"ამ პროცესში აშკარად ჩანს ქურდული გარჩევის ნიშნები და ისიც, რომ ჩინოსანთა მაღალ დონეზე კორუფციული გარიგებების მცდელობასთან გვაქვს საქმე" - კვირის პალიტრა

"ამ პროცესში აშკარად ჩანს ქურდული გარჩევის ნიშნები და ისიც, რომ ჩინოსანთა მაღალ დონეზე კორუფციული გარიგებების მცდელობასთან გვაქვს საქმე"

"ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" გარშემო შექმნილმა ვითარებამ, გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომლის ახალ ეპიზოდში, ლევან ყიფიანისა და ვანო ჩხარტიშვილის შემდეგ, უკვე ბიძინა ივანიშვილის ძმაც გამოჩნდა, კიდევ უფრო გაამძაფრა ქვეყანაში ეჭვი, რომ ხელისუფლებაში თუ მის პარალელურად არსებობენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ ზეწოლას როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ბიზნესზე. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს:

- კატეგორიულად მიუღებელია, თუ რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი მედიასაშუალებას ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებს და სახელმწიფოსგან ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის. თუმცა არანაკლებ მიუღებელია, თუ რომელიმე ჩინოსანი ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბიზნესმენს უკანონო გარიგებას სთავაზობს და მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობს.

არა მგონია, "იბერია" ისეთი გავლენის ტელევიზია იყოს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლება მოქმედებდეს. აქ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ერთი ცხადია - ამ პროცესში აშკარად ჩანს ქურდული გარჩევის ნიშნები და ისიც, რომ ჩინოსანთა ძალიან მაღალ დონეზე კორუფციული გარიგებების მცდელობასთან გვაქვს საქმე.

აშკარაა ისიც, რომ ასეთი არაფორმალურ ჯგუფები არსებობენ და ეს არის ქართველი საზოგადოების მახასიათებელი. ჩვენში ბევრი დღემდე საქმის ჩრდილში მოგვარებას უფრო ცდილობს, ვიდრე - კანონის მიხედვით მოქმედებას. ეს აყალიბებს კიდეც ჩრდილოვან არეს. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ თავის დროზე ეს ჩრდილოვანი არე შეიქმნა "ქართული ოცნების" წიაღში, ანუ გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც თანამდებობა არ ეჭირათ, მაგრამ გაცილებით უფრო გავლენიანი იყვნენ და დღესაც არიან, ვიდრე მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები.

ეს შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მასშტაბს გააჩნია. ჩვენთან ეს მასშტაბი მეტისმეტად დიდია და ამით გაჟღენთილია ყველა სახელისუფლებო შტო, მათ შორის - სასამართლოც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ამ ჩრდილოვანი გავლენის მქონე ჯგუფებისადმი მართლმსაჯულების დამოკიდებულებაა.

არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო ადამიანები, რომელთაც ასეთი გავლენა აქვთ. ზოგი ამას მხოლოდ პირადი ინტერესებით იყენებს, ზოგი - კორპორაციული მიზნისთვის და ფსევდოსახელმწიფოს ასაგებად... საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სახელმწიფოს განვითარებას აფერხებს.

მიმდინარე პროცესები ერთიან მოცემულობად უნდა დავინახოთ. შეხედეთ, მარიხუანის შემთხვევაში ბიზნესინტერესები სახელმწიფოს ინტერესებსა და პატრიოტიზმზე მაღლა არ დადგა?! ან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა პირადი ინტერესების შესაბამისად არ გადაწყდა?

რატომ არ გამოიძიეს დღემდე "ხორავას საქმე" ისე, რომ კითხვა არავის დარჩენოდა?! აქაც ხომ ვიღაცის პირადმა ინტერესებმა აჯობა სახელმწიფოს ინტერესებს! ვის სჭირდება დღეს მიტინგები რუსთაველზე ან გორში? რას ფიქრობს ხელისუფლება? მას სჭირდება ეს?!

...

ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არსებობს, ვხედავთ, "ხორავას საქმის" გამოძიება სამართალდამცავებმა როგორ მიაფუჩეჩეს, ამიტომ ბუნებრივია, აღარ გჯერა სახელმწიფო უწყებების და ყველაფერში ეჭვი გეპარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტყვას კი არა, საზოგადოებაში ლამის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ აქვს ფასი.

სამწუხაროდ, ქვეყანაში კანონი კი არა, პრეცედენტები და ინტერესები მეფობს. ზუსტად ეს არის დამახასიათებელი ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც მეჯლისს მთავრობა კი არ მართავს, არამედ - გავლენიანი დაჯგუფებები.

სიმართლე უნდა ითქვას - ეს ჩრდილოვანი გავლენა ახლა არ ჩამოყალიბებულა. 2000 წელს ამგვარი ჯგუფების კლასიფიკაციაც კი მოვახდინე. ეს არის დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და მოდის გვიანდელი კომუნიზმის ეპოქიდან, როცა შეიქმნა შავი ბაზარი და მთელი ეკონომიკა იქ გადავიდა. ამის შეცვლას სჭირდება თაობების შეცვლა. ვიდრე ხალხი არ მიხვდება, რომ კანონის უზენაესობა მისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ასეთი ჩრდილოვანი გარიგებები, არაფერი შეიცვლება.

ჩვენთან უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ კანონით მოქმედება არ არის გარანტია, რომ დაცული იქნები, ამიტომ მაინც "კრიშა" გჭირდება და ეს საზოგადოებისთვის დამღუპველია.

მოკლედ, ეს სისტემა დიდი ხანია, მოქმედებს, ოღონდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს გავლენები სხვა ადამიანებზე ნაწილდებოდა, თუმცა თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამასთან ბრძოლაც შეიძლება და გამარჯვებაც. ნებასთან ერთად აუცილებელია გქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია, მაგრამ...

თუ ეს სისტემა მთლიანად არ მოიშალა, თუ სახელმწიფო ჩინოსანმა ინტერესთა ჯგუფების ნაცვლად სახელმწიფოსთვის არ დაიწყო მუშაობა, ჩვენ სიღარიბეს ვერასდროს დავძლევთ! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?..