"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს" - კვირის პალიტრა

"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს"

"გამოდის, ჩვენ ვართ იმდენად ბანძი ერი, რომ ნარკოტიკების მოყვანისა და გაყიდვის გარდა არაფერი შეგვიძლია"

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ალეკო ელისაშვილი, "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამას საკრებულოში ყოფნისას ახლოდან უყურებდა. თუმცა მიაჩნია, რომ ამ ყველაფერმა უკვე სახიფათო ფორმები მიიღო და რადგან ხელისუფლებამ სათანადო დასკვნები ვერ გააკეთა, ძალიან მალე ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

კონკრეტულად, რა პრობლემებს ხედავს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, რას ელოდება ბოლო ამბებიდან გამომდინარე და რატომ არ ჩაერთო საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

- ქვეყანაში ისეთი ქაოსია, რომ გიკვირს, როგორ არსებობს. ხალხი მიტოვებულად გრძნობს თავს, მისი პრობლემები ხელისუფლებაში არავის ახსოვს. ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი და აჭარაში კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე ქურდი ლავასოღლი (იგივე მინდია გორაძე - ავტ.), რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს ქურდი მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, ლავასოღლის უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა და,"ლავასოღლის უნდა შეუთვალო...

ასეთ დღეში ჩავარდა ქვეყანა "ქართული ოცნების""მმართველობის ლამის უკვე მეშვიდე წელს.

- რაში აწყობს ხელისუფლებას, რომ ქურდები მართავდნენ სიტუაციას? - თვითონაც ქურდები არიან და იმიტომ, ოღონდ ხაზინის ქურდები. მათ ნებისმიერ დონეზე - სოფლის საკრებულოთი დაწყებული და პარლამენტით დამთავრებული, ერთადერთი დარდი აქვთ, როგორმე მეტი ფული მოიპარონ. ხან ბაზრის გადანაწილებას ცდილობენ და ხან პარტიისთვის ფულის შოვნას... საკრებულოში ვიყავი და ასეთი რამეები ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულ პირს ხელს ვერ დაადებდი, მტკიცებულება არ გქონდა. ვიცოდით, კონკრეტული პირი კონკრეტული სამშენებლო ნებართვისთვის სტატუსის შეცვლაში რომ ფულს აკეთებდა, მაგრამ ამას ვერ ვამტკიცებდი, რადგან ჩანაწერიც კი არ მქონდა. ბოლო დროს რა ჩანაწერებსაც ვისმენთ, ზუსტად ეს შინაარსი აქვთ - ამას ფული მიუტანე, ის ამას მოაგვარებს, იმას ამისთვის რაღაც უნდა გადაუხადო... ხელისუფლება ამით არის დაკავებული და ხალხს ამიტომ გაახსენდა, რომ პრობლემების მომგვარებლები, საბჭოთა კავშირის დროსაც და მერე 1990-იანებშიც, ქურდები იყვნენ და მიუბრუნდნენ მათ. ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც მათ პრობლემას მოაგვარებს. აი, ასეთ დონემდე დაეცა ქვეყანა - ერთ მხარეს თავზე ხაზინის ქურდები გვასხედან, მეორე მხარეს კი მთავრობა სრულ ბოდვებშია - მარიხუანის პლანტაციის გაშენება უნდა, რომ მაქსიმალური ფული ამოიღოს ამ ქვეყნიდან.

- ეს ქაოსი რეალურად ქაოსია თუ შესაძლოა მმართველ წრეს აწყობს ასეთი ვითარება - იყოს ე.წ. მართული ქაოსი კონკრეტული მიზნებისთვის? - არავითარი მართული ქაოსი არ არის. საკრებულოში სამი წელი მეტს კი არაფერს ვუყურებდი - მერიაც და საკრებულოც მონდომებული იყვნენ - რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებაზე" ვლაპარაკობ, რადგან ოპოზიციას იქ ხელი არაფერზე მიუწვდებოდა, - რომ ერთადერთი რამ გაეკეთებინათ, სანამ თანამდებობებზე იყვნენ, ფული მოეპარათ. ქალაქი წინ წასულიყო, ან ქვეყანა განვითარებულიყო, ამის დარდი არავის ჰქონდა და არც ახლა აქვს.

წელს გონიოში ვიყავი და სააკაშვილმა ხომ გააკეთა ბულვარი, გზა ხომ გამოიყვანა, ბეტონი დააგო და ლამპიონებით გაანათა, ახლა კი 70 ლამპიონიდან მხოლოდ 3 ნათურა ენთო. არ ვაჭარბებ, ზუსტად სამი ნათურა ბჟუტავდა და მთელი ეშხი, რომ ღამით ხალხს ესეირნა, ესეც დაიკარგა. გონიოს გამგებელი კი, ალბათ, დარბის, რომ ფული იშოვოს და ვინმეს მიწა ან ქონება თაღლითურად მიჰყიდოს.

- მოსახლეობა ამ ყველაფერს რატომ ითმენს? - ძალიან მალე გაწყდება სადღაც და ყველაფერს წალეკავს. ხელისუფლებამ ორჯერ მკაფიო გაფრთხილება მიიღო, რომ ხალხს ყელში აქვს ყველაფერი ამოსული - ერთხელ, როდესაც ღამის კლუბების გამო გამოვიდნენ ქუჩაში და მეორედ სარალიძის ამბის გამო. ჩემი აზრით, მესამე გამოსვლა უკვე პირველივე ცხარე მიზეზით იქნება და თუკი ამ ხალხს სათავეში ჩაუდგებიან არა კუპრავები და ვიღაცები, მაშინ არ ვიცი, ამ ხელისუფლებიდან ვინ გაასწრებს და ვინ დარჩება. აშკარაა, მათ სარალიძის მხარდამჭერი აქციებიდან დასკვნები ვერ გამოიტანეს, თორემ იმას ვერ გააკეთებდნენ, რასაც დღეს აკეთებენ, რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, უკვე ნარკოტიკების პლანტაციების გაშენებაზე ფიქრობენ.

- ეს საკითხი უკან წაიღეს, ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე, მაგალითად, ხორბლის გადამზიდავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ა.შ. ეს რატომ ხდება, ყველაფერი გაუაზრებელია? - როდესაც გაიძახი, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საცობებია და რუს ტურისტებს პრობლემები ექმნებათ, ამიტომ სამი ათასი ადამიანი სიღატაკისთვის უნდა გავწიროო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ იდიოტი ხარ?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ამაზე არც გიფიქრია?! საცობების განტვირთვა ხალხის შიმშილის ხარჯზე როგორ უნდა გინდოდეს?! საცობების პრობლემა ინფრასტრუქტურის შექმნით უნდა მოაგვარო. სანამ ადამიანმა თავის დაწვა არ სცადა, კაციშვილმა ყური არ შეიბერტყა. ვინ რჯიდა, ასეთ სისულელეს რომ აკეთებდნენ? ან ვინ რჯიდა, ასეთი სისულელე რომ მოიგონეს მარიხუანაზე?

ვინც თავგამოდებული იცავს ნარკოტიკების გაშენების იდეას და ამბობს, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, სულელებად გვთვლის. ხომ მაინც ნარკოტიკია, ლაითია თუ მძიმე?!

გამოდის, ჩვენ ვართ იმდენად ბანძი ერი, რომ ნარკოტიკების მოყვანისა და გაყიდვის გარდა არაფერი შეგვიძლია. ამას აკეთებს კაცი, რომელიც 2011 წელს გვეუბნებოდა, ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართო და ამ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა აეშენებინა. ეს უნივერსიტეტი 2012 წლიდან შენდება და იმ ადგილას დღემდე ჭაობია და ბაყაყები ყიყინებენ.

ცოტა ხანში, ალბათ, კოკაინს გავაშენებთ, მერე პროსტიტუციის სახელმწიფო კომპანიას შევქმნით, იარაღით უკანონო ვაჭრობასაც დავიწყებთ...

- ამ შანსს ოპოზიცია რატომ ვერ იყენებს, რატომ ვერ ახერხებს პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას? - ოპოზიცია ისევ "ნაცმოძრაობაა" და ეს რაღაც სექტასავით არის - ვინც სააკაშვილს მხარს უჭერს, მზად არის საფლავში ჩაჰყვეს მის პოლიტიკურ პერსპექტივას, მაგრამ ასეთების რაოდენობა არ იზრდება.""ქართულ ოცნებას" მხარდამჭერები აკლდება, მაგრამ ეს ხალხი ელექტორალურად "ნაცმოძრაობისკენ" არ მიდის. "ნაციონალური მოძრაობაა" ქვეყნის მასშტაბით მთავარი მოქმედი, თორემ ნორმალური ოპოზიცია რომ იყოს, პროცესები სხვანაირად წავიდოდა და "ქართული ოცნებაც" ასე ვერ იბაირამებდა, ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა, რომ რეალური ოპოზიციაც შეიქმნას და მართლა რეალური ოპონირების რეჟიმში გადავიდეს ხელისუფლებასთან.

- თქვენ და ასევე ის ხალხი, იგივე დავით უსუფაშვილი, თუნდაც მოქმედი პრეზიდენტი, ვინც არც ერთთან არა ხართ, რატომ ვერ ახერხებთ ამ ცარიელი ნიშის დაკავებას, რასაც არანაციონალური ოპოზიცია ჰქვია? - მე ჩემს თავზე შემიძლია ლაპარაკი, სხვებზე რა გითხრათ. მაგალითად, მარგველაშვილს შეეძლო ჯანსაღი პროდასავლური ძალების შემოკრება. პრეზიდენტი იყო, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ მან აბსოლუტური თანამდებობრივი უპასუხისმგებლობა გამოავლინა და პრეზიდენტობას ძალიან სამარცხვინოდ ასრულებს.

მან თავისი ქვეყნისთვის არ იბრძოლა და თავისი კანდიდატურა არ დააყენა, ისევე, როგორც გულდასაწყვეტია მისი ბოლოს მიღებული ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებები, თუნდაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე.

მე რაც შემეხება, შარშან ძალიან შეზღუდული ფინანსური და სხვა სახის რესურსებით ვიბრძოლე თბილისის მერობისთვის და მეორე ადგილზე გასვლა ცუდი არ იყო. არც მერე გავჩერებულვარ, რამდენჯერმე ვიყავი ბრიუსელში, სადაც ჩემით დაინტერესდნენ, ვილაპარაკე ჩემს გეგმებზე და ევროკავშირის სტრუქტურებიდან ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა მივიღე. ახლა თანამოაზრეებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობის დაარსებას ვაპირებ.

ჩემი აზრით, ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი - საბჭოური, ჩამორჩენილი განათლების სისტემა საფუძვლიანად შესაცვლელია. მეორე კი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეები ისევ საბჭოთა ინერციით ცხოვრობენ და ვერ გრძნობენ, რომ ისინი არიან ქვეყანაში მთავარი ძალა. ყველა მაინც მთავრობას ელოდება, ყველას ეშინია ხმამაღლა ლაპარაკის და ყველა ელოდება, რომ მის გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კეთილი, მდიდარი ბიძიები, რომლებიც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ, არ არსებობენ, პირიქით, ისინი არიან ყველაზე მავნებლები.

- თქვენი შარშანდელი საარჩევნო შედეგი იყო კარგი შანსი, რომ პრეზიდენტის არჩევნებისთვის დაქსაქსული ოპოზიციური სეგმენტები გაგეერთიანებინათ და ალტერნატივა გაჩენილიყო. რატომ არ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა? - მარგველაშვილთან ლაპარაკი არ მქონია. ბოლოს გამებუტა, მაგრამ მაინც მივწერე და ვურჩიე, რომ ყოფილიყო კანდიდატი და მე მხარს დავუჭერდი. პირადად ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის ჩატარება. ვგულისხმობ ფინანსურ რესურსს. იმ რამდენიმე ათასით, რის მობილიზებასაც მოვახერხებდი, შეუძლებელი იქნებოდა, თორემ მე არც ბრძოლა მეზარება და რუსულ პროექტს, ზურაბიშვილს, ძალიან დიდი ენერგიითა და დიდი მობილიზებით დავუპირისპირდებოდი. ვგმინავ, რომ ვუყურებ, რაც ხდება და რომ არა ვარ ამის მონაწილე.

მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია, მომავლისთვის ვემზადები და სამოქალაქო აქტივობებით აქტიურად ვიბრძოლებ.

რუსა მაჩაიძე