"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები" - კვირის პალიტრა

"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები"

"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი," - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი. მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა, ზურგში დგომა და დახმარება. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა. ამისი მე არ შემეშინდება, როგორც არ მეშინია ზუგდიდში ჩამოსვლის. წარსული ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ იმაზე, რაც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ყველასთვისაა მოცემული - ბუნება, სიმდიდრე, ნიჭი. აქ, სამეგრელოში კარგად იცით რას ნიშნავს ნიჭი. ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული, იმიტომ რომ, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ. მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, "უცხოურ პრესაში იბეჭდება საზიზღრობები ჩემს შესახებ, ვითომ ამით ჩემ დისკრედიტაციას მოახდენენ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაახლოებით 60 წელია მიცნობენ"

"სასაცილოა, მაგრამ ამით ჩემ დისკრედიტაციას ნაკლებად, მაგრამ საქართველოს დისკრედიტაციას ეწევიან. ვითომ ეს ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ. ეს არის ის, რაც წერია - შეიძლება ყველას არ გაქვთ წვდომა ამ პრესაზე, რომელიც იბეჭდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურაბიშვილს უთხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ინეტრესების მატარებელია და მას არ აქვს უფლება კეჭი იყაროს საქრათველოს პრეზიდენტად.