"შესაძლოა "ევროპული საქართველო" მართლაც "ოცნების" სასარგებლოდ შეიქმნა" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა "ევროპული საქართველო" მართლაც "ოცნების" სასარგებლოდ შეიქმნა"

"სატელიტია ყველა ის პარტია, რომლებიც "ნაცმოძრაობის" შექმნილ ბლოკში არიან გაერთიანებული. იქ შემავალი არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის დამოუკიდებელი სუბიექტი, არ გააჩნია საკუთარი რეიტინგი და უბრალოდ ილუზიას უქმნიან ამომრჩეველს, თითქოს ვაშაძის გვერდით ბევრნი არიან"

პიარტექნოლოგიის რომელი სქემებით მოქმედებენ პოლიტიკური პარტიები და, ნებსით თუ უნებლიეთ, ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რატომ იმართება მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის და ვინ შეიძლება დაიკავოს ეს "საპატიო" ადგილი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" პიარტექნოლოგიის ექსპერტი და სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა.

- დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, მაგრამ ვინ მიიღებს მასში სალომე ზურაბიშვილთან ერთად მონაწილეობას, საკითხავი ეს არის. არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში მეორე ადგილის პოზიციიდან გავიდეს... ალბათ, ეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს გაააქტიურებს და საბოლოოდ მაინც სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მეტოქე დავით ბაქრაძე იქნება, თუმცა ჯერჯერობით მასზე უკეთ გრიგოლ ვაშაძე გამოიყურება. მეორე ტურში დავით ბაქრაძის გამოჩენა "ოცნების" მომხრეების მობილიზებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, ამომრჩეველი იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვისი გამარჯვება არ უნდა. არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს და იმას აძლევდნენ ხმას, ვინც მოსწონთ. რას ვიზამთ, პიარტექნოლოგიის ეს ხერხი (ამომრჩეველს გადაწყვეტილება მიაღებინო იმის მიხედვით, თუ რომელი ძალის მოსვლა არ უნდა ხელისუფლებაში) ისევ ძველებურად ჭრის.

- არის მოსაზრება, რომ "ქართული ოცნება" ბაქრაძის გამარჯვებას შეუწყობს ხელს. - ეს უფრო "ნაცმოძრაობის" რიტორიკას ჰგავს. მისთვის "ევროპული საქართველო" ბევრად მიუღებელია, ვიდრე "ქართული ოცნება". კვლევები, პოლიტიკური პროცესის დინამიკა მიუთითებს, რომ "ევროპული საქართველო" ნელ-ნელა შთანთქავს "ნაცმოძრაობას". თუ "ნაცმოძრაობა" დაემშვიდობება მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს, ეს ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანიზაციის შანსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. "ევროპული საქართველო" ზოგჯერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოხატავს პოზიციებს, მათ შორის სააკაშვილის თაობაზე. ასევე, "ევროპულმა საქართველომ" ჩაიბარა კომისია, რომელიც სარალიძის საქმეს იძიებს, ესეც ნიშანდობლივია. ე.ი. ეს პარტია არ გავიდა ქუჩაში, არ შეუერთდა საპროტესტო ტალღას, რომელიც ხალხს სისტემის დემონტაჟისკენ მოუწოდებდა.

- შეგიძლიათ განიხილოთ პოლიტიკური სპექტრი და გვითხრათ, ვინ ვისი მოკავშირე და სატელიტია ამ არჩევნებზე, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას უწყობს ხელს? - შესაძლოა "ევროპული საქართველო" მართლაც "ოცნების" სასარგებლოდ შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მმართველი პარტიის შექმნილია ან მისი სატელიტია. კარგად ვიცით, რომ არსებობდა რატიანი-ბოკერიას ფრთის კრიტიკული დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. მმართველ ძალას შეეძლო სათავისოდ გამოეყენებინა რაღაც ფაქტორი, მაგრამ ის ვერასდროს იქონიებდა იმედს, რომ "ევროპული საქართველო" სტაბილურ და ლოიალურ პარტნიორად დარჩებოდა. პირიქით, "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" თუ დაინახეს, რომ მმართველი პარტია სუსტდება, მის წინააღმდეგ გაერთიანებას კვლავაც მოახერხებენ.

ჩემი აზრით, სატელიტი არის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რეიტინგი 1%-ს არ აღემატება. ეს არის პარტია, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება და მიზნები, მთლიანად ერთ პარტიაზეა ჩამოკიდებული. ამ განსაზღვრებით, სატელიტია ყველა ის პარტია, რომლებიც "ნაცმოძრაობის" შექმნილ ბლოკში არიან გაერთიანებული და მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ. იქ შემავალი არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის დამოუკიდებელი სუბიექტი, არ გააჩნია საკუთარი რეიტინგი და ა.შ. ისინი მხოლოდ ილუზიას უქმნიან ამომრჩეველს, თითქოს ვაშაძის გვერდით ბევრნი არიან.

- "ქართული ოცნების" სატელიტად ან მის სასარგებლოდ მოქმედ ძალად ვის მიიჩნევთ? - სატელიტად არა, მაგრამ "ქართული ოცნების" ერთი ფრთის თანამოაზრედ შეიძლება მივიჩნიოთ "პატრიოტთა ალიანსი". ეს ფრთა "ქართულ ოცნებაში" ტრადიციულ-კონსერვატიული ფრთაა. მას აქვს დამოუკიდებელი რეიტინგი, დაფინანსება, ბევრ საკითხში მმართველ პარტიას აკრიტიკებს. "პატრიოტთა ალიანსის" დამოკიდებულებას "ოცნების" მიმართ შევადარებდი "ნაციონალებისადმი" ლეიბორისტების დამოკიდებულებას. ამ უკანასკნელთა კრიტიკის ობიექტი დიდი ხანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილია, "ნაციონალებზე" კი აუგს არაფრის დიდებით არ ამბობენ.

- არასამთავრობო ორგანიზაციებზე რას გვეტყვით, ვინ რომელი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს? - საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აშკარად ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობენ - მათ ისეთი აჟიოტაჟი ატეხეს თუნდაც საოლქო კომისიებში წევრების დანიშვნაზე, რომ მათმა აქტიურობამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა - ადანაშაულებდნენ ცესკოსა და საოლქო კომისიების მაღალი რანგის წევრებს, რომ თავიანთ ნათესავებს, თანაკლასელებსა და მეგობრებს ასაქმებენ. ამ დროს კანონში არსად წერია, რომ მეგობრისა და ნათესავის დანიშვნა არ შეიძლება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივი სივრციდან გავიდნენ, აი, მმართველი პარტია კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თითქმის ვერ მუშაობს, ვერც ტექნოლოგიებისა და ვერც პოლიტიკის დონეზე.