ლილია შევცოვა: "პუტინი პოლიტიკური იმპოტენტია" - კვირის პალიტრა

ლილია შევცოვა: "პუტინი პოლიტიკური იმპოტენტია"

აღიქვამენ თუ არა ქართველებს მტრად რუსეთში, ეძებს თუ არა პუტინი მემკვიდრეს და რისი იმედი უნდა გვქონდეს ქართველებს ნავალნისგან, თუ ის ოდესმე მოახერხებს და ახალი რუსეთის ლიდერი გახდება, ამ ყველაფერზე ცნობილ რუს მკვლევარს, პროფესორ ლილია შევცოვას ვესაუბრეთ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

- გამოსვლისას რუსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულების პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზანი?

- უპირველესად ის, რომ რუსეთში, რაც უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, იკლო ანტიდასავლურმა განწყობამ. ლევადა-ცენტრის მიერ გამოკითხულ რუსთა 68%-ს სურს, რომ რუსეთს დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. უკეთესობისკენ შეიცვალა ამერიკელების მიმართ დამოკიდებულებაც - 20-დან 42%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს, სულ რაღაც 7-8 წლის წინ რუსების 62% საქართველოს მტრად აღიქვამდა, დღეს კი მხოლოდ 7-8%-ს აქვს ასეთი მოსაზრება. როდესაც თბილისში დავდივარ, საითაც უნდა გავიხედო, სულ რუს ტურისტებს ვხედავ. რუსეთს ოკუპირებული აქვს თბილისი, მაგრამ ტურისტებით და არა ტანკებით.

- ბევრს აღიზიანებს რუსი ტურისტების აქ ყოფნა, ზოგი კი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გაუარესება ტურისტების დინებას შეწყვეტს. - თქვენი აეროპორტები, რესტორნები და ბინები თუ სასტუმროები ღიაა რუსებისთვის, რამაც შეცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი. მე ვიცნობ ბევრ ოჯახს, რომელთაც არ სურთ ყირიმში წასვლა გასაგები მიზეზების გამო და ამბობენ, რომ საქართველო მაინც ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილია. მე შვილებთან ერთად უკვე მეორე შვებულებას ვატარებ საქართველოში. ასე რომ, ქართული სტუმართმოყვარეობის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ცვლის რუსების შეხედულებებს საქართველოზე.

- შეიძლება რუსების აღქმა შეცვალოს, მაგრამ მოახდენს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას კრემლზე? - არა მგონია, ქართველებს, უკრაინელებს ან თავად რუს ხალხსაც რაიმე გავლენა ჰქონდეს კრემლის პოლიტიკასა და მსოფლმხედველობაზე. მაგრამ არის ერთი ფაქტორი - არის პუტინის ლოგიკა. მას არ შეუძლია უკან დაიხიოს, უკან წაიღოს ნათქვამი და ის, რაც გააკეთა. თუ უკან დაიხევ, ე.ი. თავი შეირცხვინე, დაფრთხი, სუსტი ხარ და ხალხმა მხარი აღარ უნდა დაგიჭიროს.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სწორედ ასეთი, პოკერის წესებით - ყველაფერზე ან არაფერზე თამაშით ინარჩუნებს პუტინი ძალაუფლებას? - ვეთანხმები, მაგრამ ამავე დროს უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ყოვლისშემძლეცაა და იმავდროულად, პოლიტიკური იმპოტენტიც - მას ხელთ აქვს კონტროლის ყველა სადავე და იმავდროულად, გამუდმებით ხერხავს იმ ტოტს, რომელზეც ზის - სკრიპალის საქმე ძვირად დაუჯდა, პენსიების რეფორმამ მისი ამომრჩევლების ბაზა გააცამტვერა, უკრაინაც ნუ დაგვავიწყდება - როგორ აპირებს აქედან გამოძრომას? სირია? სანამდე აპირებს ასადის თრევას? ერთი მხრივ, მის პოლიტიკას ტაქტიკური წარმატება მოაქვს, მეორე მხრივ კი სტრატეგიული კატასტროფები.

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ბოლო ინტერვიუში, პუტინი ნერონს შეადარეთ. რომაელი იმპერატორები, როგორც წესი, სანამ გადადგებოდნენ, მემკვიდრეს ირჩევდნენ, ან თვითონ ან ვინმეს დახმარებით გამოეთხოვებოდნენ სიცოცხლეს. პუტინი მემკვიდრის არჩევას გაურბის. რატომ? - პუტინს, ალბათ, ღამე კოშმარებში ეღვიძება იმაზე ფიქრში გათანგულს, თუ ვის უნდა ანდოს ის, რისთვისაც ამდენი იწვალა, ვინ უნდა ჩაიბაროს მისი მემკვიდრეობა. იმავდროულად, თითსაც ვერავისკენ გაიშვერს, რადგან როგორც კი ამას იზამს, კორუმპირებული ელიტა მას მიაგდებს და მომავალ იმპერატორს შემოეხვევა გარს.

- ანუ მემკვიდრეს არ დაასახელებს, სანამ უკიდურესად არ დასუსტდება... - ან სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ მემკვიდრე ყველაფერს დაუჯერებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მეორე მედვედევი აღარ გამოადგება და აი, რატომ - მედვედევი დროებითი ზომა იყო, რუსეთის ახალ პრეზიდენტს კი ძალაუფლების გასამყარებლად წარსულის დანგრევა და ახალი მმართველობის სამსხვერპლოზე მიტანა მოუწევს, როგორც ამას ადრე რუსი იმპერატორები აკეთებდნენ.

- ათწლეულებია ლაპარაკია ახალ რუსეთზე, რომელიც თავის სიტყვას იტყვის - ეს ის რუსეთია, რომლის ხალხი არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ჰყავს, ისინი უკეთეს მთავრობას იმსახურებენ და, ადრე თუ გვიან, სწორედ ეს ხალხი გაუძღვება რუსეთს. მე ვიცი, რომ თქვენ ამის გჯერათ, მაგრამ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი? - პასუხი არა გვაქვს, მაგრამ იმავდროულად, მიუხედავად ჩემი სკეპტიციზმისა, როდესაც ვუყურებ ახალ თაობას, ახალგაზრდობას, მინდა მჯეროდეს, რომ სწორედ ეს ხალხი, ის 68%, რომელსაც დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს, გახდება ის ნიადაგი, რომელზეც ახალი რუსეთი აღმოცენდება. პრობლემა ის არის, რომ პირველად რუსეთის ისტორიაში ელიტა, რომელიც, როგორც წესი, ცვლილებების მომტანი ძალაა, დღეს ცინიზმის მეტს არაფერს გვაძლევს. ასე რომ, ახალი რუსეთისთვის ჯერ რუსი ელიტა არ არის მზად.

- რიგით დასავლელს თუ შეეკითხებით, ვინ მიაჩნია ახალი რუსეთის სახედ, დიდი ალბათობით ნავალნის დაგისახელებთ. - უნდა ვაღიარო, რომ კრიტიკულად ვარ განწყობილი ნავალნის ზოგი რიტორიკის მიმართ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ მას აქვს იმდენი გამბედაობა, ახალი რუსული ტომის ბელადი გახდეს. მხოლოდ მას შეუძლია მთელ რუსეთში იპოვოს ხალხი, რომელიც მოუსმენს. ჯერჯერობით ამ ჩვენს მიტოვებულ და მწირ სცენაზე მხოლოდ ერთი მოთამაშე გვყავს და მას მხარი უნდა დავუჭიროთ.

- ეს არის ადამიანი, რომელსაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად მიაჩნია, რომელიც თვლის, რომ ყირიმი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. - თქვენს შეშფოთებას მეც ვიზიარებ, რადგან ნავალნი პოპულისტია და ცდილობს ნაციონალისტურ განწყობებზეც ითამაშოს, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. მაგრამ, ვფიქრობ, ნავალნი ვითარდება. ამ მომენტში მან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ზოგიერთ გამოწვევას. არ გამოვრიცხავ, მან ხედვა შეიცვალოს. ის ძალზე მოქნილი პოლიტიკოსია, რაც კარგიცაა და ცუდიც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ის დღესდღეობით ერთადერთი ძლიერი მოთამაშეა, რომელიც გვყავს, მაგრამ თანდათანობით გამოჩნდებიან სხვა მოთამაშეებიც. შტორმის დროს პირველი კი არა, მეცხრე ტალღაა ყველაზე ძლიერი. როდესაც ეს ცუნამი დაიწყება, არავინ იცის, ვინ მოახერხებს ტალღებზე დარჩენას.

ვაჟა თავბერიძე