ძალაუფლება და სიმთვრალე... - კვირის პალიტრა

ძალაუფლება და სიმთვრალე...

როგორია პოლიტიკოსთა პოლიტიკური ფსიქოლოგია, როგორ მუშაობს პიარი და რა შედეგს იძლევა "მოლაპარაკე თავების" ეფექტი

პოლიტიკური ფსიქოლოგია გულისხმობს პოლიტიკოსებისა და მისი გარემოცვის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, თავისებურებებს, ყველაფერს, რაც მოქმედებს პოლიტიკაზე, მათ შორის იმ ხალხის ფსიქოლოგიაზეც, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი მართავს. როგორია ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოლიტიკური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ვისაუბრებთ.

- პოლიტიკა, ფაქტობრივად, ძალაუფლების სფეროა, ძალაუფლება კი ისევე ცვლის ადამიანს, როგორც, დავუშვათ, სიმთვრალე. არიან ისეთებიც, რომლებიც ერთნაირად იკითხებიან - ყოფაშიც და პოლიტიკაშიც ერთნაირი ხასიათი აქვთ. ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა.

- ვინ გახსენდებათ ასეთი? - ჩერჩილი, პრაქტიკულად, რა ხასიათიც ჰქონდა ყოფაში, იგივე გაჰყვა პოლიტიკაშიც. აი, ჰიტლერი სხვა ტიპი იყო ახალგაზრდობაში, როცა სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მერე კი სულ სხვა ტიპად წარუდგა საზოგადოებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნოფსიქოლოგიას. გერმანელი და ინგლისელი ერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გერმანელი ერი ჰიტლერს ბოლომდე გაჰყვა, ინგლისელებმა კი ომში გამარჯვებული ჩერჩილი გადაირჩიეს. ასე რომ, ერზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, პოლიტიკოსს ერი აყალიბებს. პოლიტიკოსი ყოველთვის უწევს ანგარიშს, რა უნდა ხალხს, როგორ შეიძლება იმართებოდეს ის.

თუ ხალხი ავტორიტარული მეთოდით იმართება და დემოკრატიის კულტურა არა აქვს, უნდა თუ არა, პოლიტიკოსიც ავტორიტარი, დიქტატორი უნდა გახდეს. ამიტომაც ჩივიან რუსები, ჩვენ ივანე მრისხანე, პეტრე პირველი, მერე ლენინ-სტალინი და ა.შ., სულ დიქტატორები გვყავდაო, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონ რუსი ერი კარნახობს მართვის იმ სტილს სათავეში მოსულთ. არ იყო დიქტატორი ნიკოლოზი და კი ვნახეთ, როგორ დაუმთავრდა ცხოვრება...

ჩვენც ვჩივით, ბოლო პერიოდში არც ერთი მთავრობა არ მოგვწონებია, ყველა გალანძღული გვყავს, მაგრამ ხშირად ჩვენ ვკარნახობთ მათ იმ მოუწესრიგებლობას, შეცდომებს, რომელთაც სჩადიან.

- პოლიტიკაში მოსული პიროვნება ყოველთვის უფრო ძლიერი და სრულფასოვანი ჩანს, რადგან მისთვის იმიჯმეიკერების დიდი ჯგუფი მუშაობს... - პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებაა სიძლიერე. დღეს ის ცდილობს აჩვენოს, რომ მოწესრიგებულია, კარგი მეოჯახეა. მაგალითად, ამერიკელებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამომრჩეველზე მაღლა დადგომა წამგებიანია, არ აგირჩევს და ამიტომ,"მეც თქვენისთანა ვარო, ხშირად გაიძახის. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შინაგანად დიქტატორი იყოს, ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იცხოვროს პოლიტიკაში.

პოლიტიკოსს სჭირდება მუშაობა პიარზე. არმიასთან ერთად უდაბნოში მიმავალ ალექსანდრე მაკედონელს მუზარადში ჩასხმული წყალი მიუტანეს, მან კი არ დალია, გადაღვარა - მეც ჯარისკაცებივით უწყლოდ ვიქნებიო. ვფიქრობ, პიარის კარგი მაგალითია. პიარის კომპონენტია ისიც, რომ ნაპოლეონმა თავისი ყველა ჯარისკაცის სახელი იცოდა. "მე თქვენისთანა ვარ", ძალიან სჭირდება მხედართმთავარს.

მას შემდეგ, რაც პოლიტტექნოლოგიები გავრცელდა, მთელი ჯგუფებია, რომლებშიც პიარის, საზურთიერთობის, დიზაინერების, ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად, ტექსტების დამწერები, პოლიტკონსულტანტები და სხვები მუშაობენ.

დიზაინერების არმია მუშაობს, თუ რა ძირითად სიმბოლიკას უნდა დაეყრდნოს პოლიტიკოსი. მაგალითად, თუ აგრესიული პოლიტიკა უნდა, წითელი ფერი უნდა წამოსწიოს, თუკი მშვიდობიანი - ლურჯი. შემთხვევითი არ არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლურჯი ფერი აირჩია თავისი სიმბოლოს ძირითად ფერად. მისი წინამორბედის ფერებში წითელი ჭარბობდა.

როგორ გამოიყურება პოლიტიკოსი, ესეც დასაგეგმია... ჩვენთან ხშირად პიარი ესმით როგორც საარჩევნოდ აქტუალური თემა, რაც არასწორია. ის დრო, რასაც პოლიტიკაში ატარებს პოლიტიკოსი, პარალელურად პიარზე ფიქრსაც უნდა მოახმაროს. რეიგანი, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ამერიკის ისტორიაში, ყოველ დღეს თავისი ადმინისტრაციისა და პიარის ხელმძღვანელებთან ერთად ყავის სმით იწყებდა.

- საქართველოში გადმოვინაცვლოთ. - პიარი ხომ რეკლამის ნიშნებს ატარებს. თუ გვეტყვიან, ეს ტორტი გადასარევიაო, მაგრამ ტორტს გავსინჯავთ და არ მოგვეწონება, იმ რეკლამას აღარ დავუჯერებთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს პიარში რამდენად ტყუი. შეიძლება ადამიანი ისეთი სიმპათიური არ არის, როგორადაც წარმოაჩენ, ცოტათი აჭარბებ, მაგრამ ძალიან თუ გადააჭარბე, შენი სიტყვა უფასურდება. ეს დაემართა წინა ხელისუფლებას. იმდენად იყო გადართული პიარზე, რომ მერე მისმა პიარმა დაკარგა ძალა. მეორე უკიდურესობა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. დასაწყისში ჩათვალა, რომ მის შესახებ მისი საქმეები ილაპარაკებდა და პიარი არ სჭირდება.

- ეს შეცდომა იყო? - დღევანდელი ხელისუფლება ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ხალხმა არ იცის. პიარის შეცდომაა ისიც, რაც ამ დღეებში მოხდა - როდესაც ცხვირწინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ხელისუფლებას მარიხუანის ექსპორტზე გატანის თემა არ უნდა წამოეჭრა. ძნელი იქნება მოსახლეობის დაჯერება იმაში, რომ მარიხუანას ოფიციალური გაყიდვიდან შემოსავალი წამლებისა და კოსმეტიკისთვის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ის რისკი, რაც შეიძლება მარიხუანასთან იყოს დაკავშირებული.

- დღევანდელ ხელისუფლებაში ვის ჰყავს ძლიერი პიარკამპანია? - კალაძეს. თითქმის ყოველდღე რაღაც ინიციატივით ჩანს მედიასივრცეში. თუმცა შეიძლება შეცდომა იყო ის, რომ იტალიაში მისი მეუღლის მშობიარობის აფიშირება მოხდა. მაღალი თანამდებობის პირი უნდა გვაჩვენებდეს, რომ მას სჯერა თავისი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, მისი მედპერსონალის. ამავე ლოგიკით გაიძახის ივანიშვილი, მე საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო. რატომ ამბობს ამას, გასაგებია - იმიტომ, რომ ოპოზიცია გაჰკივის, იყიდა საქართველო"ან გაყიდა საქართველოო,"მაგრამ, მეორე მხრივ, თუ შენ ამ ქვეყნის გჯერა და სხვა ბიზნესმენებს ეპატიჟები, თვითონ რატომ არ გაქვს ბიზნესი საქართველოში?! ასეთი ჩრდილში ყოფნის, ანუ უჩინარობის პიარი ჰქონდა სტალინს. ის სხვებს ალაპარაკებდა თავის თავზე, სხვებს ახატვინებდა პორტრეტებს, რომლებიც ყველგან ეკიდა. მის არყოფნის სურათს სხვებისგან მიწოდებული ინფორმაციით ავსებდა. ივანიშვილსაც შეეძლო დარჩენილიყო ლეგენდად, რომელიც წლების განმავლობაში მისმა ქველმოქმედებამ შექმნა, შეეძლო ეს უკვე შექმნილი ლეგენდა დაეტოვებინა და არ ჩართულიყო ინტერვიუებში, დიალოგებში და ა.შ. სხვათა შორის, რაღაც ეტაპზე მან ისევ ძველი სტილი აირჩია და ჩრდილში დაბრუნდა. თუმცა გვიანი იყო - მოსახლეობისთვის ის უკვე ხელშესახები, რეალური ადამიანი გახდა და არა ლეგენდა.

მერე ჩათვალა, რომ პოლიტიკაში ჩართვას სჭირდება ადამიანებთან ურთიერთობა, სიტყვით გამოსვლა... საჯარო გამოსვლებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სხვანაირად უნდა აწყობილიყო პიარსტრატეგია. უკეთესად უნდა ყოფილიყო მომზადებული ინტერვიუებისთვის და ამით შეექმნა თავისი იმიჯი. ახლა ადვილად აფუჭებენ ამ იმიჯს, სწორედ იმიტომ, რომ პიარი არ არის ამუშავებული საკმაო ხარისხით და ეს თვითონაც დაიჩივლა ბოლო ინტერვიუში, ჩემი პარტია არ მიცავსო.

პიარს შემსრულებლებიც ჰყავს, მათ "მოლაპარაკე თავებს" ეძახიან. ისინი შეიძლება იყვნენ საზოგადოების, პოლიტიკის ამა თუ იმ წრის წარმომადგენლები, ან თვითონ ის პოლიტიკოსი, რომელზეც ვლაპარაკობთ. ივანიშვილის პიარზე მოლაპარაკეების რაოდენობა მცირეა, თან მარტივი და უინტერესო. გაიძახიან, ივანიშვილმა გარდატეხა შეიტანა, გავლენიანი ფიგურააო, მაგრამ კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის დროს ისევ ივანიშვილის ინტერვიუ იძლევა ეფექტს.

- სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი "ქაჯები მიდიან" მისი პიარი იყო თუ დაუფიქრებელი ფრაზა? - როცა სააკაშვილმა მას მინისტრის თანამდებობა დაატოვებინა, საღამოს მისცა ინტერვიუ, ქაჯები უნდა წავიდნენო. ეს მოსახლეობას გულზე მოხვდა. იპოდრომზე საპროტესტო აქციაზე რომ დაიბარა მოსახლეობა, გაივსო იქაურობა. ამ შედეგით ცხადი გახდა, რომ პიარეფექტი მიღწეული იყო. რა მექანიზმით მიიღო ეს შედეგი, შესაძლოა თვითონაც არ იცის. ხშირად პოლიტიკოსები პიარს კარგი ინტუიციის წყალობით აკეთებენ, ვიდრე გათვლებით. ახლა ზურაბიშვილს გათვლაც მოუწევს და ამიტომ გაიჟღერა ისევ "ქაჯების" თემამ.

- "ქაჯებმაც" გაიჟღერა და ჟურნალისტების ლანძღვამაც... - კი, მაგრამ ჟურნალისტების ლანძღვა მთლად პიარში არ ეწერება. ჟურნალისტი არის ის, ვინც უნდა გაგიწიოს პიარი. მეორე მხარეცაა - თავის დროზე ჟურნალისტებთან მკაცრი იყო ტრამპი, მაგრამ მაინც მოიგო არჩევნები. გააჩნია, როგორ გათამაშდება მთლიან კამპანიაში ჟურნალისტებთან სიმკაცრე. შეიძლება დადებითად გათამაშდეს, იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია თვითონ ჟურნალისტების რეიტინგი. საქართველოში ჟურნალისტებს იმ კატეგორიის ხალხად თვლიან, რომლის სიტყვას დაეჯერება და რომლის პროფესიონალიზმი მაღალი დონისაა? სამწუხაროდ, ბევრი ასე არ თვლის. თქვენ ნუ გეწყინებათ, "კვირის პალიტრას" კარგი რეიტინგი და სტრატეგია აქვს და ეს შედეგებშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ფერი აირჩიეთ დიზაინში, სიყვითლე არ გაქვთ ჟურნალისტურ სტილში. არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტების კრიტიკა არ აღმოჩნდეს ზურაბიშვილისთვის წამგებიანი.

- რა შეცდომა დაუშვა მან? - თვლიან, რომ შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომში ქართველები დაადანაშაულა. პიარის თვალსაზრისით შეიძლება არ იყოს ეს სწორი. გააჩნია, ამ სიტყვებს შემდეგში როგორ გამოიყენებს. "ქართულმა ოცნებამ" ამ საკითხზე თქვა, ჩვენც იგივე პოზიცია გვაქვსო. ეს პიარჟესტი იყო - გაუმყარეს პოზიცია, თუკი "ქართული ოცნების" და გინდ ზურაბიშვილის რიტორიკა წავა იმისკენ, რომ ამ ფორმულაში, ძირითადად, სააკაშვილის შეცდომა ითვლებოდა და არა ქართველი ხალხისა... იქნებ ზურაბიშვილის ეს ფრაზა არა რუსეთისთვის, არამედ დასავლეთისთვის იყო ნათქვამი, რათა დაენახებინა, რომ ამ საკითხთან დამოკიდებულებაში დასავლური სტილი აქვს - თავის წილ დანაშაულსაც აღიარებს, მაგრამ რუსულ დანაშაულზეც არის აქცენტი.

- ხომ ვთქვით, პოლიტიკოსი იმ ხალხის ეთნოფსიქოლოგიასაც უნდა ითვალისწინებდეს, რომლის მართვასაც გეგმავსო, ჩვენ კი რუსეთი ვახსენეთ, დასავლეთი, ქართველები - არა... - ქართველის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, სულ უნდა, რომ აქონ. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კრიტიკული იქნება ქართველი ზურაბიშვილის მიმართ და მიიღო კიდეც მან კრიტიკული დამოკიდებულება.

- სხვა კანდიდატებზე რას იტყვით? - მგონი, გადამწყვეტი იქნება არა ცალკეული კანდიდატის სტილი, არამედ ის პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანდიდატებზე იმუშავებენ. შესაბამისად, პარტიების რეიტინგს გაჰყვება შედეგები. ყველაზე ძლიერი "ქართული ოცნებაა", მერე მოდის "ნაცმოძრაობა", მერე "ევროპული საქართველო". თავის დროზე მეორე ვადით არჩევნების დროს ელცინს 6% ჰქონდა, მაგრამ ამერიკელი და რუსი პიარის სპეციალისტების ჩართვით ისე დაიგეგმა ყველაფერი, რომ ელცინს 60% მიემხრო. ვნახოთ, თუ ჩვენი პოლიტიკოსების პიარჯგუფები საუკეთესოდ იმუშავებენ, შესაძლებელია მოსალოდნელი შედეგები შეცვალონ.