"ვიცი ჩხარტიშვილის წარსული და მისი ადვოკატი ვერ ვიქნები" - კვირის პალიტრა

"ვიცი ჩხარტიშვილის წარსული და მისი ადვოკატი ვერ ვიქნები"

"ომეგა ჯგუფის" გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. ფარული ჩანაწერების "მთავარი გმირები" პროკურატურაში ინტენსიურად იკითხებიან. მათ შორის ორი დღის წინ საქალაქო სასამართლოში დაიკითხა სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც ჩანაწერების ავთენტურობა პრაქტიკულად აღიარა, რის შემდეგ პროკურატურაში ხელახლა დაიბარეს. მისი თქმით, ჩანაწერები "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა. მაგრამ ამავე დროს განცხადებას ავრცელებს თადუმაძის უწყება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ჩანაწერი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა, დამონტაჟებულია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები "არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით".

ჩანაწერების მონტაჟის შესახებ პროკურატურის ვერსიას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიაც. თუმცა არ გამორიცხავს, რომ  შესაძლოა ადგილი ნამდვილად ჰქონდეს ბიზნესის დარეკეტებას. მისი თქმით, სიმართლის მარცვლის გარეშე ეს სცენარი არ დაიდგმებოდა.

ნუკრი ქანთარია: - ვიდრე გამოძიება და სასამართლო არ იტყვის თავის სიტყვას, მიჭირს შეფასების გაკეთება. მე პირადად ამ გამოძალვის საკითხში ბიძინა ივანიშვილის სათავეში დგომას გამოვრიცხავ, ჩემთვის ეს არის აბსურდის თეატრი.

მილიარდერი კაცი, რომელიც ქველმოქმედებით არის დაკავებული, ასეთ რამეს არ გააკეთებს, ეს გამორიცხულია და ამას ვერაფრით დავიჯერებ.

ის, რომ ამ კაცს ნამდვილად აქვს ბიუჯეტის ვალი, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ვინ დაარწმუნა, რომ ამ ინტრიგით შეძლებს ამის ჩამოწერას, არ ვიცი.

ჩანაწერი, რომ ოქუაშვილის გაკეთებულია, ამაში ეჭვი არ მეპარება.

- და რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება?

- ალბათ რაღაც შავი დღისთვის ინახავდა ამას. ზოგისთვის ეს ჩვევაა. თანაც ჩანს, რომ ჩანაწერებში ის ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობდა და სხვებს ძალით ალაპარაკებდა. ეს რომ მონტაჟია და სხვადასხვა საუბრით არის გაკეთებული, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა და ახლა პროკურატურამაც დაადასტურა.

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი, ბიზნესის რეკეტზე საუბრობს, ანალოგიური ბრალდებები ადრეც ხომ ისმოდა? - 2012 წელს, როდესაც არჩევნებში გავიმარჯვეთ 2-3 წელი მსგავსი რამ არც გამიგია და არც ყური მომიკრავს. ივანიშვილის გადადგომის შემდეგ სხვადასხვა, ახალი ხალხის მოსვლის შემდეგ გავიგე ასეთი ბრალდებები.

არ გამოვრიცხავ, რომ თვითმოქმედებებს ჰქონდეს ადგილი სხვადსხვა სფეროში და ვიღაცეებს მადა ჰქონდეთ გახსნილი და თვლიდნენ, რომ ახლა მათი დროა.

მეორეს მხრივ ეს ჩანაწერები, რომ საარჩევნო სცენაში ჯდება, ესეც, ჩემი აზრით, ცხადია. "ნაციონალური მოძრაობა" ამას ძალიან კარგად იყენებს, თან ყველაფერს "რუსთავი 2" აფორმებს, როგორც სჩვევიათ. ჩემი აზრით, ისიც ცხადია, რომ სიმართლის რაღაც მარცვლის გარეშე ამხელა სცენარი ციდან არ ჩამოფრინდებოდა.

დანარჩენი ახლა გამოძიების საქმეა, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს სხვანაირად არ შეიძლება.

- ყიფიანი აღიარებს, რომ ასეთი საუბარი, მართლაც შედგა, თუმცა ამბობს, რომ დაიდგა სპეციალურად... - არ ვფიქრობ, რომ ლევანი მიამიტი ადამიანია. ის ჩვენი გუნდის წევრია და ამის უარყოფას არ ვაპირებ.

ლევანი აქტიურად იყო ჩართული 2006-2007 წლების საპროტესტო ამბებში, ოპოზიციაში იყო, შემდეგ იყო პარტიის დამფუძნებელი და ამაში აქტიურად იყო ჩართული. მაგრამ დანარჩენი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

- ყიფიანთან ერთად ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს ადამიანი, რომელიც ბიზნესდარეკეტების სკანდალში არა ერთხელ გახვეულა... - ჩხარტიშვილიც უნდა დაიკითხოს და ყველა, ვინც ამ ჩანაწერშია ნახსენები. კი ბატონო, ვიცი მისი წარსული და მისი ადვოკატი ვერ ვიქნები.

- და თქვენი აზრით, "ოცნებამ" არ დაუშვა შეცდომა, რომ ასეთი წარსულის ადამიანი გვერდით დაიყენა? - მე არ დამიყენებია და ვერ გეტყვით, ვინ სად დაიყენა გვერდით. ერთადერთხელ ვნახე შეხვედრაზე.

ჩანაწერში ლაპარაკია ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც. თანამდებობიდან კი გადადგა თავის დროზე ივანიშვილი, მაგრამ ხომ არ გამქრალა, მიდიოდნენ მასთან რჩევის საკითხავად და რა არის ამაში სენსაცია?.

- მაგრამ ის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა იყო ეს ახალი ხომ არ არის? ამას თქვენი კოლეგებიც არ უარყოფენ... - ოქუაშვილს რომ შეხვდა იმაში გამოიხატება არაფორმალური მმართველობა?!

- და რატომ ოქუაშვილი, მანამდე თქვენთან ივანიშვილს კომუნიკაცია არ ჰქონია? - ბიძინა ივანიშვილს არავისთან დაურეკია, ჩვენ ვურეკავდით ხოლმე. პირადი ურთიერთობები არსებობს, მის მიმართ მაქვს ახლობლური დამოკიდებულება, ვიცი მისი აზროვნების დიაპაზონი, ამიტომ რაღაც მოვლენებზე მაინტერესებდა მისი დამოკიდებულება და პოზიცია. და არ ვთვლი, რომ ეს არაფორმალური მმართველობის ნაწილია.

- ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელი და გვარი "ოცნებაში" ძალიან ხშირად ამოტივტივდება... - ეგ მეც მაინტერესებს. ვიცი, რომ იყო პროკურორი და იმის შემდეგ მუდმივად მესმის მაგის გვარი. მე თვალით არ მინახავს არც ოფისში და არც შეკრებებზე. მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი. მკაცრი გამოხედვა კი აქვს, შეიძლება მის შესახებ იგონებენ ამ რაღაცებს, მაგრამ შეიძლება სიმართლეცაა. ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- ამდენი ხანი ვერაფრით გამოიძიეს ფარცხალაძის აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელთან დაპირისპირება, რატომ? - რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ რატომ მიმდინარეობს ამდენი ხანი, თან რა დიდი ამბავი ეგ იყო - ჩანაწერი და ყველა მტკიცებულება არსებობდა, და რატომ გაიწელა ასე არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით კითხვები მეც მაქვს.

- რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას თქვენი აზრით, "ოცნება" შეცდომას არ უშვებს მისი მხარდაჭერით? - ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომელიც ვარსკვლავებს ეთამაშება, შეუძლებელია, თუმცა სალომე ჩემთვის ძალიან საინტერესო კანდიდატია. ის პრეზიდენტი, რომ გახდება არავითარ თხოვნას და პირად რაღაცეებს არ გაითვალისწინებს.

(სპეციალურად საიტისთვის)