"ჩხარტიშვილს უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით" - კვირის პალიტრა

"ჩხარტიშვილს უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით"

"დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს"

ბოლო დღეებში გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მისი ის ეპიზოდია, რომელშიც, სავარაუდოდ, "ომეგას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და "თბილისის თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბარში ახსენებენ "მეგობარ ოთარს", მის "უფროსს, ფონდს, რომელიც თურმე იგივე პარტია ყოფილა, სადაც მოგების 50% უნდა წავიდეს და ა.შ. ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილს იმის დასტურად მოჰყავს, რომ მისთვის ხელისუფლება ფულის გამოძალვას ცდილობდა და ტელეკომპანია "იბერიის" დათმობას სთხოვდა. ვანო ჩხარტიშვილის თქმით კი აუდიოჩანაწერებში ასახული საუბარი 2 წლის წინ შედგა თავად ოქუაშვილის თხოვნით და ბიზნესმენები მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს ბაზარზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ. ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ჩანაწერების შინაარსი საგანგაშოა და ეს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

- არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება... არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე. ამ ჩანაწერებით უბრალოდ იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ, რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზება და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა...

კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, საქართველოში თამბაქოს ბიზნესი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა კლანის ინტერესის საგანს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ჩემი აზრით, ჩანაწერში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას გაუჩნდა სურვილი, ორი საწარმოსგან მონოპოლია შეექმნა, შემდეგ უკვე სიგარეტის იმპორტი დაებლოკა და ამის მისაღწევად კონკრეტული პირების სახელს იყენებდა ან შესაძლოა მათი ნებართვითაც მოქმედებდა. ქვეყნისთვის ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ეს არის სამწუხარო რეალობა. არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ივანიშვილია დაინტერესებული თამბაქოს ბიზნესით, რადგან ეს რომ ნდომოდა, სხვაგვარად შეეძლო გაკეთება - მას საწყისი კაპიტალიც აქვს, იმპორტზე მუშაობაც შეუძლია და წარმოებაც, მაგრამ ფაქტია, რაც ხდება, ხდება ივანიშვილის სახელით ან მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როდესაც, მისი სახელით მოქმედებდნენ და მის სახელს იყენებდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს და მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს კაცი ხომ ქართველი საზოგადოებისთვის 90-იანი წლებიდან დღემდე სწორედ საეჭვო სქემებთან ასოცირდება.

- აუდიოჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სახელები გაჟღერდა, მაგალითად, მამაცაშვილის.... - ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მის უნებართვოდ ხდებოდა, მაშინ რაიმე რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმეზე ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა, შესაძლოა არასრული ან არასწორი, მაგრამ ექნებოდა.

- ჩანაწერში ახსენებენ ფონდს, ანუ პარტიას, სადაც 50% უნდა წავიდეს... - საგანგაშოა, თუ პარტიაში მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!

- ჩანაწერებში "მეგობარი ოთარიც" ფიგურირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. - ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება. ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არის, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდება და განზე გადგება, მერე ისევ გამოჩნდება, მაგრამ მათი საბოლოოდ მოშორება არ ხერხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი, მის სახელს იყენებენ და ამ დროს ის არ არის ოფიციალური პირი. თუ არადა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება...

მთლიანად გუნდი და სისტემაა შესაცვლელი. ვფიქრობდი, რომ ამისთვის დრო წლის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ პროცესები ისე მიდის, დროც აღარაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ხელისუფლებაში მყოფი პირები მოსწრებაზე არიან. ამიტომ დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო, რომ სისტემამ დაბლოკოს ასეთი გარიგებები.

- რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ჩანაწერი, თუ როგორ ესტუმრა ივანიშვილი ჩხარტიშვილს. საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ტელევიზიას ინფორმაცია თავად შეხვედრის მონაწილეებმა მიაწოდეს... - ალბათ, უფრო იმის დემონსტრირებას ცდილობენ, თითქოს არაფერი მომხდარა, ეს ყველაფერი მოგონილია და სულ სხვა თემაზე იკრიბებიან. ვერ წარმომიდგენია, რომ არ ნდომოდათ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, როგორ გავრცელდებოდა. პირიქით, იმის დემონსტრირება სცადეს, თითქოს ეს თემა არ ადარდებთ და მათ არ ეხება, მაგრამ საქმე ის არის, საზოგადოება ამას როგორ მიიღებს. საზოგადოებამ კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ის ხალხიც იყო, ვისაც ფოლკლორის საკითხები ეხება, სწორედ ისე ჩათვალა, რომ მათ ეს თემა გამოიყენეს, რათა შეენიღბათ ის მთავარი, რაზეც საუბარი უნდოდათ. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, მას არ უნდა, რომ მარტო დარჩეს, უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით. ამის უფლებას ივანიშვილი რამდენად მისცემს, თუნდაც პიარისთვის გამოიყენოს მისი სახელი, ეს მალე გამოჩნდება.

- თქვენ სისტემის ცვლილება ახსენეთ. იქნებ ხელისუფლებაში მყოფ პირებს აწყობთ ასეთი სისტემის არსებობა? - შევარდნაძესაც აწყობდა ის სისტემა და ბოლო წლები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გაატარა. სააკაშვილსაც აწყობდა ის სისტემა და ახლა ჰოლანდიაშია. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასაც ასე მოუწევს... დღეს იქნება თუ ხვალ, იძულებული გახდება, უკეთეს შემთხვევაში, მიატოვოს ყველაფერი და წავიდეს... ახლა მთავარი ის არის, რომ მისი ყოფნა იქ არის საჭირო, საიდანაც ქვეყანაში სიტუაცია უნდა დალაგდეს. დასალაგებელი პრობლემა კი, როგორც ვხედავთ, სასიცოცხლოდ კრიტიკულია.

რუსა მაჩაიძე