"პადვლებში" კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება" - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"პადვლებში" კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება" - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე?

რუსთავში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხმაური იყო.

ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ რუსეთთან ომის დაწყების თაობაზე გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს. აღნიშნული "ქართული ოცნების" რამდენიმე აქტივისტმა გააპროტესტა, რაც საბოლოოდ, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი, რომელთაც დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

"თქვენმა დასაქმებულებმა გადამიარეს, ყელში წამიჭირეს... აუცილებლად შევიტან სარჩელს", - მიმართა ერთ-ერთმა დაშავებულმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში მოინახულა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი აქტივისტი თალაკვაძისგან დაინტერესდა, მოყვებოდა თუ არა დღეს მომხდარ ფაქტს რეაგირება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას მიუთითა, რომ აღნიშნულზე პასუხი შესაბამის უწყებებს უნდა გაეცათ.

"ჩემგან გაინტერესებთ? მაგისთვის არსებობს პოლიცია და გამოძიება. თქვენ დროს როგორც იყო, ისე აღარ არის. დრო აგერიათ...", - მიმართა აქტივისტს თალაკვაძემ.

საპასუხოდ კი უმრავლესობის ლიდერს მიმართეს რეპლიკით, რომ დღეს "პადვლებში" კეტავენ ხალხს.

"გვაინტერესებს, პასუხს აგებენ თუ არა დამნაშავეები? "პადვლებში" კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება", - მიმართა თალაკვაძეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო