"ფარცხალაძე აღასრულებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც" - კვირის პალიტრა

"ფარცხალაძე აღასრულებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც"

"მოველოდი, რომ ეს სპექტაკლი და ეს სცენა გაცილებით ადრე გათამაშდებოდა" - ეს განცხადება უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ " გაზეთ კვირის პალიტრასთან" ლევან ყიფიანის განცხადების შეფასებისას გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:

- ოქუაშვილი ამ ჩანაწერებით ვაჭრობას ცდილობს, რათა ბიზნესი დაიბრუნოს. მას, როგორც ჩანს, საკმაოდ აქვს გადახდილი და ისეა გამწარებული, ყველაფერზე წავა, რათა ეს რეკეტი შეაჩეროს. მან გადაიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, კიდევ სთხოვენ.

ჩანაწერები კი, როგორც ჩანს, კიდევ აქვს, თანაც რეალურია, რადგან ასეთ ავანტიურაზე ვერ წავიდოდა, რადგან მისი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ. ამიტომ ვურჩევ ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს, დროა, აღიარონ, რაც მოხდა, თუ არ უნდათ, ამ ჩანაწერებმაც იგივე როლი შეასრულოს, რაც 2012 წლის არჩევნების წინ ციხის კადრებმა.

- გახარიას გვარის გაჟღერება რაზე მიანიშნებს?

- მრავლისმეტყველია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალოვანი უწყებების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და სახელმწიფო რეკეტი. ეს არ არის მხოლოდ ერთი პირის სურვილი, ამაში მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული.

- ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ყიფიანის განცხადება რამდენად არის დამაჯერებელი? ან საერთოდ იმოქმედებს თუ არა ეს ჩანაწერი ყიფიანის განცხადებაზე?

- იმდენი ხანია, პროკურატურა დუმს და ელოდება, რას მოიფიქრებენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და იქ, ეტყობა, იმდენად არ სცალიათ ამ საკითხზე დასაფიქრებლად, ახლაღა გაახსენდათ, რომ ლევან ყიფიანია დასატერორებელი, მან უნდა თქვას, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და ამიტომ თქვა ეს ასე გვიან. მოველოდი, რომ ეს სპექტაკლი გაცილებით ადრე გათამაშდებოდა. თუმცა ასეთ საკითხებზე მსხვერპლადქცეული ადამიანები კი არ უნდა გველაპარაკებოდნენ, ეს ტყუილიაო, პროკურატურა უნდა გვეუბნებოდეს მკაფიოდ, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, საგამოძიებო მოქმედებები და ეს არ დადასტურდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებს პროკურატურა?

- იმიტომ, რომ არ უნდათ... ჩვენ ამ მოვლენების ფონზე შეიძლება გავაკეთოთ ძალიან ცუდი დასკვნა, რომ მთელი ეს კორუფციული სისტემა იმდენად ინსტიტუციურად არის ჩამოყალიბებული და იმდენად სისტემური ხასიათისაა, რომ მასში ყველა არის გარეული, პროკურატურის ჩათვლით. ამიტომ დუმს პროკურატურა, გამოძიება არ მიდის და ახლა ერთი-ორი კაცის დატერორების ხარჯზე უნდათ დაგვარწმუნონ, თითქოს ეს ყველაფერი მოგონილია.

- პროკურატურა, რომელსაც ფარცხალაძე აკონტროლებს, გამოიძიებს იმ საქმეებს, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს?

- არა, ცხადია. როდესაც არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ფარცხალაძე, რომელიც არ არის ფაქტობრივი პროკურორი, ოფიციალური პირი და ის აღასრულებს ქვეყანაში"მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც. ასეთ ვითარებაში, როდესაც მმართველობა არაფორმალურია, ქვეყანა ძალიან სწრაფად იძირება ჭაობში. უკვე ვხედავთ, როგორ ხრწნის ეს ქვეყანას, როგორც ინსტიტუტს, შიგნით ასეთი პროცესებია და ხელისუფლებას მისი შეჩერება აზრადაც არ მოსდის. ეს უპირველესად მას გადაიყოლებს...

მართლმსაჯულება პარალიზებულია - წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს...

რაც შეეხება ხელისუფლებას, "თუ არ გამოფხიზლდა, ფარცხალაძე მათ "პოლიტიკურ სარდაფში"" ჩაიყოლებს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: რა შეიძლება აკავშირებდეს ოთარ ფარცხალაძეს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან?

რუსა მაჩაიძე