ქურდული სამყარო და სახელისუფლებო ნომენკლატურა - კვირის პალიტრა

ქურდული სამყარო და სახელისუფლებო ნომენკლატურა

(დასაწყისი "კვირის პალიტრა #33)

"დამსახურებული ჩეკისტი პარტიულმა ბოსებმა იმ ზომამდე მიიყვანეს,  რომ ლენინის მოედანზე თავი მოიკლა"

"ქურდული ბესპრედელი" ანუ "ბრილიანტას" წინასწარმეტყველება

"იმედამ ბევრი კარგად შენიღბული ბანდა "დააწვევინა". ქურდები თავს იმტვრევდნენ და ვერ გაეგოთ, საიდან ჟონავდა ინფორმაცია"

"ჩადენილი დანაშაულის ამბავი რომ გაიგო, დედამ შვილისთვის მოსამართლეს სასჯელის უმაღლესი ზომა მოსთხოვა"

რას იხსენებს პოლიციის გენერალ-მაიორი, ერთ დროს თბილისის პოლიციის შეფი და საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზეიკიძე

პოლიციის გენერალ-მაიორმა დავით ზეიკიძემ  მოგვითხრო, საბჭოთა პერიოდში როგორ შეეზარდა ერთმანეთს ქურდული სამყარო და სახელისუფლებო ნომენკლატურა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შს ორგანოს თანამშრომლებისთვის ზოგიერთი საქმის გახსნა (რომელთა ჩამდენ ქურდებსაც ხელისუფლება მფარველობდა) სახიფათო გახდა.

- სტალინის სიკვდილის შემდეგ  საბჭოთა მმართველობის იერარქიული კონტროლი შესუსტდა. Aამან ხელ-ფეხი გაუხსნა ჩინოვნიკებს, პარტმუშაკებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც ხელი თაფლის კასრში ჰქონდათ ჩაყოფილი. 70-იანი წლებიდან ხელისუფლების მასობრივი კრიმინალიზაცია დაიწყო. თითქმის ყველა მაღალჩინოსანს "კორუფციის უკურნებელი სენი" შეეყარა.

1972 წელს საქართველოს ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ კორუფციას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. ხალხს იმედი გაუჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად ძველი ჩინოვნიკების ახლებით ჩანაცვლებით დასრულდა. კორუფციასთან ბრძოლა მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო. დაბალი რანგის საზკვების მუშაკებსა და მაღაზიის გამყიდველებს უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. არავის აწუხებდა 10-15 კაპიკის გამო გაუბედურებული ქალები. მათ, ვინც ქვეყანას მართლაც აზარალებდნენ, გავლენიანი პირები მფარველობდნენ.

ორგანიზებულმა ეკონომიკურმა დანაშაულმა ქურდების "კონსტიტუციის" ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია.

1974 წელს ქართველი ქურდების ინიციატივით კისლოვოდსკში საკავშირო ქურდების "სხადნიაკი" ჩატარდა. ერთადერთი საკითხი იყო განსახილველი - ქურდებისთვის ნება უნდა დაერთოთ, კომბინატორებს წილში ჩასხდომოდნენ. "სხადნიაკზე" აზრი ორად გაიყო. ძველი თაობის ქურდი "ბრილიანტა", რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, წინააღმდეგი იყო.  "ბრილიანტაზე" ლეგენდები დადიოდა. მასზე ფილმიც არის გადაღებული, ციხეებსა და ბანაკებში გაატარა სიცოცხლის დიდი ნაწილი.

"ბრილიანტა" წითელ ზონაშიც, სადაც ადმინისტრაცია და აგენტურა თანამშრომლობენ, რომ შეეყვანათ, ზონა "შავდებოდა".

"ბრილიანტა" ამტკიცებდა, უშრომელი შემოსავლებით გაზულუქებული ქურდები "სპიაჩკები" (ის, ვინც ქურდობაზე აიღო ხელი) გახდებიან, ქურდობა მათი სულიერი მოთხოვნილება კი არა, პროფესია გახდებაო. "ბრილიანტასაგან" განსხვავებით, ქართველი ქურდები ამტკიცებდნენ, ქურდული "ობშჩიაკი" რაც უფრო მდიდარი იქნება, მით ძლიერი და ხელშეუხებელი გახდება ქურდული სამყაროო.

თავის ცხოვრებაში პირველად "ბრილიანტა" უმცირესობაში აღმოჩნდა. უმრავლესობამ ქართველი ქურდების წინადადებას დაუჭირა მხარი და "კანონიერ ქურდებს" უფლება მიეცათ, კომბინატორებისაგან ყოველთვიურად "შავი შემოსავლების" წილი მიეღოთ.

რადგან ხელისუფლება გახრწნილი იყო, ქურდებს მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ, ვიდრე პარტიულ თუ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს. მატერიალურად მომძლავრებული ქურდები ზნეობის ეტალონებად იქცნენ.

ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ადამიანებისა და მანქანების გატაცება ისე გახშირდა, მილიცია დანაშაულის აღრიცხვას ვერ ასწრებდა. სამართალდამცავებმა ისე დაკარგეს ავტორიტეტი, დაზარალებულები საქმის მოსაგვარებლად ქურდებს აკითხავდნენ, მათკენ სავალ გზებს დაზარალებულებს ხშირად მილიციაც უთითებდა. მაგალითად, ასე შეიქმნა დაკარგული მანქანების ქურდების მეშვეობით გამოსასყიდი ორგანიზებული ქსელი, რომლის შტაბბინაც ლოტკინზე იყო.

ქურდის შეგონება

თბილისის სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ 5 წელი გერმანიაში ვიმსახურე, მერე ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე. ერთხელაც მითხრეს, პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოხვიდეო. მეც გამოვედი და ვთქვი, საბჭოთა არმიას საძირკველში სიდამპლე შეეპარა-მეთქი. წარმოგიდგენიათ ასეთი განცხადება 1972 წელს?! ჩემი დევნა დაიწყო. იძულებული გავხდი, სამხედრო კარიერა მიმეტოვებინა.

ჩამოვედი თბილისში და  იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მილიციის სამმართველოში რომ მივედი, კადრების უფროსმა მკითხა, ქურდების დაჭერა იციო? საიდან მეცოდინება-მეთქი. ჯიბგირებთან ბრძოლის განყოფილებაში რიგითად გამამწესეს. მერე რომან გვენცაძემ გადამიყვანა ქურდობა-ყაჩაღობასთან ბრძოლის განყოფილებაში.

დამწყებ მილიციელს ძალიან დამეხმარა ერთი კანონიერი ქურდი. რადგან აგენტის ვინაობის გამჟღავნება არ შეიძლება,  მოდი, პირობითად იმედა დავარქვათ. იმედა შსს-ს გამოცდილმა  ჩეკისტმა სერგო მამულოვმა დაითანხმა თანამშრომლობაზე. მამულოვი კომპრომატებზე მუშაობდა და ამის წყალობით მიიმხრო იმედა, რომელიც  ცნობილი, გავლენიანი ქურდი იყო, საქართველოს მასშტაბით ქურდების პირველ ათეულში შედიოდა.

იმედამ ბევრი კარგად შენიღბული ბანდა "დააწვევინა". ქურდები თავს იმტვრევდნენ და ვერ გაეგოთ, საიდან ჟონავდა ინფორმაცია. იმედა ისეთი სახელიანი ქურდი იყო, მასზე ეჭვსაც ვერ აიღებდნენ.

პენსიაში გასვლის შემდეგ სერგო მამულოვმა დამირეკა და პაემანი დამინიშნა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. უცებ მან უცნობ მამაკაცს მოუხმო. ჭარმაგი მოხუცი მოგვიახლოვდა, ძალიან თავდაჯერებული ჩანდა. ეს ჩემი უახლოესი მეგობარია და შენ გაბარებო, მითხრა მამულოვმა. ჩვენს ენაზე ამას აგენტის გადმოცემა ჰქვია. ზოგიერთი უღირსი პოლიციელი თუ შეაწუხებს, იმედა არავის დააჩაგვრინოო.

ერთ დღესაც დეზერტირების ბაზართან პროდუქტს ვყიდულობდი და იმედას გადავეყარე. ამ დროს მოხუცი ქალი აკივლდა, საფულე ამომაცალესო. ბაზარში ალიაქოთი ატყდა. ხალხი შეიკრიბა და მილიციის ლანძღვას მოჰყვნენ. შევწუხდი. უცებ  იმედამ ერთი სიმპათიური ქალი დამანახა, ეგ არის ქურდი, დააკავეო. ქალი ისეთი ელეგანტური და მომხიბვლელი იყო, შევყოყმანდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავუჯერე იმედას.

ქალს ჯიბიდან ნაქურდალი საფულე ამოვუღე. ამის მერე მე და იმედა მეტად დავახლოვდით. ერთ დღეს ვკითხე, მამულოვი როგორ დაგიახლოვდა-მეთქი. იმედამ მიამბო: ერთ ახლობელ ქურდს "ობშჩიაკში" შესატანი დიდი თანხა გავატანე, მაგრამ ფრაერი (გამოუცდელი ქურდი) იყო და გზაში მოკლეს. ფულის დაკარგვის გამო ქურდები შემომედავნენ. საქმე "სხოდკაზე" გაარჩიეს, საფრთხე მელოდა. არ ვიცი, როგორ გაიგო მამულოვმა, მაგრამ იმ ქურდზე, რომელიც მედავებოდა, კომპრომატები შემომთავაზა.

ჩემს მოდავეს მოკლულ ქურდთან პირადი ინტერესი ჰქონია, თურმე მის ცოლს ჰყვარობდა. საქმეც მას მიუცია მკვლელისთვის. მკვლელობა იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იმ ქურდს ფული გავატანე. ჩემი მოდავის საყვარელმაც, გარდაცვლილი ქურდის მეუღლემაც, დაადასტურა ყველაფერი და ის ქურდი ისეთ დღეში აღმოჩნდა, თავი მოიკლა.

მარილზე გაუშვეს იმ ქურდის მკვლელიც. მე და მამულოვი ამის შემდეგ დავახლოვდითო, - მითხრა ქურდმა.

არ გეშინია, ამ საიდუმლოს რომ მეუბნები-მეთქი, ვკითხე. ამ ამბის ყველა მონაწილე მკვდარია. რომც ვაღიარო, ეს ჩავიდინე-მეთქი, არ დამიჯერებენ, რადგან დაზარალებული არ არსებობს, თან დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გამცემთო (იცინის). შენც თუ დამიჯერებ, არასოდეს გაგიჭირდება, სამსახურში მუდამ წარმატებული იქნებიო, - მითხრა იმედამ. მერე მანქანის უკანა სავარძელში ჩაჯდა, სადაც გეტყვი, იქ წამიყვანეო.

რამდენიმე წუთში მანქანა ვორონცოვზე, მოდელების სახლთან გამაჩერებინა. მოპირდაპირე მხარეს აფთიაქთან ბიჭები შეკრებილიყვნენ. - ესენი "კანონიერი ქურდები" არიან. ფული და ძალაუფლება მაგათ ხელშია, ვისაც სად უნდა, იქ დანიშნავენ, ვისაც უნდათ, მოხსნიან. ახლა  რომ უსაქმოდ არიან დაყუდებული, საღამოს პარტმუშაკებთან ერთად ღრეობენ და პოკერით ერთობიან.

წადი და ეჭიდავე. ისე გაგაუბედურებენ, საიდან დაგარტყეს, ვერ გაიგებ. დამნაშავეობას რომ ებრძოლო, ჯერ დანაშაულის ჩამდენს  უნდა იცნობდე. ამიტომაც დაიმახსოვრე, ამ ბიჭებიდან ორი ცალკე რომ დგას, ერთი "წუროა", მეორე - "წიე", პატარა და გამხდარი "ჯეკოა", ჩასუქებული "კარლიკა". ავტობუსის გაჩერებასთან გია დათუნაშვილი და არსენა მიქელაძე დგანან. აქ ყოველთვის ასეთი რია-რიაა, მანქანები მოდიან და მიდიან.

ჩაინიშნე ავტომობილების მარკა, ფერი და ნომრებიც და კარტოთეკაში შეიტანე, უთუოდ გამოგადგება. ქურდებს როცა იცნობ, მათი სტუმრების აღრიცხვა გაგიადვილდებაო, - მითხრა იმედამ და თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსის, ძლიერიშვილის ამბავი გაიხსენა.

ერთხელაც ძლიერიშვილმა გადაწყვიტა, ებრაელი ვაჭრები თვითონ გამოევლინა და ერთ ებრაელთან ფეხსაცმლის საყიდლად მივიდა. ის იყო, ქალს საქონელი უნდა გამოეტანა, რომ ქმარმა იცნო ქალაქის "მთავარი მილიციელი" და ძლიერიშვილს უთხრა, - დაგენაცვლე, ჩვენ ვაჭრები არა ვართ, მაგრამ ასეთ პატივცემულ სტუმარს ხელცარიელს ხომ არ გაგიშვებთ, წავალ, უბანში მოვიკითხავ და ფეხსაცმელს გიშოვიო. ძლიერიშვილს იმედი გაუცრუვდა და წავიდა. ებრაელმა კი ცოლს უსაყვედურა, ხელმძღვანელ მუშაკებს უნდა იცნობდეო. ამიტომაც ცუდი არ იქნება, თუ ქურდები სახეზე შენც გეცოდინებაო.

იმედამ მასწავლა, როგორ უნდა მებრძოლა დამნაშავესთან, როგორ ამელაპარაკებინა. ეს არც ისე იოლი იყო. ზოგი ქურდი ისეთი განათლებული იყო, ბარე ორ პროფესორს ჩაისვამდა ჯიბეში. ასე რომ, იმედას დარიგება არაერთი დანაშაულის გახსნაში დამეხმარა.

მას შემდეგ, რაც დამნაშავეთა სამყარომ კომბინატორებისაგან წილების აღება დაიწყო და სახელისუფლებო ნომენკლატურას გაურიგდა, ავტორიტეტი დაკარგა. Mმოხდა ის, რაც  70-იან წლებში იწინასწარმეტყველა "ბრილიანტამ".

"კანონიერი ქურდები" ჯიბგირებსა და ქურდბაცაცებს ვეღარ აკონტროლებდნენ. ვინც "კანონიერ ქურდებს" არ ემორჩილებოდა, აღარც დაუწერელ წესს იცავდა, რომ პარტიული მაღალჩინოსნის ან პოლიციის თანამშრომლის ოჯახს არ უნდა შეხებოდნენ. ამის გამო იყო, რომ თვით ალექსი ინაურსაც კი გაუტეხეს ბინა, გაქურდეს მისი მოადგილის, მაისურაძის ბინაც.  იყო უფრო სასტიკი დანაშაულებიც. ვაკეში კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილის, დოლიძის მეუღლე ყაჩაღმა ბინის ძარცვის დროს სკამის ფეხით დაახრჩო. ყაჩაღი რუსთაველი იყო, გვარად ადამიანი. დანაშაული მალე გაიხსნა.

დამნაშავემაც აღიარა ჩადენილი და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზეც გაიმეორა. შვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის ამბავი რომ გაიგო, დედამ მოსამართლეს მოსთხოვა, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. თავად დედამ გამოუტანა შვილს სასიკვდილო განაჩენი.

ქურდების მოლოცვა

1985 წელს შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს. ცეკას პირველ მდივნად ჯუმბერ პატიაშვილის მოსვლის შემდეგ დასაწინაურებელთა სიაში მოვხვდი, - თბილისის კრიმინალური მილიციის ქვეგანყოფილების უფროსად დამნიშნეს. პირად შემადგენლობასთან პირველ თათბირს ვატარებდი, როდესაც სამმართველოს მორიგემ მაცნობა, წერეთლის პროსპექტზე ტყუპი და სამმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა გაძარცვაო. ასე მომილოცეს ქურდებმა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველი დღე.

ტყუპი დის ბინის კარზე ქერათმიან ლამაზ გოგოს დაურეკავს, დედათქვენს კონცერტის ბილეთები მოვუტანეო. კარის გაღებისთანავე სახლში სამი ნიღბიანი ახალგაზრდა შევარდნილა. დები ძირს დაყარეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს და სააბაზანოსკენ წაათრიეს. ამ დროს ერთ ყაჩაღს ნიღაბი ჩამოუვარდა. ძალიან ლამაზი ბიჭი იყოო, მითხრა ერთმა დამ. მძარცველებმა წაიღეს ოქროულობა და 10 ათასი მანეთი, რომლითაც მათი მამა "ჟიგულის" ყიდვას აპირებდა.

თვე ისე გავიდა, ბურუსით მოცული ძარცვის საქმე წინ ვერ წავწიე. ჩემი საქმიანი რეპუტაცია საფრთხის წინაშე იდგა. ერთ დღესაც დებს უნივერსიტეტის ეზოში დაუნახავთ ძარცვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი და მილიციას დააკავებინეს. ეჭვმიტანილი სასტიკად იყო ნაცემი.

პარკეტით ნაცემ-დაჟეჟილ ფეხებს გაჭირვებით დაათრევდა. ვურჩიე, დანაშაული ეღიარებინა. რაც გნებავთ, დაწერეთ და ხელს მოვაწერო, - მითხრა შეშინებულმა. ყაჩაღობა მე არ ჩამიდენია. წამებას ვეღარ გავუძლებ, მოვკვდები. თავის მართლებას აზრი არა აქვს, დებმა "ამომიცნეს", ბინიდანაც იმ სისტემის იარაღი ამომიღეს, რაც ნამდვილმა დამნაშავეებმა გამოიყენეს. ვინ დამიჯერებს, რომ იარაღი მამის დანატოვარიაო.

მოულოდნელად კარი ერთმა გამომძიებელმა შემოაღო, კიდევ ერთი მოწმე მოგიყვანეთ, რომელსაც დების ბინის გაძარცვამდე ეჭვმიტანილთან მოსვლია შელაპარაკება. მოწმემ ნაცემი ახალგაზრდა ვერ ამოიცნო, თუმც თქვა, ძალიან ჰგავს ერთ-ერთ მძარცველს, სხვაობა მხოლოდ ხმასა და მეტყველებაშია, ეს "რ"-ს რბილად, "ლ"-სავით წარმოთქვამსო. ეს დამატებითი დაკითხვისას დებმაც გაიხსენეს.

დაკავებულ ბიჭს ძარცვის მუხლი მოუხსნეს, მაგრამ მართლმსაჯულებას მაინც ვერ გადაურჩა, იარაღის უკანონოდ შენახვისთვის ორი წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით ნამდვილი დამნაშავეებიც დავაკავეთ.

ერთ დღეს ჩემმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად შემატყობინა, ლოტკინის მილიციის უფროსის თანამდებობაზე გიპირებენ გადაყვანას, რაღაც ხდება და არ დათანხმდეო.   უნარიანი თანამშრომელი არ სჭირდებოდათ, თავიდან მიშორებდნენ.

სამმართველოს ხელმძღვანელობამ ამ თანამდებობაზე მაინც წარმადგინა და სასწრაფოდ დამამტკიცეს. მიზეზი "ვალიუტჩიკის" ბინის ჩხრეკისას ამოღებული წიგნაკი გახდა, რომელშიც მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ შეძენილი ძვირად ღირებული ნივთების დასახელებები იყო ჩამოწიკწიკებული. სიის არსებობის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. გამცემის გასარკვევად ქექვა აღარ დავიწყე. ამ საქმის ღიად დატოვებაც არ შეიძლებოდა...

არცთუ დიდი ხანი იყო გასული, რაც ანალოგიური სიის გამო თბილისის ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი, დამსახურებული ჩეკისტი მიხეილ მაჭავარიანი ყოვლისშემძლე ჩინოვნიკებმა და პარტიულმა ბოსებმა იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ლენინის მოედანზე თავი მოიკლა.

არ მოსწონდათ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის დროს ბევრი თანამდებობის პირი გააფუჭა, ამას სიაც დაემატა და კაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. დარწმუნებული არ იყვნენ, რომ მაჭავარიანი სიას არ გაამჟღავნებდა და გაწირეს. თვითმკვლელობით მაჭავარიანმა ის ძირმომპალი სისტემა ამხილა, სადაც პატიოსანი ადამიანი არ ფასობდა. ასეთივე საფრთხე მეც მელოდა.

მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე, "ვალიუტჩიკის" ბინიდან ამოღებული წიგნაკი თანამშრომლების თანდასწრებით დამეწვა. ინფორმაცია საჭირო ადგილამდე ასე უფრო მივიდოდა.

მეც მაჭავარიანივით მიმიყვანეს თვითმკვლელობამდე, როდესაც წარმოუდგენელი რამეები დამაბრალეს. ბაგრატიონის ძეგლთან მომხდარის შემდეგ რესპუბლიკის პროკურორი ბაბილაშვილი, მისი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი და შს მინისტრი გაჰყვიროდნენ, ზეიკიძემ ქურდი ტატუნაშვილი მოკლა, ბიზნესმენი ძმები ტატიშვილები და პროკურორი ჯანაშია გაიტაცაო. გია გულუასა და მიშა ქურდაძის მკვლელობაც რომ არ დაებრალებინათ, თავს მართლაც მოვიკლავდი.

მარი ზანდუკელი

(გაგრძელება იქნება)