"სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული, რას აკეთებს მისი 4-ათასი თანამშრომელი?" - კვირის პალიტრა

"სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული, რას აკეთებს მისი 4-ათასი თანამშრომელი?"

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული - რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი, გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დასდევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ბარამიძე დაინტერსდა, თუ რა მიზანს ემსახურება 2019 წლისათვის სუს-ის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლა პროფესიონალი, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელია და ამ ხნის განმავლობაში სუს-ს ოკუპირებულ ქვეყანაში ერთი ჯაშუში არ ჰყავს გაუვნებელყოფილი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და რა უნდა თქვას საქართველოს მთავრობამ, რომ ასეთ ქვეყანაში ერთი ჯაშუშიც არ ფუნციონირებს?! რას აკეთებს სუ-ის 4-ათასი თანამშრომელი? ვიცით რასაც აკეთებს - დასდევენ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყველა სხვანაირად მოაზროვნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს გააკრიტიკებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.