"ივანიშვილი ცაიტნოტშია... უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ცაიტნოტშია... უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!"

"მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ"

საქართველოში ფარული ჩანაწერების სკანდალი არ წყდება - 6 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ისევ "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. ჩანაწერში კვლავაც ამ კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. მათი დიალოგიდან ისე ჩანს, რომ კორუფციული გარიგებისა და ბიუჯეტის გვერდის ავლით მილიონების გადახდის საქმის მონაწილე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერამდე ლევან ყიფიანის საკმაოდ უცნაური განცხადება მოვისმინეთ. მან ზაზა ოქუაშვილი აუდიომასალის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოქუაშვილმა მას შესთავაზა, გაეკეთებინათ აუდიოჩანაწერები, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, რომ ვითომდა მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ამ ჩანაწერების გამოყენებას ოქუაშვილი თითქოსდა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად აპირებდა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გვესმის ბიძინა ივანიშვილის გვარი, მე მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამ ბინძური თამაშის თანამონაწილეა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ამ ძალიან მძიმე ისტორიას, დროთა განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სიბინძურეს გაემიჯნოს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამას გადააგორებენ და ეს ამბავი ვინმეს დაავიწყდება, ბრიყვია და მეტი არაფერი. ახლა საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის, მისი ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გამოძიება და დასასჯელის დასჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი. თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მაშინ, ფაქტობრივად, ის ვითარება, ის განცდა, რაც საზოგადოებაშია ჩაბუდებული, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, დადასტურდება.

ახლა ივანიშვილის უმოქმედობა იქნება ამ ყველაფერზე ხელის მოწერა, პასუხისმგებლობის აღება, რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებდი. მესმის, იმ ხალხმა, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში შავი საქმეები აკეთა, დიდი გავლენა და სავარაუდოდ, დიდი ფულიც იშოვა, ისინი ამას იოლად არ შეელევიან, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათთან გამკლავება მოხერხდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა დიდი გალავნები და ღრმა ბუნკერები აშენონ, ფარცხალაძეც და სხვებიც ვერსად დაიმალებიან.

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საკმაოდ მდორედ დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია კი სულ უფრო სკანდალურ ხასიათს იძენს. შემაშფოთებელიც კი არის პოლიტიკურ ძალთა ერთმანეთის მიმართ გამოხატული აგრესია და კომპრომეტირების მცდელობა. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას? - ერთია წინასაარჩევნო ვითარების შინაარსი და მეორე - ფორმა. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვართ წინასაარჩევნო პროცესში. ეს არის რაღაც რეალითი-შოუ, როდესაც ამომრჩეველი დისტანცირებულია პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ელიტისა და საპრეზიდენტო კანდიდატებისგან - არ სჯერა მათი, არ უსმენს, არ შედის პირდაპირ კომუნიკაციაში, ყველაფერს უყურებს ტელევიზორში... ეს არის გარკვეულწილად სპექტაკლი და არა არჩევნები. ამომრჩეველს არ სჯერა არავისი. საპრეზიდენტო კანდიდატების რიტორიკას, დაპირებებს სულ ჩალის ფასი აქვს, მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი ხალხს ჰპირდება ისეთ რამეებს, რისი გადაწყვეტის უფლებაც პრეზიდენტს აღარ აქვს. ამ ყველაფრის შედეგად არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას...

სალომე ზურაბიშვილთან მეც მაქვს პრეტენზიები და არ მიმაჩნია, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ მის მიმართ ეს ზღვარგადასული ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია. მაგალითად, ლაპარაკი მის მოღალატეობაზე, რუსეთის აგენტობაზე სრული აბსურდია, თუმცა არც მეორე მხარე აკლებს.

უცნაურია, რომ ორი მთავარი კანდიდატი რუსეთის აგენტობაშია ბრალდებული. ამ პროდასავლურ ქვეყანაში რატომ არის ყველა რუსეთის აგენტი, ეს რა უბედურება გვჭირს, არ ვიცი...

აი, ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ. ეს მანკიერი წრე განპირობებულია იმით, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა მძიმედაა ავად, ფაქტობრივად, გამოუვალ კრიზისში არიან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

- გასულ კვირას "ქართული ოცნების" შეკრებისას ბევრი ელოდა, რომ მმართველი პარტია იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრებდა, რაც ბოლო ხანს აწუხებს ქვეყანას, შეეცდებოდნენ, გაეცათ პასუხი დაგროვილ კითხვებზე, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და ისევ არაფრისმთქმელი ლოზუნგები მოვისმინეთ. - "ქართულ ოცნებას" არ ესმის ერთი მარტივი ჭეშმარიტება - დღეს მისი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის ან კონკრეტული საქმეები - ხორავას ქუჩის ტრაგედია, ოქუაშვილის თემა და ა.შ., არამედ მისი პრობლემაა ის, რომ მან თავის თავში გამოზარდა ურჩხული სისტემის სახით, რომელიც ახლა შიგნიდან მასვე ჭამს. დღეს ხელისუფლება მძევლად ჰყავს "კოლექტიურ მურუსიძეს", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან გადმოიბარეს.

განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და "ქართული ოცნების" მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. "ქართულ ოცნებას" ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში და ლამის ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იყენებენ თვითდაზიანებებს...

ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ.

ხორავას ქუჩის საქმე გავიხსენოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება და მართლა ვიღაცას ფარავს, უბრალოდ, აღარ შეუძლია გამოძიება. როდესაც ამ ავადსახსენებელმა სისტემამ საქმე გამოძიების პირველ ეტაპზევე დააზიანა, უკვე ჯადოსნურ წრედ იქცა საგამოძიებო პროცესი, რომლიდანაც ვეღარ გამოდიან.

იმ მანკიერებათა შორის, რამაც იჩინა თავი, ყველაზე შემაშფოთებელი სისტემური კორუფციაა. ოქუაშვილის საქმე ავიღოთ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ის ანგელოზი არ არის, მაგრამ ისე მოახერხეს, რომ ოქუაშვილიც კი ხელისუფლების ინტერესჯგუფებთან შედარებით ლამის კეთილშობილად გამოიყურება.

არ მესმის, რაში სჭირდებოდათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილების მიღება, ამით ხომ თბილისელების გული ვერ მოიგეს, პირიქით, ბევრი გაღიზიანდა კიდეც, ქუთაისელები კი მოიმდურეს.

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება ხომ წმინდა წყლის სიბრიყვეა, ამას არ სჯობდა, პირდაპირ ეთქვათ, ჩვენი კანდიდატიაო. ჩვენ ვხედავთ, ვინ უდგას გვერდით სალომე ზურაბიშვილს - "ქართული ოცნების" აქტივი და პარტიის ფინანსები, რომელიც სამედიცინო კლინიკების გავლით ძალიან უცნაური წესით აითვისეს.

მარიხუანას თაობაზე წამოჭრილი ინიციატივაც გავიხსენოთ... რომელი ერთი საკითხი ვახსენო, სადაც აშკარად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნები.

ლევან ყიფიანის აღიარებაც თვითდაზიანების მაგალითი იყო. ყიფიანი რომ გამოსულიყო და ეთქვა, ეს ყველაფერი ტყუილი და ფაბრიკაციააო, უფრო მეტად დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე ის კომიკური ვერსია, რაც შემოგვთავაზა. ლევან ყიფიანი ახლა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელმაც აღიარა თაღლითობა იმ მიზნით, რომ სამართლებრივად რაღაც შეეფუთა.

კი ბატონო, მე შეიძლება არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იმაზე მეტად არ მომწონს ვაშაძე, იმიტომ, რომ ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩემში ძალიან უარყოფით ემოციას იწვევს. რა არჩევანი გვაქვს? არჩევანი სადიზმსა და მაზოხიზმს შორის? ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი? არც სადისტი ხელისუფალი მინდა და არც მაზოხისტი, მე მინდა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, რომლებიც მომავალზე იქნებიან ორიენტირებული და რაც მთავარია, მხოლოდ სურვილი კი არ ექნებათ კარგის კეთების, არამედ რეალურად შეეძლებათ კიდეც.

- ელით, რომ მესამე ცენტრის ჩანასახი "ქართული ოცნების" წიაღშივე გამოჩნდება? - მეეჭვება. საქმე ის არის, რომ "ქართულ ოცნებაში" ვერ მოხდა ლიდერების გენერაცია. პირიქით, ამ პარტიის პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდა პარაზიტად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რესურსებით იკვებება და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ასე რომ, სკეპტიკურად ვუყურებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებაში" არსებულ ჯგუფებს აქვთ ასეთი ილუზიები, მაგრამ მათი პოლიტიკური პოტენციალი ძალიან შეზღუდულია.

თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს.

"კოლექტიური მურუსიძე" მეტასტაზებივით მოედო ყველა სფეროს. მათგან ყველაზე სახიფათო კორუფციული გამოვლინებაა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტაზე ინტერესჯგუფების დომინირების სიმპტომები.

ჩვენ ვერაფრით გამოვედით გარდამავალი პერიოდიდან, რომლის დროსაც მუდმივად ჩნდება კონფლიქტი: ფული მუშაობს პოლიტიკაზე თუ პოლიტიკა ფულზე.

სააკაშვილმა ისე მოახერხა, რომ ფულს პოლიტიკაზე ერთი სალაროს პრინციპით ამუშავებდა, ანუ იყო პოლიტიკური ვერტიკალი და მის სალაროში იქაჩებოდა ყველაფერი. დღეს კი პოლიტიკამ დაიწყო ფულზე მუშაობა და სხვადასხვა ინტერესჯგუფი პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ შეფუთონ მათი ინტერესები. ის პირველიც უბედურებაა, მაგრამ ეს მეორე კიდევ უფრო სახიფათოა. რატომ? - იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე იკარგება კონტროლი და კორუფციის სენი მთლიანად ძირავს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას აცლის საფუძველს.

ოქუაშვილის საქმე იმით კი არ არის საინტერესო, ვინ მართალია და ვინ მტყუანი - ჩემი აზრით, ამ საქმეში ყველა მტყუანი და დამნაშავეა, ოქუაშვილის ჩათვლით - ეს საქმე იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ბოლო ზარი იმის გასარკვევად, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი, ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკური ელიტა თუ ინტერესთა ჯგუფები?

რატომ მაქვს იმედი, რომ გამოსავლის პოვნა კიდევ შესაძლებელია? - საქმე ის არის, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები განსაკუთრებულ კომფორტში არიან, რადგან როცა რაღაცებს ჩალიჩობენ, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს იყენებენ ისე, რომ მან არაფერი იცის... იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას, ყველაფერში კი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. ეს არ ხდება მხოლოდ ბიზნესინტერესების თვალსაზრისით, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. გინახავთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ან ბიზნესელიტა გადაფარებოდა ოდესმე ბიძინა ივანიშვილს, დაეცვა მისი სახელი, თუ არ ჩავთვლით რაღაც ოდიოზურ განცხადებებს? არა, იმიტომ, რომ ამ პარაზიტულმა სისტემამ კომფორტი იგრძნო, თვითონ სახლობანას თამაშობენ, ფულსაც შოულობენ, თანამდებობებზეც არიან, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებენ... ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ ბიძინა ივანიშვილია, რაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს ივანიშვილმა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ამ ძალიან მანკიერ ვითარებას წერტილი დაუსვას!

- ის პირები, რომლებიც ინტერესთა ჯგუფებს წარმოადგენენ, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ხალხია. გავიხსენოთ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მისი ოჯახის ახლობელია, ცნობილია, რომ მასთან ბერა ივანიშვილი მეგობრობს... როდესაც ოქუაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილი გამოჩნდა, "ომეგა ჯგუფის" სკანდალი კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა, თუმცა ამის გაგრძელებად ვნახეთ, თუ როგორ ეწვია ბიძინა ივანიშვილი ჩხარტიშვილს სტუმრად. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ინტერესთა ჯგუფები მისგან ფარულად არ მოქმედებენ. - გეთანხმებით, რომ გარედან ეს სწორედ ასე ჩანს, რაც ბევრს უჩენს ეჭვს, თუმცა რეალურად გაცილებით რთულად უნდა იყოს საქმე. ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი ამ საქმეში, რადგან ვიცნობ მას, ვისი მისი მასშტაბი და შეხედულებები. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერესი აქ არ არსებობს, თუმცა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი.

ივანიშვილს უკვე შევთავაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კარგი იქნებოდა, ჩამოეყალიბებინა სისტემური ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ამ ყველაფერს.

ეს იქნება მისი პოლიტიკური ალიბი, რომ ეს არ ხდება მისი ხელდასხმით. მას აქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მას ახლა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არა აქვს, მას პრობლემა აქვს იმ დასავლურ სამყაროსთან, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოქუაშვილის საქმის ამ უხეირო შეფუთვას ნამდვილად არ "ჭამენ".

ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად.

- რამდენჯერმე ახსენეთ, ხელისუფლება მძევალიაო, ანუ ეჭვობთ, რომ ვინც გარკვეული საქმეების დალაგებაში "შავად" დაიხმარეს, შესაძლოა დღეს "ქართულ ოცნებას" აშანტაჟებს? - დიახ, მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ... თუ მათ დაუპირისპირდებიან, კომპრომატებს, ალბათ, გამოააშკარავებენ, რაც დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური ელიტისთვის. თუ ეს დეგრადაციის პროცესი არ შეჩერდა, ამაზე გაცილებით მძიმე შედეგებით დაასრულებს "ქართული ოცნება", ამიტომაც ივანიშვილი უნდა წავიდეს ამ რისკზე.

- თქვენ უკვე ახსენეთ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული ფინანსები, რამაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. მისთვის თანხის შემწირველთა შორის ჭარბობდა ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების პერსონალი, რომელთა შემოსავალი მაინცდამაინც დიდი არ არის. - საერთოდ, ქართველი პოლიტიკური ელიტა ომერტის პრინციპით მსჯელობს ხოლმე და თითქმის არავინ მიიჩნევს ცოდვად არჩევნების შავი სალაროდან დაფინანსებას. იმავე პრინციპით ხდებოდა სააკაშვილის დროსაც თანხების შეწირვა. განსხვავება მხოლოდ უხარისხო შესრულებაშია. თუ სააკაშვილის დროს სალარო ჭკვიანურად ნაწილდებოდა, ახლა რაღაც იქს-თანხა დაიდო ზურაბიშვილის შტაბში, მაგრამ ამას სჭირდებოდა გათეთრება, ანუ რაღაც ანგარიშებიდან უნდა გადარიცხულიყო ფონდში. ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, როგორც ჩანს, ექიმია და ამ ორი კლინიკის ხელმძღვანელების გარდა არავის იცნობს, ამიტომაც სთხოვა დახმარება, შედეგად კი ასეთი კომიკური ამბავი მივიღეთ. მიშა სააკაშვილი ამას აკეთებდა იმ ხალხის დახმარებით, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც შემოსავალი და სანიტრების დონეზე არ დადიოდა.