"საპრეზიდენტო კანდიდატების სიმრავლით პარტიები ბიუჯეტიდან დიდ ლუკმას ითრევენ" - კვირის პალიტრა

"საპრეზიდენტო კანდიდატების სიმრავლით პარტიები ბიუჯეტიდან დიდ ლუკმას ითრევენ"

როგორ შოულობენ ფულს ურეიტინგო პარტიები

პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების საკითხი ყოველი არჩევნების წინ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მუდმივად ჩნდება კითხვა, ხომ არ ტრიალებს "შავი ფული" ამა თუ იმ კანდიდატის თუ პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანიის წარსამართავად, ხომ არ არის ის არაქართული წარმოშობის და რა მექანიზმები არსებობს ამის თავიდან ასარიდებლად? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი ესაუბრა.

- ხშირად პარტიების საარჩევნო კამპანიები ბევრად მეტი ხარჯის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე აუდიტის სამსახურში წარდგენილ ანგარიშებში ჩანს. "შავი ფული" არადეკლარირებული ფულია, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფონდის ავლით სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად გამოიყენება. მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნებზე მრეწველთა პარტიასთან ერთად ბლოკში იყო პარტია "ჩვენი საქართველო", რომლის ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა 2 წლის შემდეგ ერთ-ერთ ტელეგამოსვლაში თქვა, გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის საარჩევნო კამპანიისთვის ნახევარი მილიონი გადავიხადეო. ჩვენ შევისწავლეთ ფინანსური დეკლარაციები და აღმოჩნდა, რომ ის ნახევარი მილიონი არსად დაფიქსირებულა. მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რომელმაც მოკვლევა დაიწყო, რაც დღესაც გრძელდება. ასე რომ, შესაძლებელია ის ბიზნესმენი (თუკი მართლაც აფინანსებდა მავანის საარჩევნო კამპანიას და ამის დეკლარირებას არ ახდენდა) ორმაგი ოდენობის თანხით დააჯარიმონ. ეს შემთხვევა იმითაც არის საინტერესო, რომ ზვიად ჩიტიშვილმა ბიზნესი რუსეთში ააწყო და შესაძლოა მისმა მონაწილეობამ ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ამ მხრივაც აღძრას ინტერესი.

"შავი ფულის" თემა ამჯერადაც აქტუალურია. განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც გამომზეურდა "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებული ფარული ჩანაწერები, სადაც ლაპარაკია პარტიის ფონდსა და მასში გადარიცხულ თანხებზე, მაგრამ რამდენად არის ეს სიმართლე? იმის დამტკიცება, რაც ფარულ ჩანაწერებშია, ძალიან რთულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ბიზნესმენს (ან რომელიმე სხვა პერსონას) შეუძლია თქვას, რომ სატელეფონო საუბრისას ამა თუ იმ ფრაზის წარმოთქმა რაღაც მიზნით დასჭირდა და გამოძიება შორს ვეღარ წავა.

- რა დასკვნის გამოტანის საშუალებას გაძლევთ ის ფინანსური ანგარიშები, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა აუდიტის სამსახურს წარუდგინეს? - წელს განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, არის ხელისუფლება, რომელსაც არ ჰყავს კანდიდატი, მაგრამ დეკლარირებულად მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს, და მეორე მხრივ, გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" ჰყავს საარჩევნო კანდიდატი (გრიგოლ ვაშაძე), თუმცა მის შემადგენლობაში შემავალ კვალიფიციურ სუბიექტებს ცალ-ცალკე ჰყავთ საპრეზიდენტო კანდიდატები. ასეთივე მდგომარეობაა "ევროპულ საქართველოში". მის ბლოკში შემავალ ორივე პარტიას ("ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის") ჰყავს ორი კანდიდატი - კარგად გაპიარებული დავით ბაქრაძე და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ირაკლი გორგაძე. ჩამოვთვალოთ ბლოკში "ძალა ერთობაშია" შემავალი კანდიდატებიც: ზვიად ბაღდავაძე ("სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო"), გრიგოლ ვაშაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ზვიად იაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია) და მიხეილ ანთაძე (პოლიტიკური გაერთიანება - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"). კანდიდატების სიმრავლით პარტიები დიდ ლუკმას ითრევენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საინტერესოა, რომ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას", რომელიც ადრე პატრიოტთა ალიანსთან ერთად იყო ბლოკში, კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის სტატუსი აქვს. მას წინა თვითმმართველობის არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა, ახლა კი საპრეზიდენტო კანდიდატი (გელა ხუციშვილი) ჰყავს. რა თქმა უნდა, ფინანსური ბენეფიტის მისაღებად.

- ვინ რა ფინანსურ სარგებელს იღებს და რა საბიუჯეტო თანხა შეიძლებოდა დაზოგილიყო საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში? - საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნების დღეს კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს უბნებზე წარმომადგენლებისთვის ბიუჯეტიდან ეძლევათ ყოველ საარჩევნო უბანზე - 100, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარი. საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა, შედარებით მეტ დაფინანსებას იღებს, ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარს, საარჩევნო ოლქზე კი 200 ლარს.

სულ არის 3659 საარჩევნო უბანი. გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" ჰყავს 4 კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი. აქედან თითოეული საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლებისთვის იღებს ნახევარ მილიონზე მეტს (3659 უბანია და თუ 150–ლარს უბნების რაოდენობაზე გადავამრავლებთ, 548.850 ლარს მივიღებთ). ე.ი. ჯამში ოთხ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტზე, რომელთაც "ძალა ერთობაშია" აერთიანებს, 2 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი (უფრო თუ დავაზუსტებთ, 4-ჯერ 548.850 უდრის 2 მილიონ 195 ათას 400 ლარს.) ამას საარჩევნო ოლქებში წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი თანხებიც რომ დავუმატოთ - სულ 73 საარჩევნო ოლქია და თითოეულ ოლქში წარმომადგენელზე 200 ლარია გათვალისწინებული - ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი უფრო გაიზრდება.

ბლოკში შემავალ პარტიებს ცალ-ცალკე კანდიდატის წარდგენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება სწორედ ნაციონალებმა მიიღეს, მოგვიანებით კი "ქართული ოცნებისთვისაც" მისაღები აღმოჩნდა. შედეგად, ესა თუ ის პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდა არა საკუთარი რეიტინგის გათვალისწინებით, არამედ ბლოკში გაწევრებით. ასეთი ურეიტინგო პარტიები დაფინანსებას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებენ.

- შემომწირველებზე რას გვეტყვით? - 2018 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, იანვარი-ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი თანხა მიღებული აქვს პოლიტიკურ გაერთიანებას "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", სულ 274.224 ლარი. მეორე ადგილზეა "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" 119.997 ლარით, მესამეზე - "ქართული ოცნება"- დემოკრატიული საქართველო" 93.025 ლარით.

ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნები, როცა შემოწირულობებით სახელისუფლებო პარტია ლიდერობდა, მაგრამ ახლა ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება თავისი ფინანსური რესურსით ვერ დაეხმარება დამოუკიდებელ კანდიდატს. ამდენად, ის შემოწირულობა, რაც სახელისუფლებო პარტიის ფონდში უნდა შესულიყო, მთლიანად დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდში წავა.

2018 წლის 1-ლი აგვისტოდან 11 სექტემბრამდე პერიოდს თუ გადავხედავთ, დაფინანსების სურათი ასე გამოიყურება: "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო 345.476 ლარი, "ევროპულმა საქართველომ" - 293.156 ლარი, სალომე ზურაბიშვილმა - 109.021 ლარი, "გირჩმა" - 8.943 ლარი, "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 8.700 ლარი, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ" - 2.000, "თავისუფალმა საქართველომ" - 1.791, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" - 400, ეროვნულმა ფორუმმა - 350... სიაში მესამე ადგილზეა "დამოუკიდებელი კანდიდატი" სალომე ზურაბიშვილი, ხოლო "ქართული ოცნება" ათეულშიც აღარაა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების ფენომენი შემომწირველებზე კვლავაც გავლენას ახდენს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევნების დასრულებამდე სალომე ზურაბიშვილი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

შემომწირველებიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია ბატონმა ლერი კაპანაძემ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" იანვრიდან ივლისამდე შუალედში 50.000 ლარი შესწირა. ბატონი ლერი რამდენიმე შპს-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მაგ. შპს "იმედი 2015"-ში 100%-იანი წილი აქვს, შპს "ეი-ელ ჯგუფში" - 45%-იანი, შპს "აქცეპტში" - 80%-იანი, (ნიშანდობლივია, რომ 2011 წელს კომპანიის აქციების 80%-ის მფლობელი ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე იყო). ლერი კაპანაძე ასევე არის შპს "ჰერფორდისა" და სს "დიდველის" დირექტორი. ის ყოველ არჩევნებზე წირავს თანხას მმართველ პარტიას. ჩანს, ბატონი ლერი დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან" და რამდენად აისახება ეს კავშირი მოგებულ ტენდერებზე, ცალკე საკითხია. შპს "იმედს" 2015 წელს 2 ტენდერი აქვს მოგებული, რის შედეგადაც ჯამში 245.162 ლარი მიუღია. სხვათა შორის, საინტერესოა, მისი შემოწირულობები რეალურად ვინ გაიღო. ამ მიმართულებით კვლევას განვაგრძობთ და ინფორმაციას აუდიტის სამსახურსაც მივაწვდით.

საარჩევნო პერიოდში "ევროპულ საქართველოს" 54.999,30 ლარი შესწირა ვინმე აკაკი კილასონიამ, რომელიც საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ჩვენი ინფორმაციით, მას ბიზნესი არა აქვს. ალბათ, თანხის წარმომავლობას აუდიტის სამსახურთან თავად დაასაბუთებს.

კიდევ არაერთი ის შემომწირველი აჩენს ეჭვს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის დიდი თანხები გაიღეს, მაშინ როცა მათი შემოსავლები ამის საშუალებას არ იძლევა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს აქვთ რაღაც ოდენობის თანხა, რომელიც სანდო პირებს გაუნაწილეს და მათ შემოწირულობები გააკეთებინეს, ისე, რომ ფიზიკურ პირზე დაწესებულ ლიმიტს არ გადასცდენოდნენ. ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. კითხვას გვიჩენს დავით და ირაკლი კირკიტაძეების მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად გაღებული 120.000 ლარიც...