"ივანიშვილი ჩხარტიშვილზე ამბობდა, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ჩხარტიშვილზე ამბობდა, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო"

რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი?! რომ საქართველოს ნახევარი მთავრობა ლონდონში სასამართლოში უნდა ჩავიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი, კორუმპირებული არიან თუ არა?! და მერე რა მოხდაო, გვეუბნებიან?! აი, სადამდეა მისული ეს ხალხი!

ბოლო დღეების აქტუალურ თემებზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა, რის შემოკლებულ საგაზეთო ვარიანტსაც გთავაზობთ. საუბარი იმ სკანდალური ჩანაწერებით დავიწყეთ, რომლებიც ლამის უკვე ყოველდღიურობად იქცა.

- ბატონო დავით, თქვენ ხართ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" კოალიციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პირადი ურთიერთობა გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან, და მინდა გკითხოთ: ეს ბიზნესისა და მთავრობის რაღაც ახალი ურთიერთობაა, ნოუჰაუ, თუ მანამდეც იცოდით, რომ ურთიერთობებს ასე ალაგებდნენ, ვიღაცები ცდილობდნენ სწორედ ასე გაეტარებინათ საკუთარი ბიზნესინტერესები? მაშინ ვინ იყვნენ ფარცხალაძე, ჩხარტიშვილი, მამაცაშვილი?

- სიმპტომები მსგავსი მოვლენებისა იყო ხოლმე, მაგრამ კარგად მახსოვს და ამის მომსწრე ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სიმპტომების გამო ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებდა. პრემიერ ღარიბაშვილის შეცვლის საკითხი მსგავსი ამბების, ჭორების გამო მომწიფდა.

- შეგიძლიათ ახლა მაინც გვითხრათ, რა მოხდა?.. - არა, მე ვამბობ მხოლოდ იმას, რაც ვიცი, რაც ვნახე...

- ფიგურანტები ისევ ეს პირები იყვნენ? - არა, მაშინ იყო საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაზე...

ასევე მახსოვს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პატივცემულ ივანე ჩხარტიშვილისადმი და ნათქვამი, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო. მახსოვს ამაზე ჩემი პასუხიც, ადექით და ფანჯარაც ჩაკეტეთ-მეთქი.

- როგორც ჩანს, ფანჯარა ღია დარჩა ივანიშვილს... - ანდა, ფანჯარა ჩაკეტა, მაგრამ კარი გააღო...

ყველას ახსოვს ფარცხალაძის აღზევებაც და დაღმასვლაც, თუმცა გავლენას რომ ინარჩუნებდა, სერიოზული პრობლემა იყო და ამაზე არაერთხელ გვიკამათია.

- ვისთან გიკამათიათ? - ივანიშვილთან.

- როგორი იყო მისი პასუხი? - არა, რას ამბობ, მე კიდევ ერთხელ ვიღაცას ვუთხარი, კიდევ ერთხელ დავავალეო და ა.შ.

- რა დაემართა ივანიშვილს, ფერი იცვალა? - მე ახლა ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, ალბათ, ამის დროც მოვა. თვითონ ამბობს, რომ ამის სპეციალისტია და საკუთარ თავს შეხედოს. ფაქტია, რაღაცები დაემართა. ჩემი დიაგნოზი ასეთია: დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მმართველობა, დაფუძნებული მრავალპარტიულობაზე, როგორც ჩანს, მას ვარდისფერ ფერებში წარმოედგინა, რომ ყველაფერს მარტივად დაალაგებდა: ერთი პარტია, ორი, სამი... თქვენ აქ, თქვენ - იქ და ახლა ყველა თავისუფალი ხართ, ოღონდ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მგონია სწორი და კარგიო... მერე დაინახა, რომ თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს, ისინი ამით ისარგებლებენ...

- პარტიის დაფინანსების სქემის, ე.წ. შავი ყულაბის არსებობის შესახებ გსმენიათ? ამაზე საუბარი ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებში იყო... - ამ სქემის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი - 2016 წელს, როდესაც ივანიშვილმა ბიზნესმენები საჯარო შეხვედრაზე შეკრიბა, უთხრა: როგორ ბრძანდებით, პატივცემულო ბიზნესმენებო, დღეს ხომ უკეთაა ცხოვრება? კი, უკეთაა, წინა ცხოვრებაში კი გვჩაგრავდნენ. გინდათ, რომ ხვალაც უკეთესი ცხოვრება იყოს? კი, როგორ არა, გვინდა. ჰოდა, ჩაიყავით ჯიბეში ახლა ხელი, ჩემს ხარჯზე როდემდე უნდა იყოთ კარგადო. ბევრმა ეს სიგნალი მიიღო. მე რომ კაპიკს არავინ მაძლევს ამ არჩევნებში თუ ნებისმიერ სხვა რამეში, ეს არ მალაპარაკებს. ის მალაპარაკებს, რომ გამიყვანს გვერდზე ვიღაც და ვახ, ეს რა გვემართება, კაცო, ნახე, როგორ შეიძლება ამის მოთმენაო, მეტყვის. გაიხედავ და ისიც, რისი მოთმენაც არ შეიძლება, იმის გამყარებაზეა გადასული.

- რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ჩანაწერებს? - ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ჩვენ რა შუაში ვართო. ვერ გაუგია ამ ხალხს, რომ თვითონ არიან მმართველები; ხელისუფლება თვითონ არის და მისი ვალი რა არის? - მართოს სიტუაციები, კონფლიქტების, არეულობების პრევენცია და თუ გამოვლინდა დარღვევა, ზომები მიიღოს. რაც იქ ხდება, მაინცდამაინც ვიდეოფირი უნდა ვნახოთ და მერე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა გვქონდეს, რომ აი, შეხედეთ, ვიღაცა ყოფილა ჩართული, კონკრეტული პირიო...

თუ ეს ხდება - ვიღაცა ვიღაცის სახელით სარგებლობს, მაშინ ეს ხელისუფლებისთვის უპირველესი გამოსაძიებელი უნდა იყოს. მე არ ვიცი, როგორ უნდა დაიძინოს ან მთავარმა პროკურორმა, ან ვიღაცამ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, და ელოდოს, ლონდონში როდის დაიბარებენ საქართველოს მინისტრებს კითხვების დასასმელად.

თითქოს მაგარ პიარულ სვლას მიაგნეს, გვეუბნებიან, რა პრობლემაა, ჩავალთ ლონდონშიც და ბანგლადეშშიც და ყველგან პასუხს გავცემთ კითხვებზეო. რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი?! საქართველოს ნახევარი მთავრობა ლონდონში სასამართლოში უნდა ჩავიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი, კორუმპირებულია თუ არა?! მერე რა მოხდაო, გვეუბნებიან?! აი, სადამდე არიან მისული! ასეთ დროს ხომ განსაკუთრებით სწრაფი ტემპით უნდა მუშაობდეს პროკურატურა - უნდა დაჰკითხოს ხალხი, ჩვენ უნდა ვისმენდეთ ამ თემაზე მათი საქმიანობის ანგარიშს და ამის ნაცვლად რას ვხედავთ? - იქედნურ ღიმილს, ეტყობა, ვიღაცა სუპერპიარშიკმა ურჩია, მოდი, გააღადავეთ ეგ თემა და თქვით, რა პრობლემაა, ლონდონში გავივლით და გამოვივლითო. რას ამბობთ, ხალხო, დაფიქრდით ცოტა!

- თქვით, რომ ფარცხალაძის თაობაზე ხშირად კამათობდით. მისი გავლენის სფეროები მაშინაც მასშტაბური იყო? - თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც მისი საჭიროება, რაღაცა ფუნქციები შენარჩუნდა... დიახ, ამაზე ხშირად ვკამათობდით.

ფარცხალაძის საჭიროება სხვადასხვა საკითხში ვლინდებოდა. მაგალითად, საარჩევნო თემებში, კონკრეტულ ოლქებში რაღაცის მობილიზება და ასე შემდეგ.

- ანუ ბიძინა ივანიშვილი დავალებულია ფარცხალაძისგან? - მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ფარცხალაძეს საჭირო ადამიანად თვლიდა.

- საინტერესოა, საიდან მოდის ამ პრობლემის სათავე? - მე უფრო ის მაინტერესებს, ამ ყველაფრიდან ხვალ სწორი ნაბიჯი როგორ გადავდგათ, ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს. აღარ სჭირდება ამას ძალიან დიდი ანალიზი. დიახ, ადამიანმა, რომელიც სერიოზული ტვირთი მოიკიდა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სააკაშვილის მმართველობის მოშორებით დიდი პრობლემების მოცილებაში, რომელმაც ქვეყანა გაათავისუფლა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მთავარ საქმეს, რასაც ხელი მოჰკიდა, ანუ ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვა. ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიხატა. ახლა ჩემი მიზანი და ამოცანაა დავასკვნა, რომ ქვეყანას სჭირდება, ამასთან, ძალიან სწრაფად და მალე, უკეთესი პატრონი, უკეთესი ხელისუფლება.

- მაშინ ვინ მართავს დღეს ქვეყანას? - არავინ მართავს დღეს ქვეყანას. დამიჯერეთ, მეტი რა ვქნა, დავიფიცო, დავიგინო, დავწერო და ჩამოვიკიდო?! არავინ მართავს ქვეყანას - ეს არის პრობლემა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორი კვირით არის წასული ნიუ-იორკში სერიოზულ საქმეზე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აქვს, ტრამპთან შეხვედრა... უამრავ კოლეგას შეხვდა, ხელი ჩამოართვა, დარწმუნებული ვარ ქვეყნის საქმეებზე ილაპარაკა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მასთან: მსოფლიოს 230 ქვეყნიდან ჩასული ლიდერებიდან ვინ არის ორი კვირით ჩასული თავისი ქვეყნიდან და თან ისეთი ქვეყნიდან, რომ გაიხედ-გამოიხედავ, ყველაფერი თითქოს თავზე გენგრევა. ერთ დღეს ეს ხდება, საღამოს ის ხდება, ერთი მინისტრი ამას ამბობს, მეორე იმას, მარიხუანას მოყვანის კანონპროექტი შემოიტანეს, გაიტანეს... შს მინისტრს შემოაქვს ეკონომიკის გადარჩენის კანონპროექტი მარიხუანას მოყვანაზე... აი, ეს ხდება.

- კულუარულად, როგორც ვხედავთ, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რაც ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას. - კულუარულადაც არავინ მართავს, დამიჯერეთ! ჩვენი პრობლემა უმართაობაა და არა ცუდი მართვა. ივანიშვილი ასე მართავს - აი, ვთქვათ, ამ საკითხში ჩაერევა, დანარჩენი არ აინტერესებს. არ თვლის, რომ ეს მისი საქმეა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დანარჩენ საკითხებს სხვები ვერ წყვეტენ. შიშობენ, ვაიდა, ივანიშვილს ერთხელაც დააინტერესოს, მერე სად მიდიან?! რამდენი მინისტრი თუ პრემიერი წავიდა, წამოვიდა... ვიღაცა თურმე სიღარიბეს უმალავდა. დავიჯეროთ, მას ვინმე რამეს უმალავდა? პრობლემა ის არის, რომ ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მართავს წერტილოვნად, ამორჩევით საკითხებში, დანარჩენ საკითხებში უმართაობა და ქაოსია.

- ვის აძლევს ხელს ეს უმართაობა და ქაოსი? ვხედავთ, რომ ივანიშვილის სახელით, მისი გარემოცვის სახელით, სხვადასხვა ავტორიტეტის გამოყენებით ფულს აკეთებენ. - ოქრო სად უნდა ეძებო, სპეციალისტებმა იციან, იციან, სად აქვს ძებნას აზრი.

სად იფურჩქნება კორუფცია? იქ, სადაც ხელისუფლების დეფიციტია. როდესაც უფლებამოსილი, პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული პირები - მერი, მინისტრი, პროკურორი, მებაჟე, გადასახადის ამკრეფი და ა.შ. - არ სხედან სახელისუფლებო ჩარჩოებში და არ იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც კი რაიმე თემა რჩება უპატრონოდ, იმ თემას ეპატრონებიან არა ეშმაკები, არამედ კონკრეტული პირები, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის შესაძლებლობა ეძლევათ.

ისინიც ხომ ადამიანები არიან და იწყება ცდუნებების კასკადი - საკმარისია ორი ცდუნება, რომ მესამე, მეოთხე და ოცდამეჩვიდმეტე გარდაუვალია. ორჯერ ცდუნებული და ხელწაცდენილი ფიქრობს, მე შემიძლია ახლა დავრეკო და... რაღაცა წილში ჩავჯდე. თუ ეს ორჯერ გავაკეთე, მესამედაც რატომ არ უნდა გავაკეთო? მე საჭირო კაცი ვარ და ხმას არავინ გამცემსო. რა თქმა უნდა, 37-ედაც გააკეთებს. ეს ჯაჭვური რეაქციაა.