ე.წ. კახური კლანი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები - როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა? - კვირის პალიტრა

ე.წ. კახური კლანი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები - როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა?

"ომეგა ჯგუფის" გარშემო აგორებულმა სკანდალმა და გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა გააძლიერა ეჭვები, რომ ქვეყანაში ვითარების მართვას გარკვეული ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ, რომლებიც როგორც ხელისუფლებაზე, ისე ბიზნესზე საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან. ექსპერტთა შეფასებით, ეს ჯგუფები გარკვეულწილად უკავშირდებიან ან შესაძლოა წარმოადგენენ კიდეც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას. როგორ იცვლებოდა ეს გარემოცვა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? - გვესაუბრებიან: ექსპერტი გია ხუხაშვილი და "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე.

გია ხუხაშვილი: - "როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, გადაწყვეტილებები "ბრეინშტორმინგით" მიიღებოდა, რომელშიც 7-8 კაცი მონაწილეობდა - ძირითადად პარტიების ლიდერები და მე. ივანიშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა კი მე და დავით უსუფაშვილს გვქონდა…ამ გუნდში იყო ალასანიაც, ოღონდ ცოტა "მოშორებით".

ივანიშვილი ძალიან კორექტული იყო, ის არ იყენებდა უპირატესობას, უსმენდა ყველას, რაც დღეს აღარ ხდება. დღევანდელი ე.წ. პოლიტიკური ელიტის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, კახა კალაძე თუ ირაკლი კობახიძე თავის ჯგუფიანად, იმ მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, საერთოდ თვალით არ მინახავს. ივანიშვილის პრემიერობის დროს "ბრეინშტორმინგები" ნელ-ნელა შეწყდა. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სიტუაციას საკმარისად იცნობს და რაღაც საკითხების განხილვა აღარ სჭირდება. გადავიდა "დავალება-შესრულების" პრინციპით მართვაზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო და აქედან დაიწყო მანკიერი სისტემის ფორმირება და დღემდე ასე გრძელდება. ერთადერთი, ვისაც იმ პერიოდში ივანიშვილი სერიოზულად აღიქვამდა, დავით უსუფაშვილი იყო. დანარჩენები - ღარიბაშვილი თუ სხვები, არ ყოფილან მისი პოლიტიკური პარტნიორები. ეს იყო პერსონალი, რომელიც ვითარების მიხედვით იცვლებოდა...

დღეს ვინც არის ივანიშვილის გარშემო, პოლიტიკოსები თუ ინტერესთა ჯგუფები, თავიანთი მიზნებისთვის ყოფილი პრემიერის სახელისა და რესურსების გამოყენებას ცდილობს. რაც არ უნდა მოხდეს დღეს საქართველოში - პოლიტიკაში იქნება, ბიზნესში თუ ეკონომიკაში - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. დამერწმუნეთ, ამ დანაშაულების 80%-ის შესახებ ივანიშვილმა არც არაფერი იცის და ხშირ შემთხვევაში, მედიით იგებს ამ ყველაფრის შესახებ.

დღემდე ვერ ვხსნი, რატომ იტანს ყოფილი პრემიერი იმას, რომ ვიღაც თაღლითი მისი სახელის გამოყენებით ვიღაცას რაღაცას ართმევს. მე ვფიქრობ, რომ "ომეგას" საქმესთან დაკავშირებით დადგა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ივანიშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ან აგრძელებს ასე ცხოვრებას და ამ შემთხვევაში, ძნელი იქნება საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, რომ ის რეალურად არ არის მიმდინარე მძიმე პროცესებთან დაკავშირებული, ან გამოიყენებს დარჩენილ მცირე შანსს, რომ ეს ყველაფერი ჩამოიფერთხოს და იტყვის, თუ როგორ იყენებდნენ მის სახელს პარაზიტები.

ანი მიროტაძე: - ხელისუფლებიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ ასპარეზზე უცებ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომ არც კი ვიცი, საიდან მოვიდნენ. იგივე ოთარ ფარცხალაძის არსებობის შესახებ მაშინ გავიგეთ, რაც ის მთავარ პროკურორად დაინიშნა და როდესაც ვიკითხე, ეს კაცი რატომ უნდა იყოს ამ უწყების ხელმძღვანელი მეთქი, ყველა გაჩუმდა... დღეს აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან მეგობრობს... იგივე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ჯერ თბილისის ვიცე-მერი გახდა, შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი, ახლა არის სუს-ის ხელმძღვანელის, გომელაურის მოადგილე და როგორც მე მეუბნებიან, ის არის ძალიან გავლენიანი პირი. ასეთი სურათია - გომელაური აკონტროლებს ხელისუფლებაში საკვანძო ფიგურებს, ლილუაშვილი კი აკონტროლებს გომელაურს...

2012 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, როდესაც ივანიშვილი იყო პრემიერი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კულუარებში არაფერი წყდებოდა და არც ასეთი დაჯგუფებები არსებობდა. 2013 წლის შემდეგ, რაც მან საჯარო მოხელეობაზე უარი თქვა, პროცესები ძალიან მალე აირია. დაიწყო საუბრები ე.წ. კახურ კლანზე, რომელშიც შედიოდნენ - ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის ნათესავია. ასევე, ამ ჯგუფში იყვნენ ჩხენკელები, რომლებიც ასევე ღარიბაშვილის ნათესავები არიან. ამ დაჯგუფების ჩამოყალიბების პარალელურად, ბიზნესმენებმა უკვე დაიწყეს ჩურჩულით საუბარი უჩა მამაცაშვილის გავლენებზე.

მე როგორც ვიცი, მაშინ პორტებსა და გადაზიდვებს, ასევე, ნავთობის საკითხებს კურირებდა უჩა მამაცაშვილი. ის იყო საკონტაქტო პირი დავით კეზერაშვილთან და დავით იაკობაშვილთან. გახსოვთ, რომ კეზერაშვილს ბევრი რამ ეპატია და დღემდე ხელისუფლება ლოიალურია მის მიმართ. თამაზაშვილი-ჯანყარაშვილის დაჯგუფება კი (მასში შედიოდნენ ჩხენკელები და სპეცსამსახურის მაშინდელი მაღალჩინოსანი გოგიტა ზედელაშვილი), ბევრი სფეროს გაკონტროლებას ცდილობდა - იგივე სამშენებლო ბიზნესს, ხელს აფათურებდნენ ტენდერებში, რასაც რეალურად გადაჰყვა ეს დაჯგუფება, რადგან ბევრი პროექტისთვის გამოყოფილი ფული, უბრალოდ, გაქრა. ფაქტობრივად, ამ დაჯგუფების წევრი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი რამაზ ნიკოლაიშვილი.

ღარიბაშვილის პრემიერობიდან გაშვებისა და ე.წ. კახური კლანის ჩაჩოჩების შემდეგ, ასეთი სურათი იყო - ძალოვან ბლოკს აკონტროლებდნენ გომელაური და ფარცხალაძე, ეკონომიკურ ბლოკს კი გიორგი კვირიკაშვილი. ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ივანიშვილის ფავორიტი იყო, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა, რადგან უჩა მამაცაშვილი ივანიშვილის კარზე მისი გვერდის ავლით სხვის ფავორიტობას ვერ აიტანდა. კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის მთავრობიდან გაშვებაში დიდი წვლილი სწორედ უჩა მამაცაშვილს მიუძღვის. ჩემი ინფორმაციით, დღევანდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე მამაცაშცილის პროტეჟეა.

მედია ნაკლებად აქცევს ყურადღებას კიდევ ერთ ფიგურას - ივანიშვილის ნათესავ შმაგი კობახიძეს, რომელიც თავის დროზე მეთვალყურეობდა ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში. შმაგი კობახიძის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მინისტრისთვის.

ასევე, არიან ფიგურები, რომლებიც ადგილს ივანიშვილის ფავორიტობით ინარჩუნებენ. ესენი არიან, შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე.

იხილეთ ასევე: ფარცხალაძე ფარცხალაძეს დაიჭერს?..

რუსა მაჩაიძე (სპეციალურად საიტისთვის)