მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ნიცაზე და იბიცაზე უკეთესი

არც ნიცაში ვყოფილვარ და არც იბიცაში. რა სამწუხაროა! უფრო სწორად, ეს დღემდე იყო სამწუხარო ამბავი, თორემ აწი უკვე შემიძლია ვიამაყო, - განმუხურში რომ ვარ ნამყოფი. განმუხურში მაშინ ვიყავი, როდესაც იქ პატრიოტთა ბანაკის მშენებლობას იწყებდნენ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ფეხი სად დავდგი. ეს მხოლოდ წინა კვირაში გავიგე, პრეზიდენტმა რომ თქვა, - რა ნიცა, რა იბიცა, განმუხური და ანაკლიაო! ვერ ვიხსენებ ანაკლიაში ვყოფილვარ თუ არა. მაგრამ რა პრობლემაა! ჩავალ, აგერ არაა? ესეც არ იყოს, ნიცა ან იბიცა... უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო, აი, ენაზე ვიკბინე, ნიცა და იბიცა მხოლოდ სიშორის გამო ვახსენე, ანუ ნიცასავით და იბიცასავით შორს ხომ არ არის-მეთქი. თორემ უკვე კარგად ვიცი და დავისწავლე, რომ განმუხური და ანაკლია ნიცასაც ჯობია და იბიცასაც! აჰა, გასაგებია, ახლავე გავასწორებ: უკვე კი არ სჯობს, არამედ ერთ-ორ წელიწადში აჯობებს! კი ბატონო, აჯობებს. აბა რას იზამს! რადგან თქვენ ასე ამბობთ, ზუსტად ასეც იქნება. "ოდეს ყოფილ არს აქამომდე", რომ თქვენი სიტყვა არ შესრულებულიყო. განა თქვენ არ ამბობთ, რომ რაც ხალხს დავპირდი, ყველაფერი შევასრულეო. ჰოდა, აბა, რა ღმერთი გაგიწყრებათ, რომ მაინცდამაინც ეს დანაპირები ვერ შეასრულოთ. და მერე ქვიშა?! ქვიშაა ისეთი აქ, რომც არ გინდოდეთ, დანაპირებს შეგასრულებინებთ. მოიცა, როგორ თქვით? ასეთი ქვიშა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არ არისო, არც თურქეთშიო, არც აჭარაშიო, არც ბულგარეთშიო (ოქროს არა, ვერცხლის ქვიშები კიდევ!..) და არც აფხაზეთშიო? აფხაზეთში რომ არ არის, ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა. ხომ დარჩათ რუსებს ბანძქვიშიანი გაგრა და ბიჭვინთა! ჩვენ კი დღეიდან აფხაზეთის გამო გული არ უნდა დაგვწყდეს. აბა, სად გაგრა და ბიჭვინთა, სად ნიცა და იბიცა! რომელი სჯობს? რუსებს დარჩათ გაგრა და ბიჭვინთა, ჩვენ კიდევ უმაღლესი ხარისხის ქვიშა. ერთადერთი, როგორც ბათუმელს, აჭარის გამო მეწყინა. ორი დღით ადრე არ იყო, რომ თქვით, - ბათუმი მთელ შავიზღვისპირეთში საუკეთესო კურორტი იქნებაო? ახლა რა გამოდის, ანაკლიამ და განმუხურმა უნდა გვაჯობოს? ჯანდაბას, თავს იმით ვინუგეშებ, რომ ბათუმი ბარსელონა და დუბაი ერთდროულად იქნება (გადაბრუნდა გაუდი საფლავში!). ანაკლიელებს და განმუხურელებს არ ეწყინებათ, მაგრამ მე ნიცასაც და იბიცასაც, ჩემი ბარსელონა და დუბაი მირჩევნია! ბათუმელი ვარ და იმიტომ. არა, ეს აქამდე ვიყავი ბათუმელი, თორემ სულ მალე (გასკდით გულზე!) ბარსელონელი და დუბაიელი ერთდროულად ვიქნები.

რა დააშავა ბაკურიანმა

"რედისონ სას"-ის გახსნაზე პრეზიდენტმა ისეთი საქართველოს სურათი დახატა, ვიფიქრე, ავშენებულვართ და ეგაა-მეთქი. ბათუმი ხომ იქნება ბარსელონა და დუბაი, განმუხური და ანაკლია კიდევ - ნიცა და იბიცა, დანარჩენი საქართველო კი შვეიცარია გამოდის. ის კი არა, მგონი იმდენი ზამთრის კურორტი, რამდენიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა, შვეიცარიაშიც არ არის. აქეთ მესტია, იქით - გუდაურის აღორძინებაო, ფარავანში უნიკალური სათხილამურო ტრასების მოწყობაო. აჭარის მაღალმთიანეთში კი უკვე დაიწყეს ზამთრის კურორტზე ფიქრი. მოკლედ, თუ აქამდე საქართველოში ორად ორი ზამთრის კურორტი იყო, ახლა თავზე საყრელად გვექნება. ამას კიდევ რაჭაში შაორის კომპლექსი დაემატებაო (ეს საზაფხულო კურორტის ვარიანტში). მოკლედ, ტურისტული მექა ვხდებით და ეგაა. ზაფხულში გინდა დუბაიში ჩახვალ, გინდა იბიცაში და გინდა ნიცაში, ზამთარში შვეიცარიაში აღმოჩნდები. ამას რა სჯობს. ერთადერთი, გული იმაზე დამწყდა, რომ პრეზიდენტმა საერთოდ არ ახსენა ჩვენი ბავშვობის საყვარელი ზამთრის კურორტი ბაკურიანი. ახლის შენება კარგია, მაგრამ ძველისა და უკვე გამოცდილის განვითარებაც არ იქნებოდა ცუდი. ვერ მივხვდი, ბაკურიანმა ბატონ პრეზიდენტს რა დაუშავა.

"მშვიდობით, რუსეთო, დაუბანელო!.."

პრეზიდენტის მუხრან მაჭავარიანთან სტუმრობის დროს ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო, მაგრამ ამჯერად პრეზიდენტის იმ ნათქვამზე შევჩერდები, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. სააკაშვილმა ბატონ მუხრანს ასეთი რამ უთხრა, - ბევრი ქართველი შედის რესტორანში, საქართველოს სადღეგრძელოს სვამს, მერე მუსიკოსებთან მიდის, რუსულ სიმღერას უკვეთს და იმ მუსიკაზე ცეკვავსო. ამის შემდეგ ბევრი შემხვდა, ვინც მითხრა, რუსულმა მუსიკამ რა დააშავა, ვერ გავიგეთო. არადა, მომკალი და სააკაშვილის მსგავსად, მეც არ მესმის ასეთი ადამიანების. ომის შემდეგ, რადიოში რუსულ სიმღერას რომ გავიგონებ, სხვა არხზე ვრთავ. არადა, იმ რუს მომღერალს ჩემთვისაც არაფერი დაუშავებია, თუმცა, ომის შემდეგ, უკვე რუსული ყველაფერი მაღიზიანებს. იცით, რატომ? ჩემთვის რუსეთი უკვე მტერია და მტრის აღარაფერი მინდა. ქართველთა უმეტესობა კი ჯერჯერობით, რუსეთს მტრად ვერ აღიქვამს. საინტერესოა, კიდევ რა უნდა გვიქნას რუსეთმა, რომ მასში მტერი დავინახოთ?

ქართველთა უმეტესობა ამბობს, - რუსმა ხალხმა რა დააშავა, მათი ხელისუფლება გვებრძვის. მოდი, ამ ხალხთან ურთიერთობა არ გავწყვიტოთ. პირიქით, გავაღრმავოთო. მაინტერესებს, რა აზრი აქვს იმ ხალხთან ურთიერთობის შენარჩუნებას, მათთვის ძმობის დამტკიცებას, რომელიც ხვალ არჩევნებზე წავა და ისევ იმ ხელისუფლებას აირჩევს, ვინც საქართველოს ზარბაზანს დაუმიზნებს? ასეთ შემთხვევებში ხალხი და ხელისუფლება რომ არ უნდა განასხვავო, ამის დასამტკიცებლად მაგალითს ისევ რუსული კლასიკიდან მოვიყვან. მიხეილ ლერმონტოვი, როდესაც კავკასიაში გადმოსახლება მიუსაჯეს, რუსეთს (მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაც უკვე რუსეთი იყო) ასე დაემშვიდობა:

Прошайб немытая Россияб

Страна рабов, страна господ

И вы, мундиры голубые

И ты, им преданный рарод.

როდესაც ამას ვამბობ, ბევრი მეკითხება, - რა ვუყოთ დიდ რუსულ კულტურასო? აქ ძალზე მარტივი ფორმულა შემიძლია შემოგთავაზოთ: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რუსული კულტურის იმ ნაწილს, რომელიც ამავდროულად მსოფლიო კულტურის ნაწილიცაა (იქნება ეს ლერმონტოვი, პუშკინი, ტოლსტოი, დოსტოევსკი და ა.შ.), ხოლო რუსული კულტურის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის იქით (საუკეთესო შემთხვევაში, დსთ-ის იქით) არავის აინტერესებს, ჩვენც აღარ უნდა გვაინტერესებდეს.

ბოლოს და ბოლოს, თავზე ხელაღებული აგრესიაზე პასუხის გაცემის ძალა თუ არა გვაქვს, გაბრაზება ხომ მაინც უნდა შეგვეძლოს? კაცი რომ გცემს და შენ მასზე მაინც არ ბრაზდები, მეტიც, ძმობასაც ეფიცები, ხომ იფიქრებს, - ეტყობა, ამას ცემა სიამოვნებს და მოდი, კიდევ ერთხელ ვცემო!

"გოიმური" გადაწყვეტილება

რუსი ჟურნალისტების, მაქსიმ შევჩენკოსა და ვლადიმირ მამონტოვის საქართველოში არშემოშვების შესახებაც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. მაქსიმ შევჩენკო ვინც არის და საქართველოსადმი რა დამოკიდებულებაც აქვს, ამ დღეებში ქართულმა ტელეარხებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს.

რაც შეეხება გაზეთ "იზვესტიის" რედაქტორს, ვლადიმირ მამონტოვს, მის შესახებ ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე თვის წინ, სწორედ მან, თავის გაზეთში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვში დივერსანტების ჯგუფი გადაისროლა და ქართველები რუსეთის დედაქალაქში ტერაქტების სერიის მოწყობას აპირებენ. ამან რუსეთში მოღვაწე ქართველებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჟურნალისტმა ნიკოლაი სვანიძემ გაზეთ "იზვესტიას" საპროტესტო წერილიც კი გაუგზავნა და მის რედაქტორს ერთი კითხვა დაუსვა: - რას ემსახურება ასეთი ინფორმაციის გავრცელება, იმას ხომ არა, რომ რუსებს რუსეთში მცხოვრები ქართველებისადმი კიდევ მეტი აგრესია გაუჩნდეთ?

მიუხედავად აღნიშნულისა, რუსი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვება მაინც არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ეს დაახლოებით ისეთი გადაწყვეტილება იყო, როგორსაც ლუკაშენკო ან უგო ჩავესი მიიღებდნენ. მე, უფრო გამართლებულად მიმაჩნია, ეს ვაჟბატონები რომ შემოგვეშვა და აქ მათთვის რომელიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებს პომიდვრები ან თუნდაც ლაყე კვერცხები დაეშინათ. ეს მართალია, ცოტა უხეში, მაგრამ პროტესტის გამოხატვის სუპერდემოკრატიული ფორმა იქნებოდა. ახლა კი, რა გამოვიდა?! - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ჟურნალისტები არ შემოუშვა, - Вот!..