"თუ ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს" - კვირის პალიტრა

"თუ ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს"

საქართველოში ფარული ჩანაწერების სკანდალი არ წყდება - 6 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ისევ "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. ჩანაწერში კვლავაც ამ კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა ექსპერტი გია ხუხაშვილი . გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გვესმის ბიძინა ივანიშვილის გვარი, მე მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამ ბინძური თამაშის თანამონაწილეა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ამ ძალიან მძიმე ისტორიას, დროთა განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სიბინძურეს გაემიჯნოს.

ახლა საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის, მისი ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გამოძიება და დასასჯელის დასჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი. თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მაშინ, ფაქტობრივად, ის ვითარება, ის განცდა, რაც საზოგადოებაშია ჩაბუდებული, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, დადასტურდება.

ახლა ივანიშვილის უმოქმედობა იქნება ამ ყველაფერზე ხელის მოწერა, პასუხისმგებლობის აღება, რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებდი. მესმის, იმ ხალხმა, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში შავი საქმეები აკეთა, დიდი გავლენა და სავარაუდოდ, დიდი ფულიც იშოვა, ისინი ამას იოლად არ შეელევიან, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათთან გამკლავება მოხერხდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა დიდი გალავნები და ღრმა ბუნკერები აშენონ, ფარცხალაძეც და სხვებიც ვერსად დაიმალებიან.

... - "ქართულ ოცნებას" არ ესმის ერთი მარტივი ჭეშმარიტება - დღეს მისი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის ან კონკრეტული საქმეები - ხორავას ქუჩის ტრაგედია, ოქუაშვილის თემა და ა.შ., არამედ მისი პრობლემაა ის, რომ მან თავის თავში გამოზარდა ურჩხული სისტემის სახით, რომელიც ახლა შიგნიდან მასვე ჭამს. დღეს ხელისუფლება მძევლად ჰყავს "კოლექტიურ მურუსიძეს", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან გადმოიბარეს.

განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და "ქართული ოცნების" მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. "ქართულ ოცნებას" ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში და ლამის ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იყენებენ თვითდაზიანებებს...

ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ.

...

ოქუაშვილის საქმე იმით კი არ არის საინტერესო, ვინ მართალია და ვინ მტყუანი - ჩემი აზრით, ამ საქმეში ყველა მტყუანი და დამნაშავეა, ოქუაშვილის ჩათვლით - ეს საქმე იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ბოლო ზარი იმის გასარკვევად, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი, ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკური ელიტა თუ ინტერესთა ჯგუფები?

რატომ მაქვს იმედი, რომ გამოსავლის პოვნა კიდევ შესაძლებელია? - საქმე ის არის, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები განსაკუთრებულ კომფორტში არიან, რადგან როცა რაღაცებს ჩალიჩობენ, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს იყენებენ ისე, რომ მან არაფერი იცის... იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას, ყველაფერში კი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. ეს არ ხდება მხოლოდ ბიზნესინტერესების თვალსაზრისით, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. გინახავთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ან ბიზნესელიტა გადაფარებოდა ოდესმე ბიძინა ივანიშვილს, დაეცვა მისი სახელი, თუ არ ჩავთვლით რაღაც ოდიოზურ განცხადებებს? არა, იმიტომ, რომ ამ პარაზიტულმა სისტემამ კომფორტი იგრძნო, თვითონ სახლობანას თამაშობენ, ფულსაც შოულობენ, თანამდებობებზეც არიან, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებენ... ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ ბიძინა ივანიშვილია, რაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს ივანიშვილმა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ამ ძალიან მანკიერ ვითარებას წერტილი დაუსვას!

თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი.

ივანიშვილს უკვე შევთავაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კარგი იქნებოდა, ჩამოეყალიბებინა სისტემური ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ამ ყველაფერს.

... ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად