"ფარცხალაძეს დასამალი არაფერი აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს ექსპროკურორის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ფარცხალაძეს დასამალი არაფერი აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს ექსპროკურორის ადვოკატი?

ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს, - ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

"ცრუ ინფორმაციები კი სურთ წარმოაჩინონ როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს", - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე განცხადებით, ყოველივე ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ექვსი ოქტომბრის გადაცემაში გასული ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ, რომელშიც აშკარად იკვეთება ფაქტების მიზანმიმართული და განზრახ დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

"ცხადია, რომ ეს გადაცემაც მათ შორის არის ერთიანი, ორკესტრირებული პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიცრუის უტიფარი ტირაჟირებით მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის პიროვნების საზოგადოების თვალში დემონირებას. მაგალითისათვის, აღნიშნული ე.წ. სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ბატონი ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო (იოსებ) დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ - ერთ სისხლის სამართლის საქმესთან, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში) ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე გახლდათ და არა სოსო დოლიძისაგან. ეს ინფორმაცია არ არის კომერციული საიდუმლოება, საჯარო რეესტრის ამონაწერი ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამ რეალობის უტიფრად იგნორირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გახლავთ პირველადი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ვინ არის და როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის ცოლი?