პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიწამლა - რა დიაგნოზი დაუსვეს შს ექსმინისტრს?
24-09-2018
პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიწამლა - რა დიაგნოზი დაუსვეს შს ექსმინისტრს?
სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური
დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის
სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია.

რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით