"ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად"

"თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში"

"ომეგა ჯგუფის" სკანდალმა ბევრი პრობლემა გამოამზეურა, მათ შორის, უპირველესად - სახელმწიფო მართვის ნაკლოვანებები. ვინ მართავს ქვეყანას - ხელისუფლება თუ არაფორმალური ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან? შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჯგუფების სიმბოლოდ იქცა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ხელისუფლებასა და კონკრეტულად - პროკურატურაზე მის გავლენაზე უკვე ლეგენდები დადის. სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ძალიან მალე, ის იმდენ ქონებას აგროვებს, რომ წარმატებულ ბიზნესმენად გვევლინება, ამ ქონების წარმომავლობაზე მისი ადვოკატის განცხადებები კი სრულიად დაუჯერებელია. გვიმტკიცებენ, რომ ადამიანმა ამხელა ქონება თურმე იმ კომპანიაში მუშაობით დააგროვა, რომელსაც ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია. ვინ არის ოთარ ფარცხალაძე და რატომ ვერ ელევა მას "ქართული ოცნება"? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ.დიდი ხანია, ვამბობ, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, ქართულ სახელმწიფოს არაფერი ეშველება. ჩვენში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემის მართვა ძალიან ძნელია. ის ან უნდა მართო ისე, როგორც მართავდა სააკაშვილი, ან საბოლოოდ მიხვალ იქამდე, რაც ხდებოდა შევარდნაძის დროს, როდესაც პროცესი საერთოდ უმართავი გახდა. აქ შუალედის პოვნა შეუძლებელია.

სახელმწიფო მანქანა ურთულესი მექანიზმია. მისი მართვა არ არის ერთი, თუნდაც ძალიან დიდი კორპორაციის მართვის ტოლფასი. დემოკრატიული ინსტიტუტები, განაწილებული ძალაუფლება სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ მოხერხდეს სახელმწიფოს დაბალანსებულად მართვა.

როდესაც სისტემას არ ცვლი, მართვის სტილს იმავეს ტოვებ, თუმცა რეფორმებზე ლაპარაკობ, უნდა იცოდე, რომ მარცხისთვის ხარ განწირული. შედეგად სწორედ ისეთი პროცესები ვითარდება, როგორსაც ახლა ვხედავთ, იზრდება კორუფციის რისკიც.

რა ქნა "ქართულმა ოცნებამ"? მან "ნაციონალებისგან" გადაიბარა მართვის სისტემა და სცადა, ოდნავ შეერბილებინა, ანუ არარეპრესიული სისტემა კი არ შექმნა, რეპრესიული სისტემის ლიბერალიზაცია სცადა, საბოლოოდ კი ვხედავთ, რომ შეიძლება მართვის სადავე საერთოდ გაექცეთ ხელიდან. კარგად ვიცით, სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, როგორ აყაჩაღებდნენ ბიზნესს, ინაწილებდნენ წართმეულ წილებს და ა.შ. გვახსოვს პროტექციონიზმიც... დღეს შესაძლოა, ასე პირდაპირ და მასშტაბურად ბიზნესს არ ავიწროებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო საბოლოოდ გათავისუფლდა.

მაინცდამაინც არ ვარ "ომეგა ჯგუფის" საქმეში ჩახედული, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ოქუაშვილი თვითონაც მოქმედებდა უკანონოდ. მას აქვს ბიუჯეტის დავალიანება და ამას არც უარყოფს, ამ ჩანაწერებით კი ჩანს, რომ ამ ვალის ჩამოსაწერად გარიგებას ცდილობდნენ.

ვინ მონაწილეობდა ამაში? გვესმის ივანიშვილის, ჩხარტიშვილის, ფარცხალაძის, ყიფიანის სახელები, რომლებიც იმ დროს სახელმწიფო მართვაში ოფიციალურად აღარაფერს წარმოადგენდნენ. ვინ მისცა უფლება ამ ხალხს, გადაწყვიტოს, ვის ეპატიოს სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები და ვის - არა?

ვერაფერს ვამბობ ლევან ყიფიანის განცხადებებზე... არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს... ადამიანი ისეთ დაუჯერებელ სიუჟეტებს ჰყვება!.. მზად არის, თაღლითობაზე მოაწეროს ხელი, ოღონდ რატომ, რის ფასად? ვის აფარებს ხელს?!

მოკლედ, მე ყველაფერი ასე დავინახე: ბიზნესმენი ცდილობს, თავი აარიდოს გადასახადებს, მეორე მხარეს კი ვიღაცები მას ამაში ფულს სთხოვენ.

არ ვამბობ, რომ ეს ოთხი მილიონი, რასაც ჩანაწერებში ახსენებენ, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა და მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, "ბიჭებს" დასჭირდათ... თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ათასი ბერკეტი აქვს სასურველი ბიზნესის ხელშესაწყობად და არასასურველის გასაჩერებლად.

არ მიმაჩნია, რომ ოქუაშვილი ანგელოზია, მაგრამ უფრო სავალალოა, რომ ამაში გარეული არიან ხელისუფლების ნაწილი და არაფორმალური გავლენიანი ჯგუფები. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე არსებობს სახელისუფლებო სტრუქტურები და ასევე არსებობს მათ პარალელურად მოქმედი გავლენის ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები ემორჩილებიან...

- ამ არაფორმალური გავლენის ჯგუფების სიმბოლოდ იქცა ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც არაერთი სკანდალი უკავშირდება. თქვენი აზრით, რატომ ვერ ელევა მას "ქართული ოცნება"? - როგორც ჩანს, მას მართლაც აქვს პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან. სხვაგვარად მას ასე მხარს არ დაუჭერდნენ. დღეს მის წინააღმდეგ მძლავრი შტურმი დაიწყო და არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში ჩააჩოჩონ კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ის მთავარი პროკურორობიდან სკანდალურად წასვლის შემდეგაც ახდენდა გავლენას ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით - პროკურატურაზე. ის მართლაც ძალიან ჰგავს კეზერაშვილს, თუმცა განსხვავება მაინც არის. კეზერაშვილიც, ფარცხალაძის მსგავსად, უცებ გამდიდრდა და კულუარებშიც ბევრს ლაპარაკობდნენ მის მიერ ბიზნესის რეკეტზე, მაგრამ ქვეყანაში არსებული რეპრესიული მანქანის გამო ოპოზიციური მედია და სამოქალაქო სექტორი მის მიმართ ასეთი აგრესიული ვერ იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დროს უარესი ხდებოდა, თუმცა მაშინ ხმის ამოღებას გამბედაობა სჭირდებოდა, რადგან ამას სისტემა ახშობდა. დღეს რეპრესიულმა წნეხმა იკლო, შესაბამისად, ასეთი თემები უფრო წინ წამოვიდა.

ვიმეორებ: ვეჭვობ, რომ მას უშუალოდ ივანიშვილი უჭერს მხარს. სხვაგვარად ის ამ გავლენას ვერ შეინარჩუნებდა და აუცილებლად მოუწევდა პასუხისგება - ბოლოს და ბოლოს, დაკითხვაზე მაინც დაიბარებდნენ! რაც უნდა ამტკიცოს მისმა ადვოკატმა, რომ თურმე კონსულტანტობით გამდიდრდა კომპანიაში, რომელსაც მუშაობა ჯერ არც დაუწყია, ამას ვინ დაიჯერებს?!

"ქართული ოცნების" პრობლემა ესეც არის, რომ დამაჯერებელი კონტრარგუმენტების მოფიქრებაც არ შეუძლიათ.

- "მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ შავ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ ხელისუფლების შანტაჟით იცავდნენ," - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. - მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები შეიძლება ხელისუფლების შანტაჟს მართლაც ცდილობდნენ, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ისინი ისეთს ვერაფერს იტყვიან და დაუშავებენ, როგორი დამანგრეველი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს მათთან თანამშრომლობას. სწორედ მათი არსებობა და მათთან "ჰარმონიული თანაცხოვრებაა" მმართველი ძალისთვის უდიდესი პრობლემა.

საბოლოოდ კი ყველაფერი ჰბრალდება ივანიშვილს. და თუ ის ვერ ხვდება, რომ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, თან, რაც შეიძლება სწრაფად, ჩემი აზრით, ისიც იმ პირველ პირთა ბედს გაიზიარებს, ვინც აქამდე ყოფილა საქართველოშIი.

- საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას? - ვფიქრობ, საქართველოში ასეთი არჩევნები ჯერ არ ყოფილა. კომპრომატებითაც კი არ ებრძვიან ერთმანეთს, პირდაპირ ზღვარგადასული ლანძღვა-გინება გვესმის. ამდენი სიბინძურე, აგრესია, სიძულვილი, ცილისწამება, უსაფუძვლო ბრალდება აქამდე არ მინახავს! არჩევნები საქართველოში ყოველთვის ნეგატივზე იყო აგებული, მაგრამ ახლა ამის მასშტაბი მართლაც განუსაზღვრელია. ყველა ძირითადი კანდიდატის პიარკამპანია მძიმე საყურებელია. გამონაკლისია დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ ყველაფრისგან განზე დგას.

ისმის კითხვა: რატომ მიიღო ყველაფერმა ასეთი სახე? ჩემი აზრით, ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ასეთი შემცირება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მისგან კვლავ ითხოვს იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, რაც აქამდე ევალებოდა, კანდიდატებს უხერხულ და გაუგებარ ვითარებაში აგდებს. ისინი ვერ ქმნიან პოზიტიურ დღის წესრიგს, ამიტომ ყურადღების გადატანას და ამომრჩევლის ყურადღების მოზიდვას ერთმანეთის ლანძღვით ცდილობენ. ასე სურთ, დაამტკიცონ, რომ სხვებზე უკეთესები არიან.

მეორე მიზეზი მგონია ის ტრადიცია, რომელიც 2012 წელს დამკვიდრდა - უკიდურეს ნეგატივზე აგებული ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება, რომელიც შიშის ელემენტსაც შეიცავს. "ქართული ოცნება", უკვე მერამდენე არჩევნებია, იმუქრება, ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, "ნაციონალები" დაბრუნდებიანო... საბოლოოდ კი ვიღებთ ამ ყველაფერს, რაც საშინელი საყურებელია.

ამას კიდევ ეშველებოდა, ეს პროცესი 28 ოქტომბერს რომ შეწყდეს, მაგრამ ეს ხომ არჩევნებისთანავე ვერ გაჩერდება! ეს ნეგატივი ილექება მოსახლეობის მეხსიერებაში, ქმნის უარყოფით აურას...

რასაც დღეს ვხედავ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის თვალსაზრისით ყველაზე დაბალ დონეზე დავეშვით. ფაქტობრივად, განადგურებულია ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საზოგადოებაც. ყველანი აღმოვჩნდით ამ პროცესში ჩართული. მედია და სამოქალაქო სექტორიც კი ორი პოლიტიკური პოლუსის მიხედვით არის განლაგებული, არადა

დღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამომრჩეველს ორივე ამ ძალის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" (თავისი განშტოებებით) უარი ეთქვა! ეს იდეა თითქოს მომწიფებულია, მაგრამ მისი განმახორციელებელი არ ჩანს და მე აქ მხოლოდ პოლიტიკურ ძალას არ ვგულისხმობ. საქმე ის არის, რომ არც საზოგადოებრივი ძალა ჩანს, არადა, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პირველი სიმპტომი სწორედ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს...

- ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" მთელი ძალით ჩაერთო საარჩევნო პროცესში - ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები და ა.შ. მაშ, რა საჭირო იყო ეს ფარსი და სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად წარმოჩენა? - როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მიიჩნევდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" "ლაითი" მხარდაჭერაც იკმარებდა, მაგრამ... ამდენი არჩევნების მომსწრე ვარ და გულწრფელად გითხრათ, ასეთი საარჩევნო კამპანია, როგორიც აქვს ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად, არ მინახავს. ადამიანს შეეძლო, წასულიყო პარიზში, ხმა არ ამოეღო, იქ დალოდებოდა არჩევნების შედეგს და იქიდან პირდაპირ პრეზიდენტის თვითმფრინავით დაბრუნებულიყო, თუმცა მან მოახერხა და საკუთარი განცხადებებით ლამის მთელი საზოგადოება ნეგატიურად განაწყო. პოლიტიკას სამართლისგან ერთი რამ გამოარჩევს: სამართალში მნიშვნელოვანია მტყუან-მართლის დადგენა და მოსამართლე გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს, მაგრამ პოლიტიკაში ასე არ არის. აქ მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, სწორად თქვი რაღაც თუ არა, არამედ იმას, მოსახლეობის დარწმუნება შეძელი თუ ვერა. ლაპარაკი, რომ ქართული კარგად არ იცის, სხვა თქვა და სხვა იგულისხმა, ან სხვანაირად გაუგეს, ვერაფერს ცვლის. მოკლედ, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩართულიყო პროცესში. ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" რომ ჩამოშორდეს, ამ არჩევნებში არათუ ვერ გაიმარჯვებს, ისიც კი არ ვიცი, რომელ ადგილზე გავა. ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: როდესაც ზურაბიშვილმა ლამის ერთ თვეში მოახერხა საზოგადოების დიდი ნაწილის ასე ნეგატიურად განწყობა, რას იზამს ექვსი წლის განმავლობაში, თუ პრეზიდენტი გახდა?

"ქართულ ოცნებას" არ აქვს დამარცხების რესურსი. მათთვის პრეზიდენტის სავარძელი კი არ ნიშნავს რამეს, არამედ იციან, რა დიდ პრობლემად შეიძლება ექცეთ მარცხი, იმიტომ, რომ მოსახლეობა საბოლოოდ დაიჯერებს მათ უნიათობას. გარდა ამისა, "ნაციონალურ მოძრაობას" მიეცემა რეანიმაციის შანსი და 2020 წლის არჩევნებისთვის სულ სხვა პროცესები დაიწყება. ამიტომაც ვფიქრობ, ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ყველაფერს მოიმოქმედებენ...

არა მგონია, "ქართული ოცნება" ფიქრობდეს, ახლა წავაგოთ არჩევნები და 2020 წლისთვის ნელ-ნელა გადავაბაროთ ხელისუფლებაო, თუმცა შეიძლება ამგვარი სცენარიც განიხილებოდეს. ისე, ჰკითხეთ ერთი "ქართული ოცნების" ლიდერებს, თუ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, პარტიული კანდიდატი რას ნიშნავს?

ერთიც უნდა ვთქვა... დღევანდელ ვითარებაში ვაშაძეც, ზურაბიშვილიც და ბაქრაძეც, არჩევის შემთხვევაში, იქნებიან კონკრეტული პარტიის პრეზიდენტები, დათო უსუფაშვილი კი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. ეს უკვე აშკარად ჩანს! რას ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი? ეს ნიშნავს, რომ არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების მსახური... სამწუხაროდ, დღეს ამგვარ პოლიტიკოსებზე მოთხოვნილება არ არის...

ბიზნესიც ძალიან ვიწრო კუთხით უყურებს პოლიტიკას. ყველას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მის სამართალს აღასრულებს და არა - ქვეყნის, ამიტომაც დათოს უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ჩვენში პოპულარულები არასდროს ყოფილან. არადა, დღეს არის შანსი, საზოგადოებამ უარი უთხრას "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალური მოძრაობის" ნატეხებსაც...

- ბრძანეთ, რომ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად რადიკალური ზომებია მისაღები. თუ ეს ვერ მოხერხდა, საით შეიძლება წავიდეს ქვეყანა? - იმის გამო, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით თიIთქმის არავინ სარგებლობს, იქმნება ძალიან მძიმე ვითარება. პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს. ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად.

ხელისუფლებამ უნდა გადაახალისოს თავისი შემადგენლობა, როგორც საპარლამენტო, ისე - სამთავრობო. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს და ვერც საზოგადოება მოახერხებს კონსოლიდაციის ბირთვის შექმნას, ვშიშობ, ქაოსური პროტესტისა და ახალი სამოქალაქო დაპირისპირების მოწმენი არ გავხდეთ.