ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო დაცვას მოუხსნიან? - რას ამბობს ანზორ ჩუბინიძე?
26-09-2018
ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო დაცვას მოუხსნიან? - რას ამბობს ანზორ ჩუბინიძე?
სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მაგალითად, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სდსს-ს მომსახურება შეუწყდება, - ასე უპასუხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი ყოფილ პრემიერებზე, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილზე.

როგორც ჩუბინიძემ განმარტა, ღარიბაშვილს დაცვით უზრუნველყოფის მომსახურება შეუწყდება, ვინაიდან ის ერთ წელზე დიდი ხნის წინ გადადგა პრემიერის პოსტიდან და საჭიროების შემთხვევაში მთავრობა იმსჯელებს, გაუგრძელდეს თუ არა მას დაცვით
მომსახურობა.

ამასთან, ანზორ ჩუბინიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მომხრე იქნება, რომ პრეზიდენტის დაცვა მუდმივად მოხდეს, თუკი მას კანონი არ დაურღვევია და სამშობლოში ცხოვრობს.

"მე ვფიქრობ, არც ერთი ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტი და მისი ოჯახი დაიცვას, თუკი ის
ქვეყანაში ცხოვრობს და კანონთან წინააღმდეგობაში არ არის", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ამ წუთებში ანზორ ჩუბინიძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით