"ზურა ჯაფარიძემაც მიმართა "ქართუ ბანკს" კრედიტისთვის - კვირის პალიტრა

"ზურა ჯაფარიძემაც მიმართა "ქართუ ბანკს" კრედიტისთვის

"ძნელია დაიჯერო, რომ ყველა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა და დააფინანსა ზურაბიშვილი საკუთარი დანაზოგით"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის", რომელიც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება და პარტიებისა თუ საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებასა და შეწირულობებს შეისწავლის, წარმომადგენელი ნატალია ხოხიაშვილი ამბობს, რომ აშკარად ჩანს არათანაბარ პირობებში ჩაყენებული საარჩევნო სუბიექტები.

რა ოდენობის თანხა მიიღო თითოეულმა სუბიექტმა, რა გავლენას ახდენს ეს საარჩევნო პროცესზე და რა დარღვევები გამოიკვეთა, ამ საკითხებზე ნატალია ხოხიაშვილი გვესაუბრა:

- ივლისიდან თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ციფრები მრავალფეროვანია. ივლისში, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, შეწირულობის სახით მმართველ პარტიას მხოლოდ 20 ლარი აქვს მიღებული. ამ პერიოდში პირველ ადგილზეა "ევროპული საქართველო" 174.635 ლარით, მეორეზე კი "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" 119.996,00 ლარით. აგვისტოს დასაწყისიდან 11 სექტემბრამდე მმართველი პარტიის შემოსავლები აღარ ფიქსირდება სტატისტიკაში. ეს ბუნებრივიცაა, მათ კანდიდატი არ ჰყავთ და ამიტომ საარჩევნო ფონდიც არ გაუხსნიათ. ამ პერიოდში შეწირული თანხებით ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობა" 401.226 ლარით, მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო" 113.956 ლარით, მესამეზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 109.021 ლარით. ზურაბიშვილი სამეულში რომ მოხვდა, გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებს, როცა "ქართული ოცნება" საარჩევნო სუბიექტად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, 2017 წლის არჩევნებზე სულ შეწირულმა თანხებმა შეადგინა 16,418,892 ლარი, აქედან 90% (14,815,653 ლარი) "ქართული ოცნების" იყო.

ამჯერად ხელისუფლებას კანდიდატი არ ჰყავს, მაგრამ მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელ კანდიდატს, თუმცა ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მხარდაჭერაზე მეტია - ყველა ოფისი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად გადაკეთდა; შემწირველები, რომლებიც წინა წლებში "ქართულ ოცნებას" აფინანსებდნენ, ახლა ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს აფინანსებენ. დღეის მდგომარეობით დამოუკიდებელი კანდიდატისთვის შეწირული თანხის ოდენობამ 2.126.000 ლარი შეადგინა. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამაში არ შედის "ქართუ ბანკიდან" აღებული 1.000.000 ლარის კრედიტი, არადა, როგორც ცნობილია, "ქართუ ბანკს" ფიზიკურ პირებზე კრედიტის გაცემა შეზღუდული აქვს. გარდა ამისა, არჩევნების შედეგს წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს და რა გარანტია აქვს ბანკს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს მოიგებს და თანხას დააბრუნებს?

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემაც მიმართა "ქართუ ბანკს" კრედიტისთვის. საინტერესოა, რას უპასუხებს ბანკი, ან უარის შემთხვევაში როგორ დაასაბუთებს...

თავიდანვე არ გვეპარებოდა ეჭვი, რომ ხელისუფლების რესურსი დამოუკიდებელი კანდიდატის დასაფინანსებლად იქნებოდა მიმართული. ამას არც მალავენ და აისახა კიდეც ეს დეკლარაციებში. დღეს შეწირული თანხების ოდენობით ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს. "ქართული ოცნება" თავის უფასო საეთერო დროს, საბიუჯეტო დაფინანსებას, ვერ გამოიყენებდა კანდიდატის სასარგებლოდ, ამიტომ, ბუნებრივია, ეს დანაკლისი შეწირულობით უნდა აენაზღაურებინათ.

22 აგვისტოდან დღემდე ბლოკს "ძალა ერთობაშია" მიღებული აქვს დაახლოებით 440.000 ლარი, ხოლო "ევროპულ საქართველოს" - 222.325 ლარი, მაშინ როცა ზურაბიშვილს შეწირულობის სახით მიღებული აქვს 2 მილიონ ლარზე მეტი და მილიონი კრედიტით.

ყველაზე დიდი შეწირულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში "არქი ჯგუფს" და მასთან დაკავშირებულ პირებს აქვთ შეტანილი. 60-60 ათასი ლარი შეწირეს "არქის" წარმომადგენლებმა კახაბერ-კობა ივანოვმა (შპს "არქი გლდანის" დირექტორი), ირაკლი ქაფიანიძემ (შპს "არქი თაუერის" დირექტორი), დიმიტრი ადამიამ (შპს "არქი ვარკეთილის" დირექტორი) და ივლიანე წულაიამ, რომელიც შპს "არქი დეველოპმენტის" წილის მფლობელი და იმავდროულად, პარლამენტის წევრია "ქართული ოცნებიდან".

- ექიმების შეწირული თანხები საკამათო შეიქნა ერთი კონკრეტული ექიმის განცხადების გამო, რომ ის მხარს არ უჭერს მას, ვისაც ფული შესწირა. რა გამოდის, აიძულეს? - ეს აპრობირებული მეთოდია, საარჩევნო ფონდისთვის "შავი ფულის" გათეთრების გზა - როცა ვინმეს აქვს თანხა და სხვა პირების გავლით ხვდება სუბიექტის საარჩევნო ფონდის ანგარიშზე. ძნელია დაიჯერო, რომ ყველა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა და დააფინანსა ზურაბიშვილი საკუთარი დანაზოგით.

- უნდა გახდეს თუ არა ეს შესწავლის საგანი? - რა თქმა უნდა, მაგრამ დამტკიცება გაჭირდება, თუ რომელიმე ექიმი არ აღიარებს, რომ თანხა მისი არ იყო და მას გადასცეს ფონდში შესატანად...

- თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ვინმეზე შეწირულობების გაღების მიზნით? - მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მეწარმეები იმდენად მადლიერი არიან "ქართული ოცნების", რომ მთელ დანაზოგს გაიღებენ "ოცნების" ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

- სხვა რა დარღვევები გამოვლინდა? - მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის, თუმცა საეჭვო საქმეების შესწავლა ჯერ არ დამთავრებულა.

- ახდენს თუ არა ყოველივე ეს გავლენას წინასაარჩევნო კამპანიაზე? - რა თქმა უნდა. საარჩევნო ღონისძიებებს ფული სჭირდება. მაშინ, როცა ხელისუფლება და მისი მხარდაჭერილი კანდიდატი უზრუნველყოფილი არიან ადმინისტრაციული რესურსითაც და ამას ემატება ფინანსური სიძლიერეც, არჩევნებში გამარჯვება გარანტირებულია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ "ქართუ ბანკმაც" მილიონიანი კრედიტი დაუფიქრებლად გასცა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ გამარჯვება გარანტირებული აქვს. ამას ემატება ისიც, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. ეს კიდევ უფრო უხსნის გზას გამარჯვებისკენ ხელისუფლებას. არჩევნებში იგებს ის, ვინც ითვლის.

რუსა მაჩაიძე