სალომე ზურაბიშვილი: "კანაფის დედოფალი არ ვარ"
22-09-2018
სალომე ზურაბიშვილი: "კანაფის დედოფალი არ ვარ"
"ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი", - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება. პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამაში რუსეთის ფაქტორი ფიგურირებს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებებით ცდილობენ დააპირისპირონ ეკლესიასთან, პატრიოტებთან და ზვიადისტებთან.

"ბოლო რამდენიმე კვირაში, რაც დავიწყე საარჩევნო კამპანია ჩემი მისამართით
ისმის ცრუ ბრალდებები. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ
დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ ცრუ ცნობებით. ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი.

ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, იყო და არის, 2008 წელს როგორც არასდროს. ოკუპანტი არის, მაგრამ ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას. კიდევ უნდათ, რომ დამიპირისპირონ ზვიადისტებთან და რომ მოვდიოდი სამეგრელოში, უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა, რომ ნუთუ შენ დაწერეო ის რასაც ავრცელებენო. არა, არაფერიც არ დამიწერია, ეს არის კიდევ ერთი ცრუ ცნობა. არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო. ერთი იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც ამის დაწერას მაბრალებენ, ვიყავი საფრანგეთის დესპანი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, ისიც იცის, რომ ამ დროს არ მაქვს უფლება რამე დავწერო რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ. ეს რომ გამეკეთებინა , მერწმუნეთ, რომ არასოდეს არ ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო
Zuka
23 სექტემბერი 2018 22:00
Kanafit movachreebs chvenshi dedoflebad ar moixseniebdnen, magat sxva saxeli erqvat :)

რედაქტორის რჩევით