"ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!"

"არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება... არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ, ბოლო დღეებში გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერების ყველაზე საინტერესო ის ეპიზოდია, რომელშიც, სავარაუდოდ, "ომეგას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და "თბილისის თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბარში ახსენებენ "მეგობარ ოთარს", მის "უფროსს", "ფონდს", რომელიც თურმე იგივე პარტია ყოფილა, სადაც მოგების 50% უნდა წავიდეს და ა.შ.

ძაბირაძის თქმით, ამ ჩანაწერებით უბრალოდ იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ, რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზება და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა...

შეგახსენებთ, აუდიოჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სახელები გაჟღერდა, მაგალითად, მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის...

"ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მის უნებართვოდ ხდებოდა, მაშინ რაიმე რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმეზე ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა, შესაძლოა არასრული ან არასწორი, მაგრამ ექნებოდა.

...საგანგაშოა, თუ პარტიაში მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!" - ამბობს გამოცემასთან ექსპერტი

ჩანაწერებში "მეგობარი ოთარიც" ფიგურირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

ძაბირაძე აცხადებს, რომ ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება:

"ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არის, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდება და განზე გადგება, მერე ისევ გამოჩნდება, მაგრამ მათი საბოლოოდ მოშორება არ ხერხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი"

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი სატის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

რუსა მაჩაიძე