"მიუღებელია, როდესაც ბიზნესმენები მედიას ფარად იყენებენ" - კვირის პალიტრა

"მიუღებელია, როდესაც ბიზნესმენები მედიას ფარად იყენებენ"

"სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ისევ ამგვარი განცხადებების გაკეთება თუ დაიწყო, იმპიჩმენტის გამოცხადება გახდება საჭირო"

27 სექტემბერს 25 წელი სრულდება ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი"შავი დღიდან" - სოხუმის დაცემიდან. არაერთი ექსპერტის აზრით, ბოლო წლებში დაშვებული შეცდომები, რამაც 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა, შესაძლოა მნიშვნელოვანწილად იმანაც განაპირობა, რომ ვერა და ვერ მოხერხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს განვითარებული ურთულესი პროცესების სრულფასოვანი ანალიზი და შეფასება. შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება? - ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- იოლია წლების შემდეგ ვარაუდების გამოთქმა და იმის მტკიცება, რომ ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო. ვფიქრობ, 90-იანი წლების დასაწყისში ვითარება ისე გამწვავდა, რომ ამის თავიდან აცილება უკვე ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცდომებზე არ იყო დამოკიდებული პროცესების განვითარება. არსებობდა რუსული დაკვეთა და მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო. ყველაფერი კეთდებოდა საქართველოს დასასჯელად.

ერთი კია, შეიძლება ომი ვერ აგვერიდებინა, მაგრამ, ვფიქრობ, შეგვეძლო უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვსულიყავით ამ ვითარებიდან და პროცესები სხვაგვარად წარმართულიყო. ბევრი ნიუანსი იყო, რამაც ასეთ მძიმე მარცხს შეუწყო ხელი - ღალატიც იყო, გამოუცდელობაც, არაპროფესიონალიზმიც და ა.შ. მაგრამ, იმავდროულად, იყო დიდი გმირობის მაგალითებიც... მინდა ერთი რამ ვთქვა - ვინც სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შესწირა აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს ომებს, თითქმის დავივიწყეთ, მათ მიერ საქართველოს ისტორიაში ჩაწერილი გმირული ფურცელი, ფაქტობრივად, გადაფურცლულია, არადა, მომავალი თაობა თუ ამ ადამიანების ჩადენილი გმირობის მაგალითებზე არ გაიზარდა, ჩვენ მომავალი არ გვექნება.

ერთ ამბავს მოგიყვებით -"საზოგადოებრივ მაუწყებელში" არაერთი სამხედრო ჟურნალისტი მუშაობდა, რომელთაც საქართველოს ეს უმძიმესი პერიოდი ფირზე აღბეჭდეს და მომავალ თაობებს შეუნახეს. რამდენიმე მათგანი დღემდე მუშაობდა. ჯერ იყო და, მიშას მმართველობისას გურამ გორელიშვილი გააგდეს ტელევიზიიდან და ახლა ღამის დარაჯად მუშაობს, ამ დღეებში კი გაუშვეს გოგა ჭყონია, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არაერთი მნიშვნელოვანი კადრი გადაიღო.

ეს ცუდ მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას. რას ვეუბნებით მათ? - შენ შეიძლება სამშობლოსთვის თავი გაწირო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში აღარავის ემახსოვრებიო?! ვასილ მაღლაფერიძემ მშვენივრად იცის, ვინ არის გოგა ჭყონია, მაგრამ მაინც გაუშვა სამსახურიდან. სირცხვილია!

- რამდენიმე დღის წინ მორიგი ფარული აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა, რომლებიც ისევ "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერებში ასახულია თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების მცდელობა. ასევე ლაპარაკია "ფონდში", ანუ მმართველი პარტიისთვის ფულის ჩარიცხვაზეც. ლევან ყიფიანის შემდეგ ჩანაწერებში ახალი ფიგურანტები - ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი გამოჩნდნენ. რას ფიქრობთ ამ აუდიოჩანაწერში მოსმენილ დიალოგებზე? - როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და სანამ ამ საუბრების ავთენტურობა არ დადასტურდება, მტკიცებით რაიმეს თქმა, რთულია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ პროცესში ორივე მხარეს ბევრი ლაქაა. ისიც აშკარად ჩანს, რომ ვიღაცამ მოინდომა ამ ბიზნესში ჩარევა, რაც ძალიან ცუდია. შესაძლოა ბევრს ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ ვერ მოილაპარაკეს და იმიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი სააშკარაოზე. უპირველესად ვიტყვი, რომ

ჩემთვის მთავარია, არ დაიჩაგროს ტელევიზიის თანამშრომელთა ინტერესები. მოგეხსენებათ, ტელეკომპანია "იბერია" ამ ბიზნესზეა მიბმული, მაგრამ მეორე მხრივ, არც ჟურნალისტების ბედით სპეკულაცია მომწონს. მიუღებელია, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები მედიას ფარად იყენებენ და ასე ცდილობენ ვითარებიდან გამოძრომას. ამის მაგალითები სხვაც ვიცით.

ფაქტია, რომ ბიზნესი თითქმის ყველა ხელისუფლების დროს ცდილობდა ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას. შესაბამისად, მმართველი პარტიის შემოწირულობები ასტრონომიულად განსხვავდებოდა და განსხვავდება ოპოზიციის შემოწირულობებისგან. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნებაყოფლობით გადარიცხულ თანხებს არ სჯერდებოდნენ და ბიზნესს დამატებით არეკეტებდნენ. არა მგონია, დღეს ასე მძიმედ იყოს საქმე. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე კონკრეტული ჯგუფი ზეწოლას მართლაც ცდილობდა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს პროცესი ხელისუფლების მაღალი ეშელონიდან არ არის მართული.

სავალალო ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების პარალელურად ჩამოყალიბებულია ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებასა და ბიზნესზე საკუთარი გავლენის გავრცელებას ცდილობენ.

ასე ხდება - ერთხანს ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, იმუშავებენ, მაგრამ რაღაც პერიოდში გაერიდებიან ვითარებას, თუმცა მერე ისევ ამოტივტივდებიან და უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. როგორც წესი, მათ აქვთ გავლენა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შეცვლის შემდეგ უკვე ახალ ჯგუფთან ცდილობენ საერთო ენის გამონახვას. არც ამ ჩანაწერებში ნახსენები "ფონდისთვის" იშურებენ რამეს, ოღონდ კი სახელისუფლებო ეშელონებში საკუთარი გავლენები გააძლიერონ.

საბოლოოდ ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად აპარპაშებს მათ, რამდენად ეცდება მათ გამოყენებას და ზოგჯერ ფონს იოლად გასვლას. დღეს ამგვარი პრობლემები აშკარაა. თუ ხელისუფლებამ არ დაუსვა წერტილი გარკვეული გავლენიანი დაჯგუფებების პარპაშს, ცოტა ხანში მივიღებთ ქვეყანას კორუმპირებული მმართველობის წესით.

- "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რათა საქართველოში უფრო დამოუკიდებელი სასამართლო შექმნილიყო. სასამართლოს რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს. საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღისთვის და ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია. ამიტომაც მსურს მოვუწოდო პარლამენტს, რათა იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხედველობაში მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ხედვები, მათ შორის, ჩვენიც, რომელთაც წვლილი შეიტანეს რეფორმების მეოთხე ტალღის მოსამზადებელ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და დააჩქაროს ეს პროცესი, დაასრულოს რეფორმების მეოთხე ტალღა", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "პალიტრანიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. - როცა ამ რანგის დიპლომატი რომელიმე საკითხზე ასე საჯაროდ ლაპარაკობს, ჩათვალეთ, რომ ამას ძალიან მკვახედ ამბობს კულისებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირისპირ დარჩენისას. არ გამოვრიცხავ, რომ ახლახან აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრისთვის მართლმსაჯულების პრობლემებზე დახურული შეხვედრებისას მკაფიოდ მიეთითებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე ყველაზე ნაკლები ბრალი მას მიუძღვის.

ერთიცაა, იმდენად ჩამყაყებულია ვითარება სასამართლო სისტემაში, წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება უახლოეს მომავალში რამის არსებითად შეცვლა.

"ქართულმა ოცნებამ" უმთავრესი შეცდომა ის დაუშვა, რომ სასამართლო სისტემა არ შეცვალა და ის მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არათუ გაუშვეს სისტემიდან, არამედ დააწინაურეს კიდეც.

ეს არ უნდა მომხდარიყო. სამართალდამცავ სტრუქტურებში არ უნდა დარჩენილიყვნენ ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კანონს არღვევდნენ, რის შედეგადაც იმ რეჟიმს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, არაერთს გაუნადგურდა ჯანმრთელობა, განადგურდა მორალურად... ჩემი აზრით, კოაბიტაციის ეს ფორმა უმახინჯესი იყო, ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. მოსამართლეების ნაწილი, რადგან ძველი დანაშაულები შერჩა, თვლის, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. მათ მონანიებითაც არაფერი მოუნანიებიათ, ისე აპატიეს.

- სულ უფრო ცოტა დრო რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე. როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე შექმნილ ვითარებას და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის შანსებს, რომელიც გამუდმებით სკანდალებში ეხვევა? - პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რაოდენ არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოა საქართველოში. ჩვენი საზოგადოება მეტად პოლიტიზებულია, თუმცა პოლიტიკური სპექტრის მიმართ საკმაოდ ნიჰილისტურად არის განწყობილი. ფაქტობრივად, ამ კანდიდატებიდან არც ერთს პირადი პოლიტიკური რეიტინგი არა აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მოცემულობა უკვე ცნობილია, მათ არ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, მაგრამ მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს. ამას აქვს თავისი ლოგიკა. მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის პოლიტიკასთან შეურიგებელი ემიგრანტების ოჯახიდან და დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ამგვარი ლოგიკით არის განპირობებული - ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდასავლური პოზიციის კანდიდატს, რომელსაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრობლემა არა აქვსო.

თუმცა პირველივე ნაბიჯების გადადგმისას საპრეზიდენტო კანდიდატის ამპლუაში სალომე ზურაბიშვილმა არაერთი შეცდომა დაუშვა. ის საკმაოდ ჯიუტი და ხისტი პოლიტიკოსია, ზოგ შემთხვევაში ზედმეტად უკომპრომისოც. ერთია, მის მიერ დაშვებული შეცდომები და მეორე ის შავი პიარი, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლამის იმდენი ქნან, რომ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერად აქციონ. უკვე იმდენი ტყუილი თქვეს, სხვისი გაშავების ხარჯზე საკუთარი შავი წარსულის გათეთრებას ისე ცდილობენ, საზოგადოების ნაწილს სასტიკად აღიზიანებენ.

დავუბრუნდეთ სალომე ზურაბიშვილის შეცდომებს. ჩემი აზრით, ყველაზე არასწორი იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადება, როდესაც ბრძანა, ომი საქართველომ დაიწყოო, მერე სცადა გამოსწორება და დაზუსტება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ ნეგატიურ რეზონანსს, რაც მოჰყვა პირველ განცხადებას.

ვერც სალომე ზურაბიშვილს და ვერც ვერავის დავეთანხმები, რომ ომი მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ომი დაიწყო რუსეთმა და ამას ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი. სააკაშვილმა შეიძლება იცოდა, რა ხაფანგს უგებდნენ და შეგნებულად გაყო თავი მასში, მაგრამ ომს საქართველო ვერანაირად ვერ დაიწყებდა. რაც შეეხება ეკლესიის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, მასში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რასაც მეც არ ვეთანხმები.

- თუმცა ვნახეთ, რა მკაცრი განცხადებები გააკეთეს სასულიერო პირებმა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამღვდელოების წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიაში "ამ დონეზე არ უნდა ერეოდნენ"... - მიუხედავად იმისა, რომ ვარ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, უაღრესად გულმხურვალე მხარდამჭერი და მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი იდეის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი მღვდელმთავრის პოზიცია უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. სრულიად გაუგებარია ზოგიერთი მათგანის ზღვარგადასული აქტიურობა და საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების ხაზგასმა. ერთ-ერთმა მათგანმა წყევლა-კრულვაც შეუთვალა ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. აბსოლუტურად სწორად ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა - პოლიტიკური განცხადებებისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონო!

იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი არ ყოფილა, თუმცა აგვისტოს ომის მისეული შეფასება ნამდვილად კარგად გამოიყენა რუსულმა მედიამ. ამის დაშვება არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით სახიფათოა ეს განცხადებები იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესები გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული სტრასბურგსა და ჰააგაში.

ამგვარი შეფასებების გამოყენებას რუსეთი აუცილებლად შეეცდება. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ისევ ამგვარი განცხადებების გაკეთება თუ დაიწყო, იმპიჩმენტის გამოცხადება გახდება საჭირო.

- კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საზოგადოების ნეგატიური რეაქცია და საპატრიარქოს წინააღმდეგობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს გაიწვევენ პარლამენტიდან... - ამ ინიციატივის გახმაურება ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და წამგებიანი იყო. სრულიად გაუგებარია ჩემთვის ეს ნაბიჯი. ერთ-ერთი ვერსიით, ამის უკან დგას ბიზნესჯგუფი, რომელიც პირადი ინტერესების გათვალისწინებთ ცდილობდა ამ ინიციატივის დაკანონებას. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ეს ინიციატივა თითქოს ქვეყნის გარედან გარკვეული ჯგუფების სურვილით იყო განპირობებული. ვერც ერთზე ვერ დავდებ თავს და ვერც უარვყოფ. ერთი კია, უმრავლესობის ზოგიერთ წევრთან საუბრისას მივხვდი, რომ მათ ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ინიციატივაზე და ძალიან აღშფოთებულიც იყვნენ. როგორც ყოველთვის, აქაც მედალს ორი მხარე აქვს. ჩემთვის ამ ინიციატივამდეც იყო ცნობილი, რომ კანადაში ასეთი პლანტაციები არსებობს, ახლა გაირკვა, რომ კანაფი მოჰყავთ ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. ეკონომიკურად ეს შეიძლება ძალიან მომგებიანიც არის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სხვაგვარი მომზადება, ახსნა-განმარტება, რეგულაციების იმგვარად დაწესება, რომ არავის არაფერში შეეპაროს ეჭვი. ჩვენთან უკუღმა სცადეს ამის გაკეთება, ჯერ კანაფის მოყვანის ინიციატივა გაახმაურეს და კანონპროექტზე დაიწყეს ლაპარაკი, მერე კი კანაფისა და მარიხუანის მოხმარების რეგულაციებზე გახურდა მსჯელობა.

საზოგადოების დიდი ნაწილი, ეკლესიის წარმომადგენლებიც, ყველაზე მეტად აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ ჩვენ არავინ არაფერი გვკითხა და პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. კარგია, რომ საზოგადოების პროტესტი ადეკვატურად აღიქვეს და უკან დაიხიეს.

- კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს - ხელისუფლება ძალიან ხშირად დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელსაც უკმაყოფილება მოსდევს და შემდგომ უკან იხევს. კანაფის მოყვანის ინიციატივაზე უკვე ვილაპარაკეთ, ამ პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა მეხორბლეთა პროტესტი, რასაც ისევ ხელისუფლების უკან დახევა მოჰყვა. ერთი შეხედვით, თითქოს კარგია, ხელისუფლება საზოგადოების აზრს რომ ითვალისწინებს, მაგრამ ასეთი გაუთვლელი და მცდარი ნაბიჯები მას ხომ აზარალებს? - საკითხი აბსოლუტურად სწორად დასვით. ვიღაცისთვის ხელისუფლების ქცევა გაუთვლელი ნაბიჯია, ვიღაცისთვის - ლობისტური ჯგუფების ნამუშევარი, რომელთაც ბევრი რამ გასდით და ამიტომ საზოგადოებრივი აზრი სულ არ ანაღვლებთ. შეიძლება ორივე ფაქტორიც მუშაობს, თუმცა ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი - არაპროფესიონალიზმი იმ გუნდისა, რომელიც ხელისუფლებაშია. სამწუხაროდ, ჩემთვის ერთი რამ ნათელია - ეს გუნდი არ არის მონოლითური და არც იმაზე ორიენტირებული, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები არ ანაცვალოს ასეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მეხორბლეთა ამბავს, როდესაც სახმელეთო გადაზიდვების შეზღუდვა დააპირეს, ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ამაში ლობისტური ჯგუფების ინტერესები იყო. რაც უნდა იმართლოს ხელისუფლებამ თავი, ნამდვილად ვერავის დაგვაჯერებს, რომ ასე არ არის.

საბოლოოდ, ყოველივე ეს სასაცილო ვითარებაში ამყოფებს ხელისუფლებას, რომელიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შემდგომ კი ცვლის. გაუაზრებელი ნაბიჯები ხელისუფლების იმიჯს ანადგურებს, მით უფრო ურტყამს ახალჩამოყალიბებულ მთავრობასა და ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც, როგორც ვხედავ, ძალიან დიდი გეგმები აქვს, მაგრამ წყალში ჩაეყრება, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა.