"რა არის მაფია? – ბიზნესს ემატება კრიმინალი და პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე" - კვირის პალიტრა

"რა არის მაფია? – ბიზნესს ემატება კრიმინალი და პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე"

"კორუფცია სარეველაა და როგორც ბაღი უნდა მარგლო მუდმივად, ისე სახელმწიფო უნდა იმარგლებოდეს კორუფციისგან"

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია", - ასე დაიწყო გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. მის 18-წუთიან გამოსვლას საქართველოში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში კვლავაც რეზონანსულია ფარული ჩანაწერების სკანდალი, რომლის კვალდაკვალ მძაფრდება ვარაუდი, რომ ხელისუფლების პარალელურად არსებული არაფორმალური ჯგუფები უფრო და უფრო მძლავრდებიან და მეტ გავლენას იხვეჭენ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან ერთად გაეროში საქართველოს პრემიერის გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ:

- მამუკა ბახტაძის გაეროში წარმოთქმული სიტყვის სტილი - ფორმითაც და შინაარსითაც, ვფიქრობ, კარგად იყო შერჩეული. გავიხსენოთ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერც კი ბედავდა საერთაშორისო ურთიერთობებისას ქართულად ლაპარაკს, ამიტომაც იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბახტაძის გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მგონი, მას მერე, რაც ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში ქართულად წარმოთქვა ცნობილი ფრაზა - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი - ასეთი მაღალი ტრიბუნიდან აღარავის ულაპარაკია ქართულად. ბახტაძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ის ლაპარაკობდა ერთ-ერთი უძველესი ერის ენაზე. მან ჩვენი მშობლიური ქართული სიამაყით მიიტანა იმ საზოგადოებამდე, რომლის წინაშეც გამოდიოდა. ეს ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. მადლობა პრემიერს ამ გაბედულებისთვის. ჩემი აზრით, მისი გაბედულება გამოსვლის შინაარსშიც გამოჩნდა - მან გაეროს მუშაობის კრიტიკული შეფასება გაბედა. ამ ორგანიზაციის კრიტიკა ახალი არ არის, მაგრამ თავს ამის უფლებას დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლები აძლევენ ხოლმე...

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბახტაძემ ილაპარაკა საქართველოს ფუნქციაზე რეგიონსა და მსოფლიოში და ამ კონტექსტით უპირველესად ახსენა "აბრეშუმის გზა". ესეც სწორი გზავნილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთს დღეს ღიად უპირისპირდებიან, მაგალითად, აშშ.

ასევე, არიან ქვეყნები, რომლებიც აშკარად არ უპირისპირდებიან ამ ქვეყანას, მაგრამ კულუარებში მძიმედ რეაგირებენ ჩინეთის მზარდ როლზე მსოფლიო პოლიტიკაში; ამის მაგალითია რუსეთი.

აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვა ახალი არ ყოფილა - გვახსოვს კვირიკაშვილის გამოსვლა და ასეთივე მიმართვა, თუმცა ამ მხრივ ბახტაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ამ ეთნოსების მიმართ აგრესიულად განწყობილი არ არის...

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ თურმე იძულებული იყო, ასე ელაპარაკა და რომ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო რუსეთის მიმართ... უკაცრავად და, ვინ ან რამ აიძულა? ან მეტ სიმკაცრეში რას გულისხმობენ?..

ვფიქრობ, სიმკაცრის თვალსაზრისით რუსეთის თემას არაფერი დაჰკლებია: ანექსია, ორმაგი ანექსია, ოკუპაცია - ბახტაძემ ყველაფერი ახსენა...

ჩემი აზრით, გზავნილები რომ ზუსტი იყო, გამოჩნდა რუსეთის საგარეო უწყების მყისიერი გამოხმაურებითაც. ამ გამოხმაურებაში ახალი არაფერი ყოფილა, მათ ისევ დაიწყეს მტკიცება, რომ აფხაზებსა და ოსებს არ სურთ საქართველოსთან ერთად ყოფნა და რუსები არაფერ შუაში არიან, თუმცა გამოჩნდა ისიც, რომ ჩვენს პრემიერს დიდი ინტერესით მოუსმინეს. ჩემი აზრით, რუსეთს ამ გამოსვლიდან ყველაზე მეტად ჩინეთის საკითხი მოხვდა გულზე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არაფერი უთქვამთ. ჯერ ერთი, რუსეთი "აბრეშუმის გზისთვის" თვითონაც იბრძვის, გარდა ამისა, კრემლს კავკასიაში ჩინეთის, როგორც ახალი დიდი მოთამაშის გამოჩენა ხელს არ აძლევს.

- "ვინ არის თქვენი ბოსი?" - ჰკითხა ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძეს Financial Times-ის მიმომხილველმა ედვარდ ლუსმა ინტერვიუს დროს, ასობით დამსწრის თვალწინ, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის მასშტაბურ ორდღიან კონფერენციაზე "2018: მსოფლიო თავდაყირა". თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის გავლენის აჩრდილი რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს ახალგაზრდა პრემიერის საქმიანობაზე? - როდესაც ქვეყანაში არსებობს ისეთი გავლენიანი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ბუნებრივია, მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იმის მოლოდინში, ის რას და როგორ ფიქრობს, გადაწყვეტილებების მიღება დაგვიანდეს ან ვერ მოხერხდეს. ეს პრობლემა ჰქონდათ პრემიერებს ბახტაძემდეც და არ არის გამორიცხული, ჰქონდეს მასაც.

ახლა ვითარება ოდნავ განსხვავებულია. ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილის შემთხვევაში ივანიშვილი დეკლარირებულად თითქოს მთლად გაცილებული იყო პოლიტიკურ პროცესს, ახლა ის ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარეა, შესაბამისად, მისი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში უფრო ლეგიტიმურია. ქართველი საზოგადოების ნაწილი აქამდეც ითხოვდა და დღესაც ითხოვს, პრემიერი იყოს დამოუკიდებელი და მეტიც - დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს. ამ საზოგადოებრივი განწყობისთვის მხარის აბმა, ვფიქრობ, კვირიკაშვილმა სცადა - ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც გადადგომისას განაცხადა, გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდაო... ეს როგორც დასრულდა, ვნახეთ, თუმცა კვირიკაშვილის წასვლა არ იყო მხოლოდ ივანიშვილის სურვილით განპირობებული. ჩემი აზრით, მისი პრემიერობისას მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული, თუნდაც პარტიის მართვაში, რასაც გარკვეული ჯგუფების ისეთი გაძლიერება მოჰყვა, პარტია ლამის დაშლის პირას მივიდა. ეს პროცესი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შეანელა, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა არ გამქრალა.

რაც შეეხება ახალ პრემიერსა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას, ვფიქრობ, შეიძლება იმგვარი თანამშრომლობაც ვიხილოთ, რაც ქვეყნის მართვას უფრო წაადგება, ვიდრე დააზარალებს. ამის მაგალითები იცის მსოფლიომ.

- ბოლო დღეებში კვლავ გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერები, ერთ-ერთი ბოლი ჩანაწერის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს მწარმოებლებს 26 მილიონი ლარით აჯარიმებდა, თუმცა, ვინმე ვანომ, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილმა შეძლო და ივანიშვილთან შეხვედრით, მიაღწია ჯარიმის პატიებას. ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ გააჩინა საზოგადოებაში განცდა, რომ ქვეყანაში მოქმედებენ გავლენიანი ჩრდილოვანი დაჯგუფებები, რომელთაც ნებისმიერი საკითხის სათავისოდ გადაწყვეტა შეუძლიათ. - იმედია, ხვდებიან "ქართულ ოცნებაში", რაოდენ ცუდად შეიძლება დაამთავრონ, თუ გარკვეული ჯგუფები სხვებზე ანგარიშსწორებას მართლაც სახელისუფლებო სტრუქტურების გამოყენებით ცდილობენ.

რაც შეეხება არაფორმალურ დაჯგუფებებს, ამგვარი კლანური ჯგუფები არსებობდა წინა ხელისუფლებების დროსაც, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის და მზად იყვნენ, ყველა ხელისუფლებასთან გამოეძებნათ საერთო ენა. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც წლებია, ვერა და ვერ გვარდება.

არაერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლების გარეთ არსებობენ გავლენიანი არაფორმალური ჯგუფები თუ პირები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს "ალაგებენ" და ამით სარგებელსაც იღებენ. შესაბამისად, გაჩნდნენ ჩვენში ხელშეუხებელი ადამიანებიც. მაგალითად, გავიხსენოთ ფარცხალაძესა და აუდიტის სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას შორის დაპირისპირება. თორდია ამტკიცებდა, რომ მას - სახელმწიფო მოხელეს, თავს კერძო პირი დაესხა, თუმცა საქმე ჩაიფარცხა, არავინ დასჯილა... ბუნებრივად ჩნდება ვარაუდი, რომ ამის მიზეზი სწორედ პროკურატურასა და ხელისუფლებაზე ფარცხალაძის გავლენაა.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით... "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ერთ-ერთ ჩანაწერში ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი. ამას მტკიცებითი ფორმით იმიტომ ვამბობ, რომ ეს დაადასტურა ჩხარტიშვილმაც, რომლის ვერსიით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მას ხელისუფლებასთან საქმის გარკვევის მიზნით მიაკითხა.

ისმის კითხვა: ვინ არის ჩხარტიშვილი? ფაქტია, ის არ წარმოადგენს ხელისუფლებას, მაშ, რა ლეგიტიმაციით უნდა "ალაგებდეს საქმეებს"?! კორუფციის სრულად აღმოფხვრა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვერ ხერხდება, იმ ქვეყნებში კი, სადაც კანონის მოქმედება მყიფეა, საზოგადოებრივი კონტროლი კი - სუსტი, მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ მისმა მასშტაბმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწიოს, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. კორუფცია სარეველაა და როგორც ბაღი უნდა მარგლო მუდმივად, ისე სახელმწიფო უნდა იმარგლებოდეს კორუფციისგან.

აუცილებელია მეტი საზოგადოებრივი აქტივობა; მეტად ინტელექტუალური და ნაკლებად ისტერიკული მიდგომებია საჭირო.

სანამ "ქართული ოცნება" იფიქრებს, რომ უალტერნატივო ძალაა, დამერწმუნეთ, შეცდომასაც ბევრს დაუშვებს, სისულელესაც ბევრს

ჩაიდენს და კორუფციის ჭაობშიც უფრო ჩაიძირება. ხელისუფლებებზე არ ჭრის საზოგადოების ტირილი - ცუდად ვართ და კარგად მოგვექეცითო... მათ უნდა იგრძნონ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე...

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ისეთი გაკოტრებულია, "ქართული ოცნება" სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს თავს...

- "ომეგა ჯგუფზე" ისაუბრეთ უკვე, თუმცა მინდა კონკრეტულად შევეხოთ "რუსთავი 2"-ის მიერ ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც, ამავე ტელევიზიის მტკიცებით, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ესაუბრება და ძვირად ღირებული მანქანების შემოყვანის ბიზნესში მონაწილეობას სთხოვს... თუ დავუშვებთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, თქვენი აზრით, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა? - გამიჭირდება ამ მოკლე ჩანაწერით ანალიზის გაკეთება. ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება ეს ორ ბიზნესმენს შორის მოლაპარაკებად მიიჩნიოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ართულებდეს ის, რომ ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირის ძმაა, თუმცა მაინც ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რომ "ომეგა ჯგუფს" პრობლემები ამგვარი გარიგების ჩაშლის გამო გაუჩნდა.

კომპანიას დავალიანება რომ ჰქონდა, ამას თვითონ მფლობელებიც აღიარებენ. ჩემი აზრით, ამგვარი საუბრები სანამ ბიზნესის დონეზეა, შეიძლება გასაკვირი არც იყოს. ვფიქრობ, ბიზნესმენები ბიზნესის გაყოფის, გაერთიანების ან წილების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე მუდმივად ლაპარაკობენ, მაგრამ ამ საქმეში თუ ხელისუფლება შედის და იწყებს ბიზნესწილების გადალაგებას, პრობლემა მაშინ ჩნდება. ამ ჩანაწერში ხელისუფლების მონაწილეობა არ ჩანს, თუმცა თუ გამოჩნდება მომავალში, ძალიან გამიკვირდება-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ეს ჩანაწერები ნამდვილად არ აჩვენებს, რომ ქვეყანას არაფორმალური ხელისუფლება მართავს, თუმცა იძლევა იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ არაფორმალურ ჯგუფებს სურთ, რაც შეიძლება დიდი გავლენა მოიპოვონ ხელისუფლებაზეც და ბიზნესზეც. მოახერხებენ ამას თუ არა, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად აღმოაჩნდება მას პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს არ დაუშვას!

რა არის მაფია? - კონგლომერატი, როდესაც ბიზნესს ემატება კრიმინალი და პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამგვარი კლანური დაჯგუფებები მაფიას ემსგავსება, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნესავით ყველა სფეროში უშვებს თავის მეტასტაზებს. თუ ქვეყნის მმართველები ვერ ერევიან მაფიას, საბოლოოდ თვითონაც მისი ნაწილი ხდებიან. ამ ყველაფერს მოვლა, გამოვლენა და სხვა მექანიზმებით ბრძოლა უნდა და არა სკანდალებითა და სანახაობებით გადაფარვა...

ვიმეორებ, თუ ხელისუფლებაში მოსულ ძალას არ ეშინია, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ბუნებრივია, ეცდება, მუდმივად იოლი გზით გადალახოს სირთულეები. გადაიყვანეს ფარცხალაძე ჩრდილში, თუმცა, როგორც კი დასჭირდებათ, მზად არიან, მისი სამსახურით ისარგებლონ. თავის მხრივ, ფარცხალაძესაც აქვს საკუთარი ინტერესები, საბოლოოდ კი ისინი ერთმანეთს ავსებენ. სააკაშვილს არ ჰყავდა ასეთი ფარცხალაძეები? რამდენიც გინდათ, იმდენი, რომლებიც აყაჩაღებდნენ ბიზნესს, მერე ისევ აგვარებდნენ ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობას და ა.შ. თუ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია არ გაჩნდა, ხელისუფლება მუდმივად შეეცდება, გაიიოლოს გზა და ნაცადი ხერხები და ხრიკები გამოიყენოს პროცესების სამართავად.

- ქართველი საზოგადოება გააოგნა კანაფის კულტივაციის თაობაზე ხელისუფლების ინიციატივამ. როგორც აღმოჩნდა, მმართველ პარტიას კანონპროექტიც მომზადებული აქვს, რომლის საპარლამენტო განხილვა ეკლესიისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად შეჩერდა. იყო მოლოდინი, რომ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევდნენ, მაგრამ ახლა ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ გაწვევას არ აპირებენ და თურმე ამ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა უნდა დაიწყოს. - არაერთხელ ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ: უკონკურენტო ადამიანი თუ პარტია მრავალ სისულელეს ჩაიდენს. ერთ-ერთ ასეთ სისულელედ მიმაჩნია მარიხუანას კულტივაციის ინიციატივა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ გადაწყვიტეს ამ თემის წამოჭრა, ვის და რატომ ეჩქარებოდა ასე, ან ახლა რას აპირებენ?! თუ ვინმეს რამის განხილვა უნდოდა, მანამდე დაეწყოთ, სანამ კანონპროექტს შეიმუშავებდნენ და ლამის შესაბამის სტრუქტურებს შექმნიდნენ.

მარიხუანას თემით ხელისუფლება იმდენად აშკარად ზარალდება, დაუჯერებელიც კია, რომ ამას საკუთარ თავს თვითონ უკეთებს... "ქართული ოცნება" უამრავ შეცდომას უშვებს, რომელთა კომენტირებაც კი რთულია.