"მერაბიშვილი ხელში რომ ჩააკვდეთ, ამის საშიშროება არსებობს" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი ხელში რომ ჩააკვდეთ, ამის საშიშროება არსებობს"

"ექიმების ნაწილი ამბობს, რომ სახეზეა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი და გაურკვეველია მისი გამომწვევი მიზეზი, მე კი მათ ვპასუხობ, რომ თუ თქვენთვის გაურკვეველია, მე ვიცი, რით არის ეს გამოწვეული"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა "მედი ქლაბიდან" სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დააბრუნეს. 3 ოქტომბერს, საღამოს, კლინიკაში ჩატარდა კონსილიუმი, რომელშიც მერაბიშვილის ოჯახის მიწვეული ექიმებიც მონაწილეობდნენ. კონსილიუმმა დაადგინა, რომ მერაბიშვილს მართლაც აღენიშნება ჰორნერის სინდრომი, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ ჰორნერის სინდრომის ნიშნების გამოვლენიდან მისი მიზეზების დადგენისთვის საჭირო კვლევების ჩატარებამდე გავიდა დიდი დრო, რამაც შეუძლებელი გახადა მიზეზების დადგენა.

სტეფანე თუმანიშვილი, ადვოკატი, ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი: - გვეუბნებიან, რომ მას აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული, პასუხი არ გვაქვს. შევიტყვეთ, რომ ამ დაავადებას ინტოქსიკაციაც იწვევს. ადამიანი არის სამარტოო საკანში და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სამინისტრო და სახელმწიფო. თუ ინტოქსიკაცია დადგინდა, შემდგომი ნაბიჯია იმის კვლევა, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ამ ეტაპზე მთავარია, სწორად დაისვას დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს. ამას ხანგრძლივი გამოკვლევა სჭირდება და არა - ციხიდან 1 საათით გაყვანა და უკან მობრუნება.

თამაზ კერძევაძე, ნეიროქირურგი: - მე არ ვარ ვანოს მკურნალი და არც ოჯახის ექიმი. მისი ოჯახის სახელით ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს ამ საქმეში ჩართვა. როდესაც ვნახე გამოკვლევები და პასუხები, შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ საბოლოო დიაგნოზი რომ დამესვა, პაციენტი უნდა მენახა. ამას ერთი კვირა დასჭირდა... გავსინჯე და დავადგინე, რომ ბატონ ვანოს ჰორნერის სინდრომი გამწვავებულია ქრონიკული სინუსიტით. შედგა კონსილიუმი, სადაც ექიმების აზრი ორად გაიყო. მე ჩემს დასმულ დიაგნოზში დარწმუნებული ვარ.

- ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ეს დაავადება ინტოქსიკაციით იყოს გამოწვეული... - სინუსიტის შედეგად დამახინჯებული სახე და დავიწროებული თვალი გინახავთ? ვერ ნახავდით, ვინაიდან ეს არის ძალიან იშვიათი გართულება, როცა სინუსიტი დატოვებს ცხვირ-ხახას და გავრცელდება გვერდით ქსოვილებში. მერაბიშვილს ის თვალბუდეზე გადაუვიდა, რამაც გამოიწვია ჰორნერის სინდრომი. ამ დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ცხვირის ღრუს ცუდი აერაცია და დახურულ სივრცეში ყოფნა. საკანში ის არასოდეს მორჩება. პროცესი ტვინის მიმართულებით რომ წასულიყო, მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. პაციენტს რომ შეხედოთ, თვალნათლივ ჩანს, რომ თვალი აქვს დახურული, გუგა - დავიწროებული, სახე - დამახინჯებული. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ სახეზეა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი და გაურკვეველია მისი გამომწვევი მიზეზი, მე კი ვპასუხობ, რომ თუ თქვენთვის გაურკვეველია, მე ვიცი, რით არის ეს გამოწვეული. ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ინტოქსიკაციაც შეიძლება იყოს.A ამას ზუსტად მაშინ დავადგენთ, თუ პაციენტს გამოუშვებენ და მომცემენ მისი სრულფასოვანი მკურნალობის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, ამ კაცს მოვარჩენ.

- შეხვედრის დროს თუ გითხრათ, რომ მას ოდესმე აწუხებდა სინუსიტი, ან ჰქონდა ამ დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები? - სინუსიტს ის ვერ იტყოდა, მაგრამ როცა გამოვკითხეთ, ჩივილების მიხედვით, მას ადრე ჰქონდა ტიპური სურათი, აშკარა იყო ამ დაავადების ნიშნები. სინუსიტის გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც დახურული სივრციდან მოდის, სადაც ყოველთვის გროვდება უარყოფითად დამუხტული იონები და სინუსიტი იქ არ მორჩება. რამდენჯერ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დაავადებული ადამიანი თბილისში ჩამოსულა და, ფაქტობრივად, მორჩენილა, ვინაიდან აქ ნაკლები ნესტია.

- ყველაზე უარესი რა შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას? - ამ დაავადებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. ერთადერთი გამოსავალია, გამოუშვან ეს კაცი. ამას რომ ვამბობ, შეიძლება იფიქრონ, მისი გათავისუფლების კამპანიას ეწევაო, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - ჩამოვლენ სხვა ექიმები და ისინიც დაეთანხმებიან ჩვენს დიაგნოზს. კონსილიუმის დასკვნებს არ ველოდები, ჩემთვის დიაგნოზი ცნობილია. მათ რომ ჩემთვის ორი თვის წინ მოემართათ, ერთი სურათით დავსვამდი დიაგნოზს.

- სხვებმა რატომ ვერ დაადგინეს, რენტგენი არ გადაუღეს? - ყველაფერი გადაღებულია, მაგრამ ნუ მოვთხოვთ ექიმებს ყველაფრის ცოდნას. აქ ექიმების ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, უბრალოდ, ისეთი იშვიათი დაავადებაა, ვერ დადგინდა. ახლა მთავარია პაციენტის გათავისუფლება და სწორი მკურნალობა.

- ანუ მკურნალობა დაგვიანებული არ არის, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ? - შეიძლება დაგვიანებულია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება. არც იმას გამოვრიცხავ, უარესი მოხდეს. თუ დამიჯერებენ, ვანო მერაბიშვილი განიკურნება. ალბათ, ვერავინ აიღებს თავის თავზე, ასეთი პაციენტი საკანში დატოვონ და ხელში ჩააკვდეთ, ამის საშიშროება კი მართლაც არსებობს.

ნანა ფიცხელაური