დავით უსუფაშვილი: "ყველაზე მეტად სახელისუფლებო გუნდის უმართაობა მაფიქრებს" - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი: "ყველაზე მეტად სახელისუფლებო გუნდის უმართაობა მაფიქრებს"

"ვისურვებდი, რომ არჩევნებზე საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" ყვითელი ბარათი აჩვენოს, "ნაცმოძრაობას" კი წითელი დაუტოვოს"

"სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, "ბნელი ძალები" გამოეწვია დებატებში, რათა მათ ფონზე ნათელი გამოჩნდეს. მე ვთავაზობ ქალბატონ სალომეს, "ბნელებთან" კი არა, ჩემთან დებატებს დათანხმდეს და იქ წარმოაჩინოს თავისი უპირატესობა", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა "კვირის პალიტრასთან". "კვირის პალიტრა" დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

- ბოლო ხანებში ისტერიკული ფონი გაძლიერდა. ყოფილმა თუ მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასეთი პიარტექნოლოგიური გადაწყვეტილება მიიღეს - რაც შეიძლება გაღრმავდეს უფსკრული ამა თუ იმ ბანაკის მხარდამჭერებს შორის და ამით მოახერხონ საკუთარი მომხრეების კონსოლიდირება. ამ მეთოდით პოლიტიკაში ჩართული ადამიანები საზოგადოებამ არ უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში.

ტერმინოლოგია "ფაშიზმი", "ჰოლოკოსტი" და ა.შ., ქართულ შავ პიარსა და პოლიტიკაში ახალი სიტყვაა, ყველაზე მაღალი რანგის ზოგადსაკაცობრიო დანაშაულებში ქართველი პოლიტიკოსების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის დადანაშაულება არა მარტო პოლიტიკური ეთიკის ნორმებს სცილდება, არამედ ქართულ სტანდარტებსაც კი, რომელიც მაღალი სტანდარტით არასდროს გამოირჩეოდა...

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი ძალიან დააზარალა, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობის იდეფიქსით შეპყრობის გამო და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებით პარლამენტის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დასცა ძირს, პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა ხუთჯერ მეტი ბიზნესმენი, რომელთაც აზრადაც არ მოსვლიათ პოლიტიკოსობა. რაც დრო გავა, უფრო მეტს აღმოვაჩენთ, რა უარყოფითი შედეგი მოიტანა პრივილეგირებული ბიზნესმენების კასტის გაჩენამ, რომელთაც გაცილებით მეტად მიუწვდებათ ხელი სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე.

- ბოლო დროს ხშირად დგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი. სხვა საქმეა, ეს სამართლებრივად და კონსტიტუციურად რამდენად გამართული მოთხოვნაა, მნიშვნელოვანი ის არის, ეს პარლამენტი რამდენად არის პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელი. იმსახურებს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას? - პოლიტიკური კრიზისის საფუძველი ნამდვილად არსებობს და პრეზიდენტის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა ამ კრიზისის მომწიფება დააჩქაროს. სხვათა შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ სახელისუფლებო კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად და ეს საზოგადოებისთვის არ იქნება დამაჯერებელი, და იმ შემთხვევაშიც, თუ რევანშისტული ოპოზიციური ძალების წარმომადგენელი გამოაცხადებს თავს გამარჯვებულად. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ წაიყვანა საქმეები, დაწყებული პრემიერის შეცვლით, გაგრძელებული პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევით და შემდეგ უკვე იმ ტიპის ინიციატივებით, რამაც მთელი ქვეყანა გააოგნა, როგორიც იყო, მაგალითად, მარიხუანას მოყვანა-ექსპორტის ინიციატივა და შემდეგ საარჩევნო კამპანია, როდესაც ხელისუფლება ვედროებით ასხამს ცეცხლზე ნავთს და აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში. ამ ყველაფერმა პოლიტიკური კრიზისის ალბათობა უფრო გაზარდა და შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდეს გამოსავალი. ამის ალბათობა დიდია, თუმცა მე პოლიტიკურად ამ გზას არ დავისახავდი, რადგან ასეთ ვითარებაში შევძლებთ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან გამკლავებას, სათუოა. ვისურვებდი, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს "ქართული ოცნებისთვის" ყვითელი ბარათის ჩვენებას და მის კანდიდატზე უარის თქმას. მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობისთვის" წითელი ბარათის დატოვებას, ანუ მისი წარმომადგენლის უარყოფას და მწვანე შუქის მიცემას იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევოლუციურ განვითარებას უზრუნველყოფენ. ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი და არა ის, თუ როგორ წავაქციოთ დასუსტებული ხელისუფლება, რათა ისევ ხელთ იგდოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ.

- ამ ორ კვირაში თუ ელოდებით, რომ რაიმე ისეთი მოხდება, რაც არჩევნებზე რადიკალურ გავლენას იქონიებს, მით უმეტეს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მიმდინარე მოვლენებმა ამის მოლოდინი გააჩინა? - ყველაფრის ჩამდენი ხალხისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ყველაზე მეტად კი მაფიქრებს სახელისუფლებო გუნდის უმართაობა, წინააღმდეგობებით სავსე ნაბიჯები, მაზოხისტური გამოვლინებები... ასეთ ვითარებაში არაფერია გამორიცხული. ძალიან კარგად ვიცი, რომ საერთაშორისო დონის პოლიტიკოსები მიუთითებენ ხელისუფლებას, რომ ასეთ დროს მათზეა პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელისუფლებაში, ერთი კაცის გარდა, ვინმეს შესწევს ძალა თუ უნარი და აქვს თუ არა ვინმეს საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ ვითარებაზე კონტროლი შეინარჩუნოს და მხოლოდ არჩევნების მოგებით არ იყოს შეპყრობილი?

რუსა მაჩაიძე