ნატო ჩხეიძე: "ჩხარტიშვილის სქემით 7-7% "ბიჭებისთვის" უნდა წასულიყო" - კვირის პალიტრა

ნატო ჩხეიძე: "ჩხარტიშვილის სქემით 7-7% "ბიჭებისთვის" უნდა წასულიყო"

"პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი, თი-ბი-სი ბანკთან გადაღებულ ფოტოზე რა მანქანაა, ან ვინ არის ის პირი, რომელიც ჩანს. გახარია კი ამბობს, მანქანის ნომერი ძვირად ღირებულია და სხვა პირმა შეიძინა, მერე უკან ჩააბარა და განადგურდაო, მაგრამ თუ განადგურდა, ფოტოზე როგორ ჩანს და რა კავშირი აქვს ამ საქმესთან? ან ნომერი თუ განადგურდა, მანქანა და ის ადამიანი, ვინც ჩანს, ხომ არსებობს? ამიტომ უნდა დადგინდეს, ვინ არის და რა კავშირი აქვს ფარცხალაძესთან. ფარცხალაძემ ჯერ ეს უნდა გაიხსენოს და მერე იმასაც "გაიხსენებს", რა კავშირი აქვს "ომეგას" საქმესთან", - განაცხადა პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

- რას იტყვით ყიფიანის ჩვენებაზე?

- ჩემი აზრით, ყიფიანის ჩვენება უკვე დაწერილი ჰქონდათ და ისე მივიდა ყიფიანი პროკურატურაში. მასზე უფრო ადრე მე დამკითხეს და ჩვენება ჯერ კიდევ არ გაუშიფრავთ, რომ გავეცნო. ყიფიანს კი გამოსვლაც არ დააცადეს, ეს ჩანაწერი ისე გამოაქვეყნეს. ჩემი აზრით, მისი ჩვენება მხოლოდ დაწერილი კი არა, დავარცხნილ-გასუფთავებულიც იყო...

- აუდიოჩანაწერებისთვის თუ მოგმართეს, რათა ექსპერტიზაზე ორიგინალი ვერსიები გადაეგზავნათ? - არავის მოუმართავს და როგორც ვიცი, არც "იბერიისთვის". თუმცა "იბერიამაც" "რუსთავი 2"-ის ჩანაწერები გამოიყენა.

- ანუ ჩანაწერები თქვენ არა გაქვთ? - არა.

- ყიფიანი თქვენს კომპანიას როგორ დაუკავშირდა? - პირველად ჩემთან მოვიდა და მითხრა, აღარ ვარ მინისტრი და კარგი იქნება, ჩემისთანა გამოცდილების ადამიანი თუ დასაქმდება ისეთ დიდ ფირმაში, როგორიც "ომეგააო". შემდეგ შეხვდა ზაზას და "ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი გახდა.

- რა გამოცდილებას გულისხმობდა, რის გამოც გადაწყვიტეთ, სამსახურში აგეყვანათ? - თვითონ რას გულისხმობდა, ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, "ომეგა ჯგუფის" საქმიანობის შესასწავლად მოვიდა. არ იქნებოდა ლევან ყიფიანი, იქნებოდა სხვა ვინმე და როგორც ზვიად გამსახურდია ამბობდა, გაშიფრული აგენტი სჯობს გაუშიფრავს და რადგან "ომეგას" დასამალი არაფერი ჰქონდა, კი ბატონო, ყოფილიყო ყიფიანი.

- ანუ მაშინვე ჩათვალეთ, რომ ის ხელისუფლების შემოგზავნილი იყო? - დიახ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

- ხელფასი რამდენი ჰქონდა? - როგორც მახსოვს, 15 თუ 17 ათასი.

- კომპანიას მისი დავალიანება არ ჰქონია? - არა... როგორც ვიცი, პირიქით...

- პირიქით?.. მეტს უხდიდით, თუ ხელფასს ტყუილად იღებდა? - ალბათ, კომპანიის დირექტორი გაგცემთ ამაზე ზუსტ პასუხს.

- ყიფიანი იმასაც ამბობს, რომ 10%-იან წილს სთავაზობდა ოქუაშვილი. - ტყუილია. სიცრუეა, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ვინმეს რაიმე წილს აძლევდეს.

- ყიფიანი თავის ჩვენებაში ბანკიდან ფულის გამოტანის ეპიზოდზე ამბობს, რომ ოქუაშვილს ბანკის დავალიანება ჰქონდა და ამ პერიოდში მუდმივად ქეშით ოპერირებდა, რათა ბანკს მისი ანგარიშიდან თანხა არ დაებლოკა. - ანგარიშსწორება საბანკო ტრანზაქციებით რომ ხდებოდა, ამის საბუთები არსებობს. ამიტომ ესეც ტყუილია.

- თქვენ გქონდათ ეჭვი, რომ ყიფიანი ვიღაცებისთვის მუშაობდა? - ეს აშკარა იყო, რადგან ძალიან ადვილად და მარტივად ლაპარაკობდა, ვის უკავშირდებოდა, რას ეუბნებოდნენ.

- რამ გაიძულათ, რომ თქვენ მისი პირობებით გეთამაშათ? - მისი პირობები არც ერთხელ არ შესრულებულა, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს პრობლემა წარმოიშვა, უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბავი იყო და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ყველას დაიცავ.

- ფარცხალაძეს კომპანიასთან რა კავშირი ჰქონდა? - ფარცხალაძეს კომპანიასთან არ ჰქონია კავშირი, მას ყიფიანთან ჰქონდა შეხვედრა... და როგორც ვიცით, ფარცხალაძეს კავშირი აქვს ივანიშვილთან.

- სხვა არავინ ფიგურირებს ამ საქმეში? ჩანაწერებში უკვე ყველა გამოჩნდა? - რაც მე ვიცი, ამ ძალიან დიდ საქმეში სხვა ეპიზოდებიც არის და ცხადია, მეტნიც არიან. ცალკეა ჩხარტიშვილის თემა, ცალკე - ყიფიანის, მანქანების თემა, ივანიშვილის ძმის, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურების...

- ივანიშვილის ძმა როდის გამოჩნდა? - როგორც ვიცი, წელს. ყიფიანი უფრო დიდი ხნის თემაა.

- როგორ მოვიდა, პირდაპირ "ბიზნესგეგმით", რაც მანქანების ბიზნესს გულისხმობდა? - დიახ, ამ ამბიდან რაც ცნობილია, მე მეტს ვერაფერს დავამატებ.

- ჩხარტიშვილი? - ჩხარტიშვილის თემა იყო სიგარეტის დისტრიბუციის გაერთიანების სქემა. ეს შემდეგ მისმა იურისტმა წესდების სახითაც გამოგზავნა, სადაც გაწერილი იყო, როგორ უნდა გაერთიანებულიყო ამ ორი ფაბრიკის დისტრიბუცია და ეს იქნებოდა შეღავათი, მაგრამ რა სახის შეღავათი, არ ვიცი. ეს არის ის ცნობილი სქემა 50-25-25, საიდანაც 7-7% კიდევ "ბიჭებისთვის" უნდა წასულიყო. ეს ცალკე საქმეა, რომელთანაც ყიფიანს შეხება არ ჰქონია და ის ახალი ამბავი, რომელიც მან ე.წ. ჩვენებაში გაამჟღავნა, რომ ვითომ ჩხარტიშვილს, ივანიშვილსა და ოქუაშვილს საერთო ბიზნესი უნდა ჰქონოდათ, მოგონილია. თუ ასეთი რამ იყო, სად არის პროექტი, სადაც თურმე 20 მილიონი ყოფილა და სად არის ეს დათვლილი, და მეორე, სადაც ოქუაშვილი ივანიშვილს ხვდებოდა, იქ ჩხარტიშვილი საერთოდ არ ყოფილა, გახარია იყო და არა ჩხარტიშვილი. თუ გახარია მის წარმომადგენლად ესწრებოდა შეხვედრას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა ჩემი ეს ვერსია მოეწონოთ და ასეთი ინტერპრეტაციაც მისცენ.

- თქვენი ინფორმაციით, ჩხარტიშვილის სქემის შესახებ ივანიშვილმა იცოდა? - უჩა მამაცაშვილმა იცოდა და ესე იგი, იცოდა ივანიშვილმაც.

- ორი წელია, დეპუტატი ხართ და თქვენს კომპანიას ასეთი პრობლემები რომ ჰქონდა, ვინმემ თუ იცოდა? - იცოდა.

- ვინ? - ამაზე საუბარი არ არის საჭირო.

- პარლამენტის თავმჯდომარემ იცოდა? - მას რა უნდა სცოდნოდა. რომ მეთქვა, უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ამ საქმეში ჩართული-მეთქი, მეტყოდა, სასაცილოაო და მოამთავრებდა საქმეს. თანაც როდის მეთქვა? ჯერ ლონდონში არანაირი პროცესი არ იყო დაწყებული.

- მმართველ გუნდში იცოდნენ? - დიახ, და იმასაც გეტყვით, რომ ეს მხოლოდ ერთი პირი არ არის, ერთზე მეტია. ოდესმე ამას აუცილებლად ვიტყვი.

- გავლენიანი ფიგურები არიან? - მეტს აღარაფერს გეტყვით.

- ბოლო ჩანაწერი, სადაც ჩხარტიშვილის რუსეთთან კავშირი ჩანს, მოულოდნელი იყო? - არა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩხარტიშვილი ყველა საქმეშია ჩარეული და ეს ძალიან ეამაყება. როგორც ჩანს, მას საქართველოში "რუხი კარდინალობა" უნდა. ის, რაც მოვისმინე, უფრო ტრაბახა კაცის საუბარი იყო, თუმცა რეალობას ასახავდა, რადგან იქ ისეთი ინფორმაცია იყო მოყოლილი, ყველაფერი მოგონილი ვერ იქნება.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი სწორედ ჩხარტიშვილი იყოს? - არა, ჩხარტიშვილს ამხელა გაქანება არა აქვს. ფოსტალიონის სტატუსის იქით ვერ მიდიოდა.

- "პატრიოტთა ალიანსს" როგორ დაუკავშირდით? როგორც ინაშვილმა თქვა, თქვენ შესთავაზეთ მას დაფინანსება და სურვილი გამოთქვით, მისი პარტიის სახელით გახდებოდით დეპუტატი. - ინაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი და შემომთავაზა დეპუტატობა. მე უკვე წამოსული ვარ ამ ფრაქციიდან...

რუსა მაჩაიძე