"ხელისუფლება თავის თავს ესვრის... ეს არის იზოლირებული სისტემა გადამწიფებული თინეიჯერებით" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება თავის თავს ესვრის... ეს არის იზოლირებული სისტემა გადამწიფებული თინეიჯერებით"

ბიძინა ივანიშვილის მიერ სამი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუს არაერთი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი, ის ცდილობს სისტემა შეინარჩუნოს. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა:

"გავიმეორებ იმას, რაც თქვენთან ეთერში ვთქვი პირველად, რომ ის აღარ არის ლიდერი, მე ასე დავინახე. სამწუხაროდ, გუშინდელმა ინტერვიუმ მე გამიმყარა ეს მოსაზრება. ის აღარ არის ლიდერი, გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი არის ის ადამიანი, ვინც პოზიტიურ დღის წესრიგს ქმნის, თვალს უსწორებს პრობლემებს, მზად არის, რომ ეს პრობლემები გადალახოს, რაღაც რეფორმები ჩაატაროს და წინ წაიწიოს თვითონაც პოლიტიკურად და ქვეყანაც წინ წასწიოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ლიდერი საერთოდ არ არსებობს. "სახელებსა და გვარებს რომ გადახედოთ, ისინი საერთოდ თამაშში არ არიან, სისტემის ნაწილიც კი არ არიან. მაგალითად კობახიძე, ის არის ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი აზრით, "ხელისუფლებას პარტნიორი არა ჰყავს, არც პოლიტიკურ ელიტაში, არც საზოგადოებრივ ელიტაში, არც სამოქალაქო სექტორში და არც უცხოეთში". რა აძლევს საფუძველს ასეთი შეფასებისთვის, "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- არასამთავრობო ორგანიზაციებზე პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმა პოლიტიკურად რა პროცესების მანიშნებელია?

- ხელისუფლებას რაღაც ნარცისიზმი შეეყარა, თანაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად. კრიტიკულად ბევრი პრობლემა დაუგროვდა და ნაცვლად იმისა, თვითკრიტიკულობის ელემენტი გაუჩნდეს, ყველასა და ყველაფერზე ბრაზობს. კობახიძის განცხადებები ფეხების ბაკუნის ეფექტს არ სცილდება. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, საიდან და რისთვის მოსული ადამიანი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. როცა ადამიანები დაუმსახურებლად იღებენ რაღაცას, კომპლექსი უჩნდებათ, რაც ასეთი აგრესიით გამოიხატება.

გია ხუხაშვილი

- სათანადოდ ვერ აფასებენ პრობლემებს, თუ ჰგონიათ, რომ ასეთი ქცევაა გამოსავალი? - ზუსტად ეგ არის, რომ არ იციან, რა გააკეთონ და რაც მთავარია, სხვის იმედად არიან, თვითონ არც პოლიტიკური კაპიტალი აქვთ და არც ცოდნა. არის ბიძია, რომლის ფრთასაც არიან ამოფარებული და მის იმედად ვითომ მზად არიან, ყველას ხმალამოღებულებმა ებრძოლონ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ ყალიბდება, რომ კონკურენციამ მაინც გაზარდოს მათი ქცევის ხარისხი. შესაბამისად,

ხელისუფლებას პარტნიორი არ ჰყავს არსად, არც პოლიტიკურ, არც საზოგადოებრივ ელიტაში, არც სამოქალაქო სექტორში და არც უცხოეთში. ეს არის იზოლირებული სისტემა, რომელიც ფორმირებულია გადამწიფებული თინეიჯერების ჯგუფით, თავს ნებისმიერი რამის უფლებას აძლევენ და როცა უსაქციელობაზე მიუთითებენ, ფეხებს აბაკუნებენ.

კობახიძის განცხადებები წარმოუდგენელი უტიფრობითა და თავხედობით არის სავსე, როდესაც თუნდაც პრეზიდენტზე ამბობს, 2012 წლამდე სად იყოო. ამ ახალგაზრდებისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, ნებისმიერი ტყუილის თქმა შეუძლიათ ისე, ძარღვიც არ აუტოკდებათ.

- პროკურატურაზე რას იტყვით, თუნდაც "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით... აქაც ხომ კობახიძე არ არის? - ეს უკვე სისტემური პრობლემის ნიშანია.

ეს არის ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და რომლის დემონტაჟი "ქართულმა ოცნებამ" თავიდან კი სცადა, მაგრამ კვალიფიკაცია არ ეყო საკუთარი მართვის სისტემების შესაქმნელად, ამიტომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ძველ სისტემასთან თანამშრომლობაზე და საბოლოოდ ამ სისტემამ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. თუ სააკაშვილი სისტემას საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის ამუშავებდა, დღეს იგივე სისტემა ამ ხელისუფლებას პარტნიორად დაუდგა - ანუ ის ამბობს, მე შენს პოლიტიკურ დავალებას შევასრულებ, მაგრამ ამას რომ ვაკეთებ, მე ჩემთვისაც მინდა რაღაცის გაკეთებაო.

ახლა პროკურორები ხელისუფლების დაკვეთით რაღაცას ფუთავენ, მაგრამ გარდა ამისა, შეუძლიათ ვითომ დადასტურებულ ჭეშმარიტებად გამოგვიქვეყნონ აბსოლუტურად ბელეტრისტული ჩვენება თაღლითობის აღიარების შესახებ, იმიტომ, რომ ასე სჭირდება საქმეს, თან წარმოუდგენელ ტექსტს აქვეყნებენ. ან მიმდინარე გამოძიებაზე ჩვენების გამოქვეყნება რა უბედურებაა?! ეს რომ შერჩევით ხდება, მეორე უბედურებაა და მესამე ის, რომ ტექსტი ტრაგიკომიკურია. როგორც ჩანს, ფანტაზია ისევ გაექცათ.

- ამბობენ, თითქოს ყიფიანის ჩვენება ლაშა ნაცვლიშვილის დაწერილია. - ვარაუდებით ადამიანს ბრალს ვერ დავდებ. ფაქტია, ჩვენება ძალიან კომიკურია.

- თავად ფაქტი რამდენად გააზრებული გგონიათ, რადგან ამ ჩვენებაში, ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის გადაფარვა ხდება მეორე, შესაძლოა უფრო მძიმე დანაშაულით? - როგორც ჩანს, როდესაც ეს ჩვენება იწერებოდა - და გასაგებია, რომ ის ყიფიანს არ დაუწერია - ვიღაც ამ ყველაფერს ლოკალური სამართლის პრიზმაში უყურებდა. ამოცანა იყო ასეთი - ეს სავარაუდო დანაშაული უნდა შეეტრიალებინათ და ოქუაშვილისთვის იქით დაედოთ ბრალი. ამ საკითხის ლოკალური, პროვინციული სამართლის პრიზმაში ყურება და ასე შეფუთვა უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანია, რადგან საკითხი უკვე გასცდა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს უკვე საერთაშორისო სამართლის საკითხიც არის. თუ დააკვირდებით ბოლო დღეებში ელჩების განცხადებებს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკვირდებიან, როგორ ვითარდება პროცესი და წარმოიდგინეთ, ამ ჩვენებას რომ წაიკითხავენ, რას იტყვიან. ადამიანი ამბობს, მე ვარ თაღლითი და საერთაშორისო პარტნიორების მოსატყუებლად, რომელთა მოტყუება ვის რაში სჭირდებოდა, კაცმა არ იცის, ვწერდი რამდენიმე დუბლად დადგმულ სცენარებსო. როგორც ჩანს, ის "ვიღაცა" დიდი ტვინითაც არ გამოირჩევა.

პრობლემა ის არის, რომ თუ ფორმალური სამართლებრივი შეფუთვა იყო ამოცანა, მაშინ ეთქვა ყიფიანს, რომ ეს საუბარი მოგონილია და ბოლომდე ემტკიცებინა, რომ ყველაფერი მონტაჟია. ეს ბევრად ეფექტური იქნებოდა ფორმალური სამართლის ენაზე და არც ამ უბედურებაში გაერეოდნენ, ვიდრე ეს რაღაც ბელეტრისტიკაა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - საქართველოს ისტორია ერთი წინადადებით ფასდება და ეს არის ისტორია, თუ როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე. თუ სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ვიღაცას კლავდა, ამ ხელისუფლებამ სააკაშვილს ეს იარაღი წაართვა და გამომდინარე იქიდან, რომ მიზანში სროლა არ იცის, საკუთარ თავს ესვრის. ეს კონკრეტული საქმეც თვითდაზიანების კლასიკური მაგალითია და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიამოვნებთ.

- მხოლოდ ყიფიანისთვის ამას ხომ არ გააკეთებდნენ? - არა მგონია, რომ სისტემური ამოცანაა, ვიღაცას ხელი დააფარონ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მოიქცნენ. ორი გამოსავალია - ან ხელი უნდა დააფარო, ან უნდა დაიწყონ სისტემის დემონტაჟი. რასაც მკვეთრი და აგრესიული მოქმედებები სჭირდება და რადგან ამის თავი არა აქვთ, ისევ გადაგორების მეთოდს ამჯობინებენ.

მათი მდგომარეობა ახლა ასეთია - შესაძლოა ცუდ რაღაცაში ვზივარ, რომელიც ყარს, მაგრამ აქ თბილა და არ მინდა ამოსვლა, მერე რა, რომ ყარსო და აგრძელებენ ამ ადგილას ყელამდე ჯდომას.

- ფარცხალაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ფარცხალაძე კონკრეტულ ბიზნესშია, რაც მეორე დღეს უარყო "საპარტნიორო ფონდმა", რომლის ხელმძღვანელიც ასევე სახელდება ივანიშვილთან დაახლოებულ პირად... - ერთმანეთში განცხადებასაც ვერ ათანხმებენ. გავლენების დაპირისპირება არა მგონია, შიგნრით პატარა ადამიანები რა ჭიას ახარებენ, არ ვიცი. არც ეს არის გამორიცხული, რადგან შიგნით ყველას ერთმანეთი ეზიზღება და როცა დროს იხელთებენ, ერთმანეთის ჩქმეტით თავიანთ პატარა სამოთხეებს იწყობენ. ყველა გასვრილია და ქვის სროლა არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, ქვის სროლა არც საგანელიძეს შეუძლია.

- "ქართული ოცნებისთვის" ამ არჩევნებში მაინცდამაინც ზურაბიშვილის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერზე მიდის? - ზურაბიშვილიც ამ მაზოხიზმის პროდუქტია. მათ ხომ აბსოლუტურად უმტკივნეულო ადგილზე გაიჩინეს ზურაბიშვილის სახით პრობლემა. ცალკე უბედურებაა, რომ ალტერნატივა არ არსებობს.

- ჩანაწერი, სადაც ჩხარტიშვილი რუსულ კავშირებზე საუბრობს, რამდენად რეალური გგონიათ? შესაძლებელია მას მართლაც ჰქონდეს ასეთი კავშირები და ის იყოს ივანიშვილის რუსულ პოლიტიკასთან დამაკავშირებელი? - თუ ჩავთვლით, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ამ შემთხვევაში, ერთი სცენარია, რომ ეს მართლაც რეალურად იყო და მეორეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ტრაბახი, მაგრამ ესეც არ არის გამართლება - როდესაც ადამიანს ტრაბახის მიზნით შეუძლია თქვას თუნდაც ტყუილი, რომ რუსეთის მაღალჩინოსანს ვთხოვდი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადმოგვაგდებინეო, უკვე დანაშაულია.

იხილეთ ასევე: "ქვეყნის დირექტორმა გვითხრა, ღარიბები რომ ხართ, თქვენი ბრალია, ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო" - რა გამოხმაურება მოჰყვა ივანიშვილის ინტერვიუს?

რუსა მაჩაიძე

ნახეთ ვიდეო რას ამბობს გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე