ვინ გაიყვანა რუსეთის ჯარები საქართველოდან - კვირის პალიტრა

ვინ გაიყვანა რუსეთის ჯარები საქართველოდან

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს პასუხობს, რომ საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა მისი დამსახურებაა და როგორ შეიძლება, მას კრემლის ინტერესების მხარდაჭერას აბრალებდნენ. მმართველი გუნდიც ასეთივე განცხადებებს აკეთებს, თუმცა ეს განცხადებები ეწინააღმდეგება ფაქტებს და ამა თუ იმ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღს. ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ერთ დოკუმენტს მოაწერა ხელი, თუმცა მოლაპარაკების პროცესში სხვა ადამიანები მონაწილეობდნენ, ორ მთავარ დოკუმენტს კი ხელი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილე მამუკა კუდავამ მოაწერეს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიზნის მიღწევა რუსეთზე დასავლეთის ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით კი, მაშინ სამხედრო ბაზების გაყვანა რუსეთის პოლიტიკის ნაწილი იყო, რაც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ანექსიით განახორციელა...

საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი 1990-იანი წლების შუა ხანებში დადგა და მოლაპარაკების პროცესიც ამ დროიდან იწყება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოდან შეიარაღების დიდი ნაწილი გაიტანა, ნაწილი კი აქ დატოვა უსასრულო ვადით, ხელშეკრულების გარეშე.

1990 წლის ნოემბერში ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნები და ნატოს ქვეყნები ხელს აწერენ ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების ხელშეკრულებას. ამით ადგენდნენ ძალთა თანაფარდობას და ზღუდავდნენ თავიანთ შესაძლებლობას, განელაგებინათ საკუთარი შეიარაღება შეხების ხაზთან, მიზანი კი ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის პირობებში ევროპაში მოულოდნელი სამხედრო თავდასხმების თავიდან აცილება იყო.

1992 წელს გაფორმდ ტაშკენტის ხელშეკრულება, რომლითაც ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა შეიარაღების კვოტები გაინაწილეს. განაწილება ნაჩქარევად მოხდა და თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო, მათ შორის - რუსეთიც, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, კვოტის ნახევარი რუსეთისთვის დაეთმო.

ამ დროს ქვეყანაში შექმნილი პრობლემების გამო, ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ რუსეთს დროებითი განლაგების მექანიზმის გამოყენება შესთავაზა და კვოტების დროებით დათმობასაც დასთანხმდა.

1995 წლის 22 მარტს რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა (ამ დროს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძეა) ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შექმნის ხელშეკრულებას. შეიქმნა ოთხი ბაზა: ახალქალაქის, ბათუმის, ვაზიანისა და გუდაუთის.

დიდხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების პერიოდთან დაკავშირებითაც. კრემლი რუსული სამხედრო ბაზების 25 წლით განთავსებას ითხოვდა, ქართული მხარე კი თავდაპირველად ვადად 10 წელს ასახელებდა, მაგრამ საბოლოოდ ედუარდ შევარდნაძე რუსებს ბაზების 25 წლით განთავსებაზე დასთანხმდა (მომავალში გახანგრძლივების პერსპექტივით), ოღონდ ორი პირობით: 1. რუსეთი საქართველოს იურისდიქციას აღიარებდა აფხაზეთში და 2. რუსეთი საქართველოს ეხმარებოდა ჯარის შექმნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველები უარს აცხადებდნენ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს დასთანხმდა.

ამ ბაზების ადგილმდებარეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ბათუმის ბაზა იყო თბილისისგან, ფაქტობრივად, გამოყოფილი აჭარის მმართველის, ასლან აბაშიძის, საყრდენი. მისი მთელი ძალაუფლება სწორედ ამ ბაზებს ემყარებოდა. მეორე ბაზა გუდაუთაში - აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო, რაც სეპარატისტულ აფხაზეთზე რუსული გავლენის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. მესამე ბაზა განლაგებული იყო სომხებით დასახლებულ ახალქალაქში და თუ სომხები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ, რუსები იქვე იქნებოდნენ დასახმარებლად. მეოთხე, ვაზიანის ბაზის დანიშნულება თბილისთან სიახლოვე იყო. რუსეთს შეეძლო, ნახევარ საათში გადაესხა შეიარაღებული ქვედანაყოფი ვაზიანიდან თბილისის ცენტრში.

მაგრამ რუსეთმა არ შეასრულა ვალდებულება და დაიწყო საქართველოსთვის ხელის შეშლა, დაახლოებოდა დასავლეთს, განსაკუთრებით - ნატოსა და აშშ-ს. შედეგად საქართველოში დაიწყო ლაპარაკი რუსული ბაზების გაყვანაზე.

რუსებთან მოლაპარაკებები დაიწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, რომელიც ვენაში 1996 წლის მაისში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე რეზო ადამია და საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიგა ბურდული ხელმძღვანელობდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა კუდავა, ზურაბ ჩაფიძე, ლევან ნიკოლეიშვილი. რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებას, რომელშიც ბევრი დიპლომატი და სახელმწიფო მოხელე მონაწილეობდა, სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

1999 წლის ნოემბერში სტამბოლის ეუთოს სამიტზე უნდა შემდგარიყო შეთანხმება ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ადაპტაციის შესახებ. საქართველომ დღის წესრიგში დააყენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზების ნაწილის (გუდაუთისა და ვაზიანის) დაშლისა და გაყვანის საკითხი. ამ დროს ქართულ დელეგაციაში იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ადამია, ბათუ ქუთელია, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე.

17 ნოემბერს ადაპტირებულ ხელშეკრულებას და სტამბოლის შეთანხმებას"ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა, ბორის ელცინმა, ედუარდ შევარდნაძემ და ა. შ. ამ დოკუმენტების მიხედვით, 2001 წლის 1-ლ ივლისამდე კრემლს უნდა გაეთავისუფლებინა ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები. საქართველო დროებით აძლევდა მოსკოვს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, მაგრამ 2000 წლის განმავლობაში მხარეებს უნდა დაესრულებინათ მოლაპარაკებები ამ ორი სამხედრო ბაზის დახურვის ვადებზეც.

სტამბოლის დოკუმენტის რატიფიცირებისგან ბევრი ქვეყანა, მათ შორის - საქართველოც, თავს იკავებდა მანამ, სანამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, რუსეთი კი საქართველოს დასჯას ცდილობდა. პირველი ნაბიჯი 2000 წლის დეკემბერში გადაიდგა - რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.

2001 წლის ივლისში გაყვანილი იქნა ვაზიანის 137-ე ბაზა. ამავე წლის ოქტომბერში ასეთივე ბედი ეწია გუდაუთის 50-ე ბაზას, თუმცა, მისი შემოწმება არ ხერხდებოდა და რუსეთი მიზეზად აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ასახელებდა. რადგან რუსეთი არ ასრულებდა სტამბოლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის თაობაზე, მოლაპარაკებები გაჭიანურდა.

კარდინალური გარდატეხა მოახდინა 2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამ. ახალმა მთავრობამ რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი ბაზების მომარაგების გზების ჩაკეტვის შესახებ. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, თუ 15 მაისამდე არ გადაწყდებოდა ბაზების გაყვანის საკითხი და ეს პროცესი 2006 წლის იანვრამდე არ დასრულდებოდა, ქართველები რუსეთის ბაზებს შეუწყვეტდნენ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდებას. პარლამენტმა  მიიღო  რეზოლუცია, რითაც, პრაქტიკულად, დედლაინი მისცა საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთს,  რომ თუ 6 თვეში არ მიითებდნენ შეთანზმებას გაყვანაზე, მაშინ სხვა ზომებს მიიღებდა. ამ რეზოლუციის მიღება გიგა ბოკერიას, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო, დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. რეზოლუციის ტექსტიც მისი მომზადებული იყო და თავდაპირველად საკმაოდ მკაცრი ტექსტი იყო. მისი არგუმენტი ის იყო, რომ  პარლამენტის მიერ ამ სახის რეზოლუციის მიღება მოლაპარაკებების პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იქნებოდა და წაადგებოდა პროცესს.  თავდაპირველად რეზოუციის ამ შინაარსს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე და პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ შეთანხმდნენ ტექსტზე, სადაც კომუნიკაციების ჩაჭრა პირდაპირ არ იყო ნახსენები, მაგრამ ცალსახად იგულისხმებოდა და პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღო.

ამ დროს რუსეთმა, ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, საქართველოში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა მოითხოვა, რომელიც ბათუმში იქნებოდა განთასებული. ეს ცენტრი საქართველოსთვის იმაზე მეტი საფრთხის შემცველი იქნებოდა, ვიდრე ეს ბაზები იყო, რადგან სამხედრო ბაზები წარმოადგენდა სხვა ქვეყნის ჯარს, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დარჩა და რაც მთავარია, ამ ბაზების გაყვანა შეთანხმებული იყო რუსეთთან საერთაშორისო დონეზე. ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა კი ახალ რეალობას ქმნიდა, რაზეც წინა შეთანხმებები ვეღარ იმოქმედებდა და შესაბამისად, რუსეთისთვის ყველანაირად მომგებიანი ვითარება იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის შექმნას მხარს სწორედ სალომე ზურაბიშვილი და  გელა ბეჟუაშვილი უჭერდნენ. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილს რუსული მხარისთვის ამ ცენტრის შექმნაზე უკვე თანხმობაც ჰქონდა მიცემული, როგორც პროცესში გამოჩნდა და ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ მის პირობებს დასთანხმებოდა ქართული მხარე, რათა მას რუსულ მხარესთან პირობა არ დაერღვია. ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო გიგა ბოკერია და მას მხარი ნინო ბურჯანაძემ და მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირეს და რუსეთს ცენტრის გახსნაზე უარი უთხრეს.

საბოლოოდ, ამ რეზოლუციის საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ დასჭირდებოდათ 3-4 წელი, ნაცვლად ადრე დასახელებული 11-ისა. შეიცვალა მოთხოვნილი თანხაც - ის 500-დან 300 მილიონამდე შემცირდა. ამ ბაზებიდან პირველი ნაკადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გავიდა. აპრილში მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი სხვა ქვეყნის ჯარი არ განთავსდებოდა. მაისში ხელი მოეწერა ბაზების გაყვანის ხელშეკრულებას და ბოლო ვადად 2008 წლის გაზაფხული დასახელდა.

რუსეთი საქართველოს ბაზების გაყვანისთვის სთხოვდა ფულს. სინამდვილეში მოძველებული სამხედრო ტექნიკა რუსეთს არ სჭირდებოდა, არც რამდენიმე ტანკისა და 150 ოფიცრის გაყვანას სჭირდებოდა 500 მილიონი დოლარი - რუსეთს მხოლოდ საქართველოზე გავლენის დაკარგვა არ სურდა. საბოლოოდ, რთული მოლაპარაკებების შედეგად, 2005 წლის 30 მაისს რუსები დასთანხმდნენ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ხელი საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს.

ანალიტიკოსთა ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, მან ამ განცხადებას ხელი თავისი მაშინდელი სტატუსის გამო მოაწერა. გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი როლი დასავლეთის ლობირებამ ითამაშა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებით კი გამოჩნდა, რომ ჯარების გაყვანა მისი გეგმის ნაწილი იყო.

2006 წლის 31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც, ძირითადად, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების 2008 წელს დახურვას ეხებოდა. რუსებმა ორივე ბაზა ვადამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის ნოემბერში გაიყვანეს, ნაწილი - სომხეთში, ნაწილი - ჩრდილოეთ კავკასიაში. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილე მამუკა კუდავამ და რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი მასლოვმა მოაწერეს. ჩვეულებრივ, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელს პრეზიდენტები ან მინისტრები აწერენ. რასაკვირველია, საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნებოდა, ხელშეკრულების ხელმომწერნი უფრო მაღალი რანგის მოხელეები ყოფილიყვნენ, რომ მისი შესრულების გარანტია მეტი ყოფილიყო, რუსეთს კი ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინება სურდა. სწორედ ამიტომ ხელმოწერა შედგა არა თბილისში ან მოსკოვში, არამედ სოჭის საბჭოთა დროინდელ მიყრუებულ სანატორიუმში - მედიისა და დამსწრე საზოგადოებისაგან შორს. ოფიციალური თბილისი იძულებით დასთანხმდა რუსეთის მოთხოვნას ხელმომწერთა რანგის დაწევის თაობაზეც, რადგან პროცესი არ უნდა გაჭიანურებულიყო.

"გადაწყდა, რომ ხელს მე მოვაწერდი თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგით, თუმცა მოსკოვს ერთი რამ გამოეპარა: ხელმოწერა სიმბოლურ თარიღს - 15 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს დაემთხვა," - წერს მამუკა კუდავა ერთ-ერთ წერილში.

როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს"მაშინდელი ხელმძღვანელი ბათუ ქუთელია "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, 2008 წლის ომის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მაშინ რუსეთს სხვა გეგმები ჰქონდა და ბაზების აქ ყოფნა ამ გეგმებში არ შედიოდა: "რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გეგმის განხორციელება 2006 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოზე ეკონომიკურმა და სხვა სახის ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო, ომის დროს კი საქართველოში დარჩენილი სამხედრო ნაწილები გაიყვანა, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში მათი ბაზების არსებობაზე ვერაფერი ეთქვა."

ამ პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ზურაბიშვილი მისი ერთ-ერთი, თუმცა არცთუ აქტიური მონაწილე იყო და ამიტომ ამ მოვლენების სხვა მონაწილეები არასერიოზულს უწოდებენ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას, თითქოს რუსული ბაზები საქართველოდან მან გაიყვანა.

იმ პირთა სია კი, ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, ასეთია: ირაკლი მენაღარიშვილი, რევაზ ადამია, გიგა ბურდული, ლევან მიქელაძე, მამუკა კუდავა, გელა ბეჟუაშვილი, მიხეილ უკლება, მერაბ ანთაძე, კახა ჩიტაია, გია ჯაყელი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი (ამ დროს პარლამენტარის რანგში), მამუკა კიკალეიშვილი, ლევან ალაფიშვილი, ვასილ ფხაკაძე, ზურაბ ჩაფიძე, დავით თევზაძე, თედო ჯაფარიძე, ზურაბ აბაშიძე, კონსტანტინე გაბაშვილი, გრიგოლ ქათამაძე, ჯონი ფირცხალაიშვილი, გურამ ნიკოლაიშვილი, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე, დავით დონდუა, კახა იმნაძე, დავით ზალკალიანი, ზურაბ ლომაშვილი, რევაზ ბეშიძე, ბათუ ქუთელია, მალხაზ მიქელაძე, ვასილ სიხარულიძე, ბუკა პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, გიორგი მუჩაიძე, ირაკლი ალასანია, კახა იმნაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა რურუა, გიორგი მანჯგალაძე, გიორგი ზაქარაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, თეა ქარჩავა, შოთა ღვინერია, ზურაბ ალექსიძე, დავით ნაირაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, ირაკლი ბატკუაშვილი, ზურაბ კვაჭაძე, ირაკლი ძნელაძე, ალექსანდრე კიკნაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, დავით ნარდაია და ბევრი სხვა, რომლებიც ამ პროცესს ეხმარებოდნენ.

რუსა მაჩაიძე