, მაშინ მასთან დისკუსია არ ღირს, ამიტომ სხვა თემაზე გადავიდეთ. რას ფიქრობთ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სპიკერის, ბატონი მალაშენკოს ფრაზაზე, სადაც მან თქვენი და თქვენი კოლეგების დეპორტაციის ინციდენტს საბჭოთა პროვინციალიზმი უწოდა?
- საქართველო სუვერენული ქვეყანაა და სრული უფლება აქვს, ვინც უნდა, ის შემოუშვას ქვეყანაში, ამ უფლებას ვერავინ წაგართმევთ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, არსებობს კარგი საბჭოთა კავშირი და ცუდი საბჭოთა კავშირი. ბრიყვული საბჭოთა პროვინციალიზმის მაგალითსაც გეტყვით - ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, დამასმინა, შემდგომ კი "ფეისბუკზე" შემომივარდა, მაგინა და ჩემი ქვეყანა გალანძღა - აი, ეს ნამდვილად არის საბჭოთა პროვინციალიზმი.

- ირონიულად არ გეჩვენებათ, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელსაც მთელი განვითარებული სამყარო საბჭოთა კავშირის იდეურ მემკვიდრედ მიიჩნევს, სხვას სდებთ ბრალს საბჭოთა მენტალობის ქონაში?
- ბატონ მალაშენკოს განცხადებებს ვერ განვსჯი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის აღდგენას, აქ ყველაზე უპრიანი იქნება პრეზიდენტ პუტინის შეფასება მოვიხმო, ვისაც საბჭოთა კავშირის დაშლაზე გული არ სწყდება, მას გული არ აქვს, ხოლო ვისაც საბჭოთა კავშირის აღდგენის იმედი აქვს, მას ტვინიო. ეს ფრაზა სრულყოფილად გამოხატავს ჩემს პოზიციას. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რადგან ეს შეუძლებელია.

- მაგრამ მაინც ოცნებობთ იმ ძველ დროზე... მიგაჩნიათ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიად?
- მე რუსი ვარ და ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩემი ხალხისთვის, რომელიც მან დაანაკუწა. საბჭოთა ისტორიაში იყო შავი ლაქებიც, როგორიცაა, მაგალითად, სტალინის რეპრესიები, მაგრამ იმავდროულად, ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ჯერ მსოფლიოს უმთავრესი ომი მოიგო, შემდეგ კი პირველმა გახსნა ფანჯარა კოსმოსში. ისტორია შავ-თეთრი ფურცლებისგან არ შედგება, ის მთლიანობაში უნდა აღიქვათ. მე ჩემი ქვეყნის ისტორიას ისეთს ვიღებ, როგორიც არის, აი, თქვენ, ქართველები კი ცდილობთ საბჭოთა წარსული საერთოდ ამოჭრათ. უფრო სწორად იქცევიან სომხები - მათ ჰქონდათ პირველი რესპუბლიკა, შემდეგ მეორე, საბჭოთა რესპუბლიკა, და ახლა აქვთ მესამე რესპუბლიკა. ისინი წარსულზე თვალს არ ხუჭავენ. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)


ადამიანი
22 სექტემბერი 2018 22:51
განსხვავება რა არის იცით? ჩვენ ვამბობთ და ასეც არის, რომ ჩვენი სამშობლო და სახელმწიფო არის საქართველო.ჩვენ არ გვინდა და არც სურვილი გვაქვს, რომ ვლადივასტოკი ან მურმანკი ჩვენი სამშოლოს ნაწილი იყოს. ისინი კი იმაზე დარდობენ თბილისი და ბათუმი რომ აღარ არის მათი სამშობლოს ნაწილი. ანუ ჩვენ და მსოფლიოს უდიდეს ნაწილს რაც მიგვაჩნია ნორმალურად, მათტვის ეს არანორმალური და ტრაგედიაა
ussr
22 სექტემბერი 2018 21:01
ტიპი ჩვეულებრივი პუტინოიდია, ისევე ოცნებობს რუსული იმპერიის (და არა თავად რუსეთის) დაბრუნებაზე როგორც ვალოდია. ის რომ საკუთარ ისტორიას ხართ ცაბღაუწებული, ეგ გიშლით ზუსტად ხელს წინსვლაში, ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ და მიუხედავად ანით უთქმელი განსხვავებისა, ეს პატარა ქვეყანა რუსეთზე წინაა წასული
status quo
22 სექტემბერი 2018 14:07
კარგს იზამთ,თუ რუსები არ ჩამოხვალთ საქართველოში,განსაკუთრებით კი იმპერიალისტურ-შოვინისტურად მოაზროვნეები.

რედაქტორის რჩევით