"ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი" - კვირის პალიტრა

"ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი"

საქართველოს დესუვერენიზაცია  რუსეთის მთავარ ამოცანად იქცა. საქართველოს დაშლა და მისი, როგორც სამართლებრივი სუბიექტის რუკიდან გაქრობა მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

შარშანდელი აგვისტოს ომის პირველსავე დღეებში, როცა მსოფლიო აღშფოთებული იყო რუსეთის საქართველოში შემოჭრით, სერგეი ლავროვმა ერთი მეტად უცნაური განცხადება გააკეთა, - საქართველო, როგორც ქვეყანა, სინამდვილეში არ არსებობს და ისტორიულად არც არასოდეს არსებობდაო. სასაცილო კი იყო ეს განცხადება, მაგრამ მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკები რომ ტყუილად არაფერს ამბობენ, მალე დავრწმუნდი. სულ მალე რუსულ საიტებზე გაჩნდა  წერილები, გეგმები საქართველოს დესუვერენიზაციის თაობაზე.

საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია მეტად ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს მსოფლიო რუკიდან წასაშლელად და რუსებმა ახლა ამ დაბრკოლების გადასალახავადაც დაიწყეს მუშაობა. რუსებისგან აშკარად წაქეზებული ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური თავს უფლებას აძლევს, ეპისტოლეებში "ოსეთის ისტორიასა და ძირძველ ოსურ ეპარქიაზე" ილაპარაკოს. ცხადია, ინფორმაციული შეტევა თანდათან ფართო მასშტაბს იძენს. რუსები ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს ისტორიის გასაყალბებლად.

ჩვენ კი ამ აშკარა იდეოლოგიურ დივერსიას არაფერს ვუპირისპირებთ და ქართულ ტელეარხებზე მხოლოდ ორწუთიან სიუჟეტებსა და  ექსპერტების კომენტარებს ვჯერდებით. ახლახან ოსურ გაზეთ "აირონ-თაიმსში" კიდევ ერთი დივერსიული და ჩვენთვის მეტად საყურადღებო სტატია დაიბეჭდა. მასში აშკარად ჩანს რუსეთისგან გადიდგულებული ოსების მიზნები და უახლოესი გეგმები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"თრუსოს ხეობა გუდისის ქედისა (ჯავისა და ცხინვალის რაიონში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ განშტოება. - ავტ) და კობის ქვაბულთან ერთად 65 ოსური გვარის სამშობლოა".

მას შემდეგ, რაც კრიმინალმა კოკოითიმ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა საქართველოს, მის ამ განცხადებას რუსეთში დიდი ყურადღება არ მიაქციეს, საქართველოში კი ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ეს იდეოლოგიურ დივერსიად შეაფასა. კოკოითის განცხადებების პარალელურად ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მამსუროვმა ბრიფინგი გამართა და ქართველ პოლიტოლოგებს ურჩია, უკეთ შეესწავლათ ამ საკითხის ისტორია!

თეიმურაზ მამსუროვის განცხადებით: "ამ იდეის გახმაურების დროს პრეზიდენტი ისტორიული რეალობიდან გამომდინარეობდა. საკმარისია გაიგო თრუსოს ხეობის სოფლების დასახელება (ვითომ მნა და ოქროყანა ოსური სახელწოდებებია? - ავტ.), რომ დარწმუნდე, ეს ადგილები ძირძველი ოსური მიწაა. თრუსოს ხეობა და გუდისის ქედი კობის ქვაბულის ჩათვლით ცენტრალური ოსეთია. ამას მოწმობს უძველესი ნაგებობები, ციხეები და ძველი საფლავები.

რაც შეეხება ცნობილი ოსი მოღვაწის, რუსლან ბზაროვის მითებს: "1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის იმპერიაში, როგორც ერთიანი და განუყოფელი (რა თქმა უნდა, მაშინ ხომ სამხრეთ ოსეთი არც არსებობდა. - ავტ.), მაგრამ ეს ტერიტორიები ბოლშევიკებმა ქართველებს  გადასცეს. ამ ტერიტორიების საქართველოსთვის გადაცემამდე აქ ქართველებს არასოდეს უცხოვრიათ. თრუსოს ხეობაში შემონახულია 25 ციხესიმაგრე, 15 სალოცავი. თრუსო და ოსური მიწები ოსი ხალხის ნაციონალური პრობლემაა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ კაცობრიობის წინაშე. დღეს ოსური მიწა, კერძოდ კი ჯვრის უღელტეხილი, ქართველებისთვის ტურისტული ზონა გახდა. აქ არის მსოფლიო დონის ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან დასასვენებლად, მაშინ როცა ამ ადგილის ძირძველ, მკვიდრ ოსებს არა აქვთ საშუალება თავის ისტორიულ სამშობლოში მოხვედრისა. ხეობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ არ შეგვიძლია ლეგიტიმურად ჩავთვალოთ ბოლშევიკების 1921 წლის უსამართლო გადაწყვეტილებები. არავინ ელის კოკოითის განცხადებების კვალდაკვალ ამ საკითხების გადაწყვეტას, მაგრამ ჩვენ ამ თემას გავაღრმავებთ".

ალბათ, ასეთი სტატიები რამდენიმე წლის წინ სასაცილოდ არ ეყოფოდათ ქართველ მეცნიერებს. სინამდვილეში ასეც იყო, როდესაც ოსები ისტორიას აყალბებდნენ, ქართველები ამ ყველაფერს "უაზრო ბჟუტურს" უწოდებდნენ(!). რა შედეგი მოგვიტანა გულარხეინობამ, კარგად ვხედავთ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წაგლეჯით რუსეთის გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა და აი, ახალი საბაბიც საქართველოს,  როგორც ქვეყნის გასანადგურებლად. ეს მიზანი რუსებმა კარგა ხანია დაისახეს და ტრადიციულად, ამას ოსების ხელით აკეთებენ.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ერთადერთი მეცნიერი, რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სერგეი არუთინოვი აღმოჩნდა, რომელმაც ისტორიული სიმართლის თქმა გაბედა, - მან ტელეეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი ძალზე გვიან არიან მოსული და რომ არავითარი სამხრეთი ოსეთი საბჭოთა კავშირის შექმნამდე არ არსებობდა და ეს ტერიტორია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე - შიდა ქართლი იყო. მან თქვა ისიც, რომ რუსეთმა საქართველოს  ძირძველი პროვინციები ჩამოაჭრა.

მამუკა არეშიძე: ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - ერთ-ერთ პირველ რუკაზე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დავალებით შეიქმნა, ყაზბეგის რაიონის ნაწილი საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად მოზდოკის ოლქთან  არის მიერთებული. ეტყობა, აქედან მოდის მითები ამ ტერიტორიების ოსეთის კუთვნილების შესახებ. სხვათა შორის, ამ რუკაზე ოსეთი მხოლოდ ჯავის რაიონს მოიცავს, მისი შემოგარენით. ცხინვალი და ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი კი მთლიანად ქართლია. თუ ამ რუკებით ხელმძღვანელობენ, მაშინ ეგრეთ წოდებულ ჩრდილო ოსებს საერთო არაფერი აქვთ ოსებთან. მეორე თვალსაზრისით, ტერიტორიის ოსური წარმომავლობა ოსური კულტურის ძეგლებით არის დასაბუთებული. მართალია, თრუსოში არის ოსური კულტურის ძეგლები, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მაგრამ განა ამით შეიძლება  ტერიტორიის კუთვნილებაზე მსჯელობა? არ არსებობს მსოფლიოში დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს არ არის ქართული მიწა. ეს ისტორიული ქურდობა რუსების პოლიტიკური შეკვეთაა. ოსები დღეს კავკასიელ ხალხებს შორის პრივილეგიურ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიწა წაჰგლიჯონ მეზობლებს. კრემლი სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ოსებზე უკეთ ვერავის გამოიყენებს.

რეალობა ასეთია: მცოცავი ანექსიის შედეგად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ფართოვდება, ნელ-ნელა იწევს აღმოსავლეთით თუ დასავლეთით ონის, დუშეთისა და საჩხერის რაიონების ხარჯზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული საკმაოდ ფართო იყო და მასში შედიოდა მამისონის უღელტეხილი, ცხადი გახდება, რომ ჩვენ წინაშე საკმაოდ დიდი საფრთხე დგას და ეს სულაც არ არის ოსი ისტორიკოსების ინიციატივა. არსენ ფაძაევი, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო, რუსეთის დუმის დეპუტატია. მას ამდენის თავი ნამდვილად არა აქვს,  თვითონ ვერ მოიფიქრებდა. რუსებმა დაარიგეს. რუსები ძალზე სერიოზულად მუშაობენ ყველა მიმართულებით. დღეს ფაქტი ისაა, რომ თურქეთში არსებული კავკასიური ორგანიზაციების 80 პროცენტი გადაბირებულია რუსების მიერ. ამ საქმის აქტიური შემსრულებელი გახლდათ თურქეთში რუსეთის საელჩოს ყოფილი დესპანი კარგიევი. ჩემი ინფორმაციით, ეს კაცი ქართული წარმოშობისაა და ქართულსაც საკმაოდ კარგად ფლობს. სწორედ ეს კარგიევი გადმოიყვანეს ცხინვალში რუსეთის ელჩად. ეს ნიშნავს, რომ ცხინვალი გახდება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ მთელი კავკასიის მართვის ერთ-ერთი ცენტრი. თუ აქამდე კავკასია იმართებოდა როსტოვიდან, ახლა მართვა სწორედ აქედან განხორციელდება.

მხოლოდ ინგლისურად შექმნილი დოკუმენტებით შორს ვერ წავალთ. საჭიროა რუსულენოვანი საიტების შექმნა, სადაც ისტორიულ დოკუმენტებს, წყაროებსა და რუკებს განვათავსებთ, რათა ციხე შიგნიდან გავტეხოთ. სხვათა შორის, პარალელების გავლება ბევრ მტკივნეულ საკითხზე შეიძლება. მაგალითად, ქალაქ როსტოვში არის ქალაქი ნახიჭევანი დონზე, რომელიც სომხებით არის დასახლებული. დავსვათ კითხვა: ეს ტერიტორია სომხებისაა? რუსეთის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობის კარგად მცოდნე პირები, მერწმუნეთ, უამრავი მტკივნეული და ძალზე დასაბუთებული დარტყმის მიყენებას შეძლებენ. ოსებმა იდეოლოგიური დივერსია ბორჯომ-ბაკურიანით დაიწყეს. თუ ვინმეს ჰგონია, კოკოითიმ ეს განცხადება ერთხელ გააკეთა და გაჩუმდა, ცდება. უკვე შექმნეს ჯგუფი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის, თრუსოს ხეობის, კობის ქვაბულისა და სხვა ადგილების ოსთა კუთვნილების "დამტკიცებაზე" მუშაობენ. ყალბი მასალების შეგროვების შემდეგ კი დაიწყება მსოფლიო საზოგადოებრიობაზე მასირებული შეტევა. როცა ჩვენ  გვეძინა და სასაცილოდ არ გვყოფნიდა ოსების  პრეტენზიები, მაშინ ცხინვალში გამოდიოდა ლიტერატურა, სადაც ისტორია დამახინჯებული და გაყალბებული იყო. ოსეთში იმ წიგნებით თაობა გაიზარდა. ამწუთას დაკარგულია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ფარგლებს გარეთ არსებული სოფლები პერევი და ქარძმანი. მოსახლეობა იქაურობას ტოვებს, ქართველები  რაჭის რიგ სოფლებსაც ტოვებენ, რადგან საქონელს იპარავენ ოსები. იგივე ხდება დუშეთის რაიონში, ყაზბეგის რაიონი კი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობა ბოლო წლებში განახევრდა. თუ ლარსის საგუშაგოც გაიხსნება, ოსების შემოტევა მერე ნახეთ.

ვიდრე ქართველებს ერთი მძლავრი რუსულენოვანი საიტი ვერ შეგვიქმნია და ფულს რაში ვხარჯავთ, კაცმა არ იცის. რუსები დროს არ კარგავენ. რუსებმა მსოფლიოში საინფორმაციო ომი წააგეს და ახალ სტრატეგიას მიმართეს - ახალი მძლავრი საინფორმაციო შეტევა წამოიწყეს. ამჯერად საქმეში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩართეს(!). რაოდენ საწყენიც და უცნაურიც უნდა იყოს, ოსეთის "ისტორიულ მიწებს" ვრცელი ეპისტოლე მიუძღვნა ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა  ქრისტოფორმა. მაღალი სასულიერო წოდების პირის განკითხვისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საინტერესოა, რამ (ან ვინ) აიძულა ნეტარი ქრისტოფორი ამისთანა სიცრუე და უმსგავსი ისტორია შეეტყუებინა მრევლისთვის. ეპისტოლე რუსულ-ჩეხურ ჟურნალ "იკონაში" გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ქრისტოფორი ავტორიტეტულად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი  არასოდეს ყოფილა  საქართველოს ისტორიული ნაწილი, რომ აქ ცხოვრობს ოსი ხალხი, რომელსაც აქვს  მდიდარი კულტურული ტრადიციები, საკუთარი დამწერლობა(?!), ლიტერატურა, ხელოვნება; რომ ოსი ხალხი  უაზრო საზღვრით ორადაა გაყოფილი და ახლა ისწრაფვიან აღადგინონ სახელმწიფო და გააუქმონ საზღვარი, რომელიც ყოფს ოსურ ოჯახებს, რომ თურმე ოსურ ტერიტორიებზე არასოდეს უცხოვრიათ ქართველებს და ასე შემდეგ... საილუსტრაციო მასალაში  ქართული მართლმადიდებლური ტაძრები ოსურადაა გამოყვანილი. მიტროპოლიტ ქრისტოფორის ეპისტოლესთვის  ყალბი რუკაც დაურთავს თან. თურმე სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ალანური ეპარქიაც არსებობდა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა! ეპისტოლეს მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაც ალანურ ეპარქიაში შედიოდა.  მიტროპოლიტი აქამდე უცნობ ისტორიასაც გვთავაზობს. ის ჯერ მონღოლთა მიერ ალანთა დამარცხებაზე ლაპარაკობს. თურმე ოსების უკანასკნელი ისტორიული ცენტრი, ციხესიმაგრე ახლანდელი ქალაქი გორი ყოფილა, სადაც თურმე ალან-ოსთა მეფისწული ბაყათარი იმალებოდა. ამ ისტორიული პასაჟიდან გამოდის, რომ ქართველები მონღოლთა მოკავშირეები ყოფილან  და გორის სიმაგრიდან ალანები გაუძევებიათ(!).

გვინდა მიტროპოლიტს ერთი ისტორიული ფაქტი  ვაცნობოთ: გორი მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონღოლთა შემოსევების დროს ის ციხესიმაგრე კი არა, ქალაქი იყო, მე-13 საუკუნის ბოლოს მას ჩრდილო ოსეთიდან შემოსული ოსები დაეუფლნენ და 30 წელი მონღოლების დახმარებით ეჭირათ. სწორედ აქედან აოხრებდნენ და არბევდნენ მთელ ქართლს. ალბათ, ეპისტოლეში გორის "ისტორიული" პასაჟის შეტანა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ გორის  უმოწყალოდ დაბომბვისა და ოკუპაციის გასამართლებლადაა გამიზნული. თუმცა ეპისტოლეში არის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო პასაჟი, სადაც მიტროპოლიტის ნამდვილი სახის დადგენა დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება: მიტროპოლიტი აშკარა სიმპათიას გამოხატავს ახლანდელი რუსეთის მიმართ და ამტკიცებს, ბოლშევიკურ რუსეთთან მას დღეს საერთო არაფერი აქვსო. მიტროპოლიტი ღიად საყვედურობს ჩეხურ მედიას ჩეხეთ-სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის შპიონაჟის ცენტრი რატომ გელანდებათო! მიტროპოლიტის ეპისტოლე ილუსტრირებულია ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებით, რომლებსაც ის ოსური კულტურის ძეგლებად ასაღებს. აქვე მოხმობილია ომის ამსახველი შემზარავი ფოტოები (ისე, საინტერესოა, როგორ ადგენს მიტროპოლიტი, რომ ეს ნგრევა-უბედურება ქართული არმიის ნამოქმედარია და არა რუსული ავიაციის?).

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს. დეკანოზი დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: - მიტროპოლიტის ამ ეპისტოლეზე მკაცრი რეაქცია გვქონდა. მას საქართველოს საპატრიარქომ შესაბამისი ახსნა-განმარტება მოსთხოვა, გაუგებარი პასუხი მივიღეთ. ეს პასუხს კი არა, ზერელე მობოდიშებას უფრო ჰგავდა. მგონი გასაგები უნდა იყოს, საით უბერავს სიო.

- ეპისკოპოსს ისეთი ღრმა ისტორიული განათლება აქვს, რომ ოსების ისტორიულ მემკვიდრეობაზე იმსჯელოს?

- ისტორიული განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გეტყვით, რომ მას სასულიერო აკადემია მოსკოვში აქვს დამთავრებული(!).

- ეპისტოლედან კარგად ჩანს, რომ ჩეხეთში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მაინცდამაინც პატივით არ მოიხსენიებენ, მას რუსების ინტერესების გატარებასა და შპიონაჟშიც კი ადანაშაულებენ.

- როგორც ჩანს, მედია მთლად არ ტყუის. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ნორმალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

როლანდ თოფჩიშვილი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: - ჩვენ ცაიტნოტში ვართ. დადგა ჟამი, ვიზრუნოთ ტერიტორიების დაბრუნებაზე. საქართველო ინფორმაციულ შეტევაზე უნდა გადავიდეს და მოითხოვოს თავისი ისტორიული მიწა-წყალი, რომელიც თავის დროზე რუსებმა ოსებს უბოძეს და რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეა. ეს არის დვალეთის ტერიტორია, უძველესი ქართული მიწა-წყალი (3581 კვკმ). ის რუსეთმა შეიერთა ქართლ-კახეთთან ერთად და თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა ნარას უჩასტკის სახელწოდებით. 1858 წლის 3 აპრილს რუსებმა ეს ტერიტორია ჩამოგვაჭრეს და თერგის ოლქს გადასცეს (დღევანდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორია). დვალები ისეთივე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, როგორსაც ფხოველები, თუშები. ოსებმა საქართველოში  პირველად ეს ტერიტორიები დაიკავეს. თავდასხმებით აიძულეს დვალები, აყრილიყვნენ და მე-16 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე თავად დასახლდნენ. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსები პირველად თრუსოში და მაღრანდვალეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ. მაღრანდვალეთი 9 სოფელს მოიცავდა დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს ზემო წელში. მანამდე ოსები საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილან.

"თუ ლარსის საგუშაგოც გაიხსნება, ოსების შემოტევა მერე ნახეთ"

- ოსები ამბობენ, დვალები ოსები იყვნენო...

- დვალები ოსები არ ყოფილან. დვალები დვალები იყვნენ, ძირძველი კავკასიელები. თუ ოსებმა თავიანთი ისტორია არ იციან, ჩაიხედონ  ისტორიულ წყაროებში.

- ქართველი მეცნიერების არგუმენტები მათთვის მისაღები არ არის..

- კარგი, ბატონო, მაშინ უცხოელი ისტორიკოსების არგუმენტები მოვიშველიოთ. ოსებზე ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას კატალონიელმა მეცნიერმა აგუსტო ალემანმა მოუყარა თავი. ყველა წყარო, რაც კი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე არსებობდა, ერთ წიგნში მოაქცია (რადგან წიგნი ალანების ისტორიას ეხებოდა, რუსებმა თარგმნეს. წიგნი მაღალპოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და მისი "ფასადი" ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერებით არის აჭრელებული. ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია! - ავტ.). ძველი ბერძნული, ლათინური,  ბიზანტიური, გვიანდელი ბერძნული წყაროების, არაბული, სომხური, კატალონიური, ქართული, ირანული, ჩინური, მონღოლური, რუსული, სირიული წყაროების მიხედვით საქართველოს სიახლოვეს, არსად, ოსების წინაპარი ალანები არ ცხოვრობდნენ. მათი დასახლების არეალი ყველა წყაროს მიხედვით იყო ევრაზიის სივრცე, სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის სტეპები, სადაც მომთაბარეობდნენ მეოთხე საუკუნის 70-იან წლებამდე, მაგრამ ალანების ეთნოგენეზი მოხდა არა ევრაზიის სივრცეში, არამედ  შუა აზიაში, არალისპირეთში, თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე. ეს დამტკიცებული აქვს არა მარტო აგუსტო ალემანს, არამედ ძალზე ავტორიტეტულ რუს ავტორსაც, სახელმწიფო პრემიების მფლობელ გუმილიოვსაც. გუმილიოვს დაბეჭდილი აქვს რუკები და სქემები, რომლის მიხედვითაც ალანები სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ. მათი სამომთაბარეო არეალი დონისპირეთში იყო ("დონი" ოსურად წყალს ნიშნავს). მეოთხე საუკუნის 70-იან წლებში აღმოსავლეთიდან ჰუნები დაიძრნენ. მთელ ევრაზიას გადაუარეს. მომთაბარე ალანები, რომლებიც  ვოლგასა და აზოვის ზღვას შორის მოძრაობდნენ, ფაქტობრივად, გაანადგურეს. ვინც გადარჩა, საბრძოლველად ევროპისაკენ წაიყვანეს. მაშინ ჩამოიწია გადარჩენილმა ნაწილმა ჩრდილო კავკასიის ბარში და შექმნა ე. წ. ალანური სახელმწიფო და ცხოვრობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილო კავკასიის ბარში. მე-10 საუკუნის არაბული წყაროების მიხედვით, არაბი ისტორიკოსი იბნ რუსტა წერს, დარიალის კარიდან ალანთა ქვეყნამდე 10 დღის ფეხით  სავალიაო. ეს ნიშნავს, რომ დარიალიდან ოსების განსახლების ადგილამდე 250 კილომეტრი მაინც იყო. მაშინ სტეპის ხალხი იყო, მონღოლთა შემოსევების შემდეგ მთიელები გახდნენ. ასე რომ, ოსები კავკასიელები არ არიან. ხომ არ ავიწყდებათ,  რომ რუსების ხელშეწყობით აქვთ მითვისებული  მეზობლების ტერიტორიები? ინგუშეთის ძალზე დიდი ნაწილი რუსების ხელშეწყობით ჩაიგდეს ხელში. მთელი პრიგოროდნის რაიონი მთლიანად ინგუშური იყო. როდესაც 1944 წელს სტალინმა ინგუშები შუა აზიაში გაასახლა, პრიგოროდნი ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა. მას შემდეგ ხრუშჩოვმა ინგუშები დააბრუნა, მაგრამ ტერიტორიები არ დაუბრუნეს. მეტიც, 1774 წელს, როდესაც რუსებმა ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე ააშენეს, ამ ადგილას იყო ინგუშური სოფელი ზაურეგი, სადაც ინგუში ზაურეგების გვარი ცხოვრობდა. ცნობილი რუსი ეთნოლოგი ნატალია ვოლკოვა წერს, რომ არა მარტო თერგის მარჯვენა, არამედ მარცხენა მხარეს მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის გადასახადს უხდიდნენო. რას ნიშნავს ეს, გასაგებია. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ეს ინგუშების მიწა-წყალი იყო და ოსები ამიტომაც უხდიდნენ ინგუშებს მიწის გადასახადს. ინგუშები ძალიან დაჩაგრეს. ქართველებსაც მისცეს ჩეჩნეთის ტერიტორიის, ბალყარეთისა და ყარაჩაის ნაწილი, ქლუხორის რაიონიც შეიქმნა, მაგრამ როდესაც  ამ მიწაზე მცხოვრები ძირძველი მოსახლეობა გადასახლებიდან დაბრუნდა, ქართველებმა უსიტყვოდ დატოვეს იქაურობა (ასეთი ფაქტი ისტორიაში ერთადერთია) და  მეურნეობის ნაწილი, ფრინველი თუ საქონელი გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩრდილოკავკასიელებს დაუტოვეს. ამისთანა ისტორიის მქონე ოსები ბედავენ და კავკასიაში ძირძველ ისტორიულ მიწებს ეძებენ? მეტი ცინიზმი და მტაცებლობა გაგონილა?

- ოსები იმით აპელირებენ, რომ თრუსოს ხეობაში რამდენიმე ოსური კულტურული ძეგლია და იქაურ სოფლებსაც ოსური სახელები ჰქვია.

- თრუსოს ხეობაში ოსები მე-17 საუკუნიდან მოვიდნენ და რა გასაკვირია, რამდენიმე კოშკი რომ აქვთ? ეს კოშკები აშენებულია მე- 17-18-19 საუკუნეებში. რაც შეეხება თრუსოს ოსურ სოფლებს, თრუსოში შედის სოფელი მნა. 1774 წლის "ხევის აღწერაში" გადარჩა  თრუსოს ერთი სოფლის აღწერა, სადაც მითითებულია მაშინ იქ მცხოვრებთა გვარ-სახელები. სოფელი ბაბეურებით, ზაქიშვილებით, არჯინაულებით, ბადაძეებით, გუდიაურებით იყო დასახლებული. რომელია ოსური გვარი? თრუსოში არის სოფელი ოქროყანა, თუ ეს ოსების მიწაა, სოფელს რანაირად შეიძლება ოქროყანა დარქმეოდა? არის სოფელი გილარა, რომელიც სვანურად მჟავე წყალს ნიშნავს. სწორედ მჟავე წყალი ამოდის ამ სოფელში და სოფლის სახელწოდებაც სუფთა ქართველური ტოპონიმია. სად არის აქ ოსური სახელწოდებები?

პ. ს. ქართველ ერს ამაზე დიდი ავბედობაც ახსოვს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს დედაქალაქმა თბილისმა არაბების 300-წლიანი ბატონობა გადაიტანა... ამ ჟამთა სიავის დროს ჩვენ  შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს შთამომავლობას მისცემს საშუალებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძოლოს. თუ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ოსები დღეს ბოლშევიკური რუსეთის 1921 წლის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურად  არ ცნობენ და ისტორიული საფუძვლის გარეშე საქართველოს იურისდიქციაში შემავალ ოსურ მიწებს ითხოვენ, ვითომ  საქართველომ რატომ უნდა ცნოს ლეგიტიმურად მეფის რუსეთის დროინდელი 1858 წლის ადმინისტრაციული დაყოფა? მართალია, დღეს სამაჩაბლო ოკუპირებულია და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, მაგრამ არც იმ მიწის, კერძოდ კი დვალეთის დავიწყება  ღირს, რომელიც რუსებმა  უბოძეს ოსებს და რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეა. საქართველოს აქვს უფლება - ისტორიულიც და მორალურიც - დაიბრუნოს ისტორიული მიწა-წყალი. ალბათ, ოსებს არც იმის შეხსენება აწყენდათ, რომ კავკასიაში სტუმრები არიან და თუ ისტორიულ მიწა-წყალს ეძებენ, მეგობარი რუსები შეაწუხონ და ტერიტორიების დაბრუნება მოსთხოვონ. სანამ ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხებს გულგრილად ეკიდება და რუსულენოვანი საიტის შექმნასაც არ ჩქარობს, ჩვენი მტრები სპეციალურ კომისიებს კომისიებზე ქმნიან და მსოფლიოს გაბრუებას ცდილობენ(!).