ვინ როგორი პრეზიდენტი იქნება... - კვირის პალიტრა

ვინ როგორი პრეზიდენტი იქნება...

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი პრეზიდენტი დავით უსუფაშვილი იქნება, მისი თვისებებიდან გამომდინარე. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტობის ასეთი კარგი კანდიდატი არ ჰყოლია. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ მან გაიმარჯვოს. უსუფაშვილის შემდეგ ქვეყნისთვის სასარგებლო პრეზიდენტად დავით ბაქრაძეს ასახელებს, მიაჩნია, რომ ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით, ქვეყანას პრობლემებს არ შეუქმნის. რაც შეეხება ვაშაძესა და ზურაბიშვილს, ის ორივეს საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თუმცა უფრო მეტად ზურაბიშვილს, რადგან, მისი შეფასებით, ვაშაძე ქვეყანაში შექმნის პრობლემებს, სალომე ზურაბიშვილი კი საერთაშორისო ასპარეზზე.

რის საფუძველზე აქვს ექსპერტს ასეთი მოსაზრებები, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- თუკი სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, ვფიქრობ, ივანიშვილსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დიდად დამოკიდებული არ იქნება. არა მგონია, მან უფრო მეტი ანგარიში გაუწიოს ხელისუფლებას, ვიდრე მარგველაშვილი უწევდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, საკითხავია, რამდენად მოზომილ განცხადებებს გააკეთებს. საქმე იმას კი არ ეხება, მისი განცხადებები რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, ან რამდენად აკეთებენ ინტერპრეტირებას სხვები, არამედ იმას, რომ როდესაც ერთი და იმავე თამაშს გეთამაშებიან, შენ რატომ არ პასუხობ ამას კონტრთამაშით, რატომ ცდილობ, ჯიქურად გაიტანო შენი პოზიცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იცი, რომ ამას ნეგატიური განწყობები მოჰყვება... ამიტომ ის, რომ არავის ანგარიშს არ უწევს, ძალიან მაშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდულია, მისი ქცევა უკვე მაშინებს, რადგან ახლა ჩვენი და რუსეთის ბრძოლა ევროპულ სასამართლოებშია გადატანილი და მოწინააღმდეგე რომ შენს განცხადებებს გამოიყენებს, ორი აზრი არ არსებობს.

გარდა ამისა, ის აცნობიერებს, რომ პოლიტიკაში ეს მისი პიკია და მეშინია, ამის გამო არ დაიწყოს თამაში საკუთარ თავზე - ანუ მეტი ინიციატივის აღების სურვილი არ გაუჩნდეს. თუ ეს თამაში დაიწყო და ამის დიდი შანსია, საშიში პერსპექტივაა, თუნდაც იმავე რუსეთის საკითხში.

- შესაძლოა, რომ პრემიერსა და მას შორის კონფლიქტი გაჩნდეს? - თუ ზურაბიშვილი ამ მიმართულებით წავიდა, იქნება კონფლიქტი, შესაძლოა უარესიც მოხდეს - დაიწყოს გაფუჭებულ საქმეზე გადაბრალებები, ვისი ბრალი იყო და ვისი - არა. ეს გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება, რადგან ასეთი რამ ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს გასული საუკუნის 90-იან წლებში და დღემდე ვერ გაგვირკვევია, აფხაზეთში ჯარი კიტოვანმა შეიყვანა თუ შევარდნაძეც თანახმა იყო...

ბოლო დროს გვარამიას აგრესია მაოცებს, დავიჭერ-დავხვრეტო, რომ გაიძახის. ეს ხომ ზურაბიშვილის ირიბი მხარდაჭერაა, რადგან იმის შიშით, "ნაციონალები" არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, შესაძლოა, ამომრჩეველი წავიდეს და ზურაბიშვილს მისცეს ხმა. რა თამაში დაიწყო "ნაცმოძრაობამ"? ეს ის ხომ არაა, რასაც თავიდანვე ვეჭვობდი, რომ""ნაციონალები" პრეზიდენტობისთვის კი არა, მეორე ადგილისთვის იბრძვიან და მათთვის უფრო მნიშვნელოვანია "ევროპული საქართველოს" დამარცხება, ვიდრე გამარჯვებისთვის ბრძოლა.

- გრიგოლ ვაშაძე რომ გახდეს პრეზიდენტი, მაშინ რა პროცესები დაიწყება? - ვაშაძე არც მალავს, რომ ის ხელისუფლების მიმართ აგრესიული იქნება. მართალია, სამართლებრივი მექანიზმები არ ექნება, მაგრამ იქნება ხელისუფლების ოპოზიციონერი ლეგიტიმური პრეზიდენტი.

- სააკაშვილს მისცემს მოქალაქეობას? - ალბათ, მოქალაქეობასაც მისცემს და შეიწყალებს კიდეც, მაგრამ, მგონი, სააკაშვილი სადაც არის, იქ უფრო კომფორტულადაა. თუ აქ ჩამოვიდა, მუდმივი აქციების რეჟიმში დაიწყებს საქმიანობას.

- ანუ პროცესები უფრო ქვეყანაში დაიძაბება და არა გარეთ, როგორც ეს შესაძლოა ზურაბიშვილის შემთხვევაში მოხდეს? - ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში ქვეყნის გარეთ საფრთხე არ შეიქმნება. ვითარება ქვეყანაში დაიძაბება, მაგრამ არჩევნების შემდეგ ეს ისედაც მოსალოდნელია. ის, რომ აგრესიული პრეზიდენტი იქნება, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ.

ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნება უსუფაშვილი. გაწონასწორებული ადამიანია, არის კონსტიტუციონალისტი და ამ პოსტს არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდეს, ან საკუთარი პარტიისთვის სარისკო ნაბიჯები გადადგას. სხვა საკითხია, ხმებს მოაგროვებს თუ არა, რადგან მას ტელევიზიები აშკარად არ სწყალობენ, აქცენტს სამ კანდიდატზე აკეთებენ, ვითომ მეოთხე არც არსებობს.

- ასეთი მოზომილი პრეზიდენტობა ხომ არ გააჩენს ეჭვს, რომ ის ივანიშვილის თამაშს თამაშობს და პრობლემას არავის უქმნის? - ეს სხვა საკითხია... მთავარია, იმ ჩარჩოებიდან არ გავა, რისი უფლებაც აქვს პრეზიდენტს, არც ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომ სახელმწიფოს პრობლემა შეუქმნას შინ თუ გარეთ. თუ უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მოინდომებს, აქციებში მონაწილეობას და ა.შ., დარწმუნებული ვარ, ჯერ გადადგება, დანარჩენები კი ამას არ გააკეთებენ.

- დავით ბაქრაძეც არ გააკეთებს? - ბაქრაძე ვაშაძე-ზურაბიშვილზე უკეთესი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ შეეცდება, სავარძელი (არა ისეთი რადიკალური ნაბიჯებით, როგორც ამას ვაშაძე გააკეთებს) პარტიის გასაძლიერებლად გამოიყენოს. თუ საჭირო გახდება, ამისთვის საპრეზიდენტო რეგალიებითაც იმუშავებს...

- ქვეყნისთვის ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უფრო სახიფათოა თუ ვაშაძის? - არა ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბიშვილის განცხადებები მომავალშიც არ მოითხოვს განმარტებებს და ცუდი იქნება, თუ ეს საერთაშორისო ასპარეზზე მოხდება. რადიკალურად ვერ შეცვლის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია, პრობლემას შექმნის და უკვე ქმნის.

რუსა მაჩაიძე