რა სარგებლობას მოგვიტანენ "ყივჩაღი იანკები" - კვირის პალიტრა

რა სარგებლობას მოგვიტანენ "ყივჩაღი იანკები"

ერთი კახური ანეკდოტი გამახსენდა: მიხამ ზანგის ბავშვი იშვილა. გაოცებულმა მეზობლებმა ჰკითხეს, შენი თავზე საყრელი გყავს და ეგ გადამთიელი რაღად გინდაო. იყოს, ბალღები ინგლისურ ენას ისწავლიანო. საქართველოს სკოლებში 10000 უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანის არსს პირდაპირ ხსნის ეს ანეკდოტი. რა, არ გჯერათ? აბა, უახლოეს წარსულს გადახედეთ, სად სწავლობდნენ ყველაზე იოლად რუსულს? იმ ოჯახში, სადაც რუსი რძალი ჰყავდათ.

ცხადია, კლასიკური რუსული ყველამ როდი იცოდა, მაგრამ საყველპუროდ ხომ ყველა ჭიკჭიკებდა. მაშინდელი იდეოლოგიის მიხედვით რუსული ენა ისე მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ რუსულენოვანი ტურისტი არ დაბნეულიყო, არ განაწყენებულიყო და კვლავ მონდომებოდა "მშობლიურ" ენაზე მოჭიკჭიკე მასპინძლებთან მობრუნება. ვფიქრობ, ამ ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანის მიზეზიც ტურიზმია. ახლა დროის ფეხის ამწყობი ქართველები რძლებსა და სიძეებს უცხოელს, ინგლისურენოვანს ეძებენ.

შემდეგ ოჯახის ახალი წევრისგან მთელი ოჯახი სწავლობს მცირეოდენ ინგლისურს, მაგრამ მოგებული მაინც ახალი წევრი რჩება თუ მათ მუდმივად ქართულენოვან გარემოში უწევთ ყოფნა, მალე ეუფლებიან ქართულს. ენას ხომ ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობ, როცა ხანგრძლივად გიწევს ურთიერთობა ამ ენაზე მოლაპარაკეებთან. ხომ არ სჯობდა, ქართველი ინგლისურის პედაგოგები წაგვეყვანა თუნდაც ერთწლიან კურსებზე უცხოეთში, ვიდრე ინგლისურენოვანი კადრები ჩამოგვეყვანა საქართველოში. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები კვალიფიკაციასაც აიმაღლებდნენ და ქვეყანასაც გამოადგებოდნენ.

საეჭვოა 10000 მოხალისე უცხოელი პედაგოგის შრომამ სასურველი შედეგი მოგვცეს. სხვა თუ არაფერი, ამერიკასა და ევროპაში სამუშაოდ გადახვეწილი ახლობლებისა და ნაცნობების მაგალითი მაძლევს დაეჭვების საფუძველს, - ბევრი მათგანი კარგა ხანია ინგლისურენოვან გარემოშია, მაგრამ ინგლისური ხეირიანად ვერა და ვერ ისწავლეს. ვისაც ნამდვილად სურს, ნებისმიერ გარემოში მოახერხებს ამა თუ იმ ენის შესწავლას. უცხოელი პედაგოგები არ ჰყოლიათ, მაგრამ ჩემსავით საბჭოთა განათლებით ნაკვებს ბევრს ვიცნობ ისეთს (მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით), რამდენიმე ენა რომ კარგად იცის.

ისე, მოხალისეები მხოლოდ მივარდნილ სოფლებში რომ გაეშვათ, სადაც ინგლისურის კი არა, მათემატიკისა და სხვა საგნების სპეციალისტიც კი სანატრელია (იმის გამო, რომ საკმარისი ხელფასი არა აქვთ, რაიონებში სამუშაოდ წასვლა არავის  სურს. თუ უცხოელი პედაგოგივით ქართველსაც კარგ გასამრჯელოს მისცემენ, ბევრი გაუდგება გზას მთებში ჩაკეტილი სოფლებისკენაც კი), კიდევ გასაგები იქნებოდა ამ პროექტის არსი და მიზანი, მაგრამ, თუ მათი დასაქმება საქართველოს ყველა სოფლისა და ქალაქის ადგილობრივი  კადრების გათავისუფლების ხარჯზე იგეგმება, ამ პროცესს, მგონი, დისკრიმინაციული ფერი დაჰკრავს. თანაც, ვინ და რა მეთოდით გამოცადა მოხალისე პედაგოგების კომპეტენცია და დაადგინა, რომ საუკეთესონი არიან?

ერთ-ერთ სოციალურ ინტერნეტგვერდზე "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი წერდა: "იდეა ათი ათასამდე ინგლისურის მასწავლებლის ჩამოყვანისა, რომლებმაც საქართველოში ინგლისურის მეორე ენად ქცევის მიზნით სკოლებში პირველი კლასიდანვე უნდა ასწავლონ ინგლისური, არის იმდენად შუმი იდიოტობა, რომ სასაცილოც აღარაა... მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი ბოდვის სერიოზულად მიღება და ანტიეროვნულობის ან პროგრესის კონტექსტში განხილვა.

იმაზე, რაც სააკაშვილმა ილაპარაკა, ძველად იტყოდნენ, ტყემალზე ზის და ბლის კურკებს ისვრისო. რატომაა ეს ბოდვა? ენის სწავლების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი კლასიდან ასწავლი,  პირველიდან თუ მეშვიდედან. ჩემს დროს საბჭოთა სკოლაში მეორე კლასიდან ვსწავლობდით გაძლიერებულ ინგლისურს და რა მერე? ოთხმოცდაათმა პროცენტმა ისე დაამთავრა სკოლა, ჰაუ დუ იუ დუს იქით არ წასულა.

ენის სწავლას სჭირდება ყოველდღიური ინტენსიური კურსის გავლა, რაც სასკოლო პროგრამის ფარგლებში შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ საათები საბჭოთა პერიოდთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. თუ ისეთი ინტენსივობით არ სწავლობ, როგორც რეპეტიტორთან, მაშინ ენის სწავლას სჭირდება შესაბამისი გარემო, - ინგლისური უნდა ისმოდეს ქუჩებში, რადიოში, ტელეეკრანიდან და ა.შ. ასეთი გარემო საქართველოში არ არის და ვერც იქნება.

არის კიდევ ერთი ვარიანტი: ყველა საგნის სწავლება სკოლებში ინგლისურად მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა საქმეა. ატყდება მერე ერთი ამბავი, ქართველობას ებრძვიანო და რაც მთავარია, მართალი იქნება.

ბოლოს და–ბოლოს, ის მაინც ხომ უნდა გახსოვდეს, რომ ორასი წელი რუსეთის კოლონია ვიყავით, ფაქტობრივად, რუსულად ვიღებდით განათლებას, მუდმივი კონტაქტი გვქონდა რუსულენოვან სამყაროსთან და მაინც რუსულის ნორმალური მცოდნე არც ისე ბევრი იყო.

ასე რომ, იდეა ძირშივე სისულელეა. ასე არც ინგლისური და არც ერთი სხვა ენა არ ისწავლება", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და დავით აღმაშენებლის დროს ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლებასთან უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანის შედარებას ლოგიკას მოკლებულს უწოდებს.

დავით ზურაბიშვილი: "აქცენტი არ მოგწონთ ჩვენებური მასწავლებლების? ეს ელემენტარული ქაჯობაა და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც. არც ერთი თავმოყვარე ქვეყნის ხელმძღვანელი არ ჩამოიყვანს ამერიკიდან ათი ათას კაცს იმისთვის, აქაოდა მაინცდამაინც ნიუ-ჯერსულად მოუქციონ ჩვენმა ბავშვებმა, თორემ ისე მაგათ ინგლისურს რა ფასი აქვსო.

მერედა, საიდან მოაქვთ, რომ "ყივჩაღი იანკების" წყალობით მაინცდამაინც უაქცენტო ინგლისურით ილაპარაკებს ყველა? შეიძლება იყო ენის ძალიან კარგი მცოდნე, მაგრამ არ ვარგოდე მასწავლებლად. შეიძლება იყო ძალიან მაგარი მასწავლებელი (განსაკუთრებით დაბალი კლასების), მაგრამ არ ფლობდე ენას პერფექტულად. ამიტომაც ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, გავიმეორებ, არის იდიოტობა და ქაჯობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს ინგლისურის კარგად ცოდნა მაღალი ინტელექტისა და "პრადვინუტობის" ნიშანი ჰგონია და როგორც ვატყობ, არა მარტო მას.

საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამ პროექტის მიზანი ის არის, რომ უცხოელებმა უკეთ გაიცნონ საქართველო და "გაიტანონ ამბავი", რა განუმეორებელი ქვეყანა გვაქვს.

ცხადია, ქართველ მასწავლებლებს შემოაკლდებათ მოსწავლეები და უმუშევრების არმიას კიდევ არაერთი მოქალაქე შეემატება. სავარაუდოდ, ამით არც საქართველოს ბიუჯეტი იხეირებს, - პროექტი, ალბათ, ძვირი დაჯდება. ხომ შეიძლებოდა ამ სახსრების უკეთ გამოყენება? თუნდაც იმისათვის, რომ ჯერ ქართული ენის სწავლება გვქონოდა სათანადო დონეზე და შემდეგ გაგვერკვია, ღირდა თუ არა მეორე სახელმწიფო ენის შემოღება (ეს კონსტიტუციაშიც უნდა დაფიქსირდეს, თუ ერი თანახმა იქნება).

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი მხიარულად განაცხადა, მოკლე ხანში საქართველოში ყველა ბავშვი ინგლისურენოვანი იქნებაო. რატომ უნდა იყოს საქართველოში ყველა ბავშვი ინგლისურენოვანი, როდესაც ამ ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია? ისე, საყოველთაო ინგლისურენოვანებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენს საგანმანათლებლო პოლიტიკას თუ გადავხედავთ, იოლი დასაჯერებელია, რომ მალე ქართულენოვანი ადამიანი სანთლით საძებარი გაგვიხდება. აბა, ნახეთ, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში - მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და კიდევ სხვაგან ქართული თუ იციან.

აზერბაიჯანელს ქართულად რომ დაელაპარაკები, ისე შემოგხედავს, თითქოს დამნაშავე იყო, მისი ენა რომ არ ისწავლე. ჯავახეთში სანთლით მოგიწევთ ქართულად მოლაპარაკე ბავშვის ძებნა. წალკაში კი ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადგილობრივი ბერძენი ან სომეხი რუსულ ენაზე გკითხავთ: "თქვენ, რა საქართველოში გგონიათ თავი?!"

დიახ, ასეთ ყოფაში იმის ახსნაც ძნელია, რას ნიშნავს სახელმწიფო ენა - ქართული! "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების და ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის", - ნათქვამია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში", სადაც VIII-IX საუკუნეების ისტორიული ყოფაა აღწერილი. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კი, კარგად მახსოვს, აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულთა გარდა აღარავინ ლაპარაკობდა ქართულად. რაც მივიღეთ, კარგად ვიცით. "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას", - ვითომ ტყუილად წუხდა გრიგოლ ორბელიანი?!

ეს წერილი სულაც არ დაგვიწერია საქილიკოდ, ნიშნის მოსაგებად, - "მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი", - ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია. ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, ხმალამოღებულმა დავიცვათ ჯერ მშობლიური ენა და მერე ვიზრუნოთ იმაზე, ვისი და რისი დახმარებით ვასწავლოთ შვილებს ცოტა ინგლისური, ცოტა ფრანგული, ცოტა იაპონური და ცოტა ჩინური, რომ არ დავასამაროთ საუკუნეებგამოვლილი ენა ქართული, რომელიც, ცნობილი კინოფილმ "ფესვების" მთავარი გმირის არ იყოს, სიკვდილის წინ ერთადერთი გვემახსოვრება.

KvirisPalitra.Ge