"კანაფის კულტივაციის საკითხის გასატანად საკმაოდ აგრესიულად მუშაობს კობახიძის ჯგუფი, ისინი აცხადებენ, რომ მოქმედებენ ივანიშვილის სახელით" - კვირის პალიტრა

"კანაფის კულტივაციის საკითხის გასატანად საკმაოდ აგრესიულად მუშაობს კობახიძის ჯგუფი, ისინი აცხადებენ, რომ მოქმედებენ ივანიშვილის სახელით"

მოგეხსენებათ, კანაფის კულტივაციის თაობაზე სახელისუფლო ინიციატივას, რომელიც უკვე კანონპროექტად აცნობეს საზოგადოებას და მთავრობამ პარლამენტსაც გადაუგზავნა, საზოგადოებისა და ეკლესიის მხრიდან რამხელა წინააღმდეგობა მოჰყვა. შედეგად მისი საკანონმდებლო ორგანოში განხილვა შეჩერდა, იყო მოლოდინი, რომ მთავრობა კანონპროექტს გაიწვევდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ "ქართული ოცნება" ორ თვეში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება მის განხილვას.

როგორც ამბობენ, "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხისადმი საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოზიციებია, მეტიც, ამბობენ, რომ რამდენიმე დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ თემის კვლავ წამოწევას.

ჩვენი წყარო "ქართული ოცნებიდან" გვეუბნება, რომ მათ შორის არიან: გედევან ფოფხაძე, ზაზა პაპუაშვილი, მირიან წიკლაური, თუმცა ეს და სხვა დეპუტატებიც რამდენად გაუძლებენ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდული ფრთის გავლენას და ბოლომდე შეინარჩუნებენ საკუთარ პოზიციას, ჯერ რთული სათქმელია.

"პარლამენტში ამ საკითხის გასატანად საკმაოდ აგრესიულად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის სახელით. უდაოა, რომ ეს ინიციატივა სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, ის, რომ არ იდგეს ამ კანონპროექტის უკან, ამას მთავრობა უკვე კარგა ხნის წინ გაიწვევდა", - ამბობს ჩვენი კონფიდენციალური წყარო.

მმართველი ძალის რიგი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალზე მომგებიანია, ამიტომ ამ საკითხს არჩევნების მერე დაუბრუნდებიან. მანამდე საკუთარი საზოგადოებისა და საპატრიარქოს დარწმუნებას შეეცდებიან. ე.წ. კობახიძის ფრთა კი დეპუტატების გადაბირებაზე იმუშავებს.

მოხდება თუ არა განხეთქილება "ქართულ ოცნებაში"? - გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ამგვარი განხეთქილების მიზეზად შეიძლება ბევრი საკითხი იქცეს.

"იმედი მაქვს, ეს კანონი არ დაბრუნდება და არანაირი საჯარო განხილვა აღარ მოხდება. არა მგონია, ეს იდეა იმის ღირსი იყოს, რომ ამაზე საპარლამენტო მოსმენები ჩატარდეს. მაგრამ თუ მაინც იქნება ვიღაცის სურვილი, რომ ამაზე ვიმსჯელოთ გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტები, კანონის უარყოფითი მხარის დარწმუნებაში. ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ამ იდეამ სამართლებრივი ფორმა შეიძინოს.

თეორიულად განხეთქილების ვაშლად შესაძლოა ბევრი საკითხი იქცეს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის არსებობა არის დემოკრატიის პროცესი, ამიტომ ეს დაპირისპირების საფუძვლად არ მიმაჩნია. განხილვა იმიტომ ხდება, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება", - გვითხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ.

ამ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის დეპუტატები: კონსერვატორი გიგა ბუკია და ისკო დასენი.

"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საქართველოში მარიხუანის კულტივირებას და პლანტაციების გაშენებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს თუ მიეცემა მარიხუანას მოყვანის უფლება, პრეტენზიები გაუჩნდება სხვა ადამიანებსაც. დიდი ალბათობით ეს არგუმენტი საკმარისი იქნება და საკონსტიტუციო სასამართლო ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, როგორც "გირჩთან" დაკავშირებით მოხდა. შემდეგ საქართველოში გაჩნდება მარიხუანას პლანტაციები. ეს კი ძალიან საშიშია მომავალი თაობებისთვის. დაბრუნდება თუ არა ეს საკითხი საჯარო განხილვაზე, დროის საკითხია. ყოველ შემთხვევაში ახლა პროცესი შეჩერებულია. მთვარი არის ის, რომ ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა ამომრჩევლისა და საპატრიარქოს რეაქცია, შეაჩერა ეს საკითხი და აღნიშნეს, რომ მოგვიანებით დაუბრუნდებინ", - გვითხრა გიგა ბუკიამ.

ისკო დასენის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მარიხუანას ექსპორტი მომგებიანი იქნება, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ნორმის დაცვა ზედმიწევნით არ მოხდება, ამიტომ კოლეგების მსგავსად კანონის მიღებას ისიც ეწინააღმდეგება.

ე.წ. ახალი სახეები კი კანონის კულტივაციასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ანრი ოხანაშვილის თქმით, საბოლოოდ საზოგადოებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ამაზე უკვე ბევრი მსჯელობა იყო და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. დამატებითი კომენტარები აღარ კეთდება და არც არის მიზანშეწონილი. ეს საკითხი უნდა შევაჯეროთ ჩენს საზოგადოებასთან, საპატრიარქოსთან და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესისთვის იქნება გათვლილი.

კონსულტაციების შემდეგ რა შედეგებამდე მივალთ დავინახავთ მაშინ, როცა დავუბრუნდებით კანონს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

(სპეციალურად საიტისთვის)