"მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს - კვირის პალიტრა

"მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან როგორც შეხვედრას, ასევე საუბრის იმ შინაარსს ადასტურებს, რომელიც ჩანაწერებით გავრცელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯაფარიძემ განუცხადა, მირზა სუბელიანს ის რამდენჯერმე, თავად დაკავებულის ოჯახის თხოვნით შეხვდა. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესული იყო, როგორც პარლამენტის წევრი.

რაც შეეხება სუბელიანის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, დეპუტატის თქმით, მისი საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია.

„მე მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად. არც ახლა ვუყურებ სერიოზულად. ამიტომაც არვითარი რეგირება არ მომიხდენია. ყველაფერი არასერიოზულია. რას ლაპარაკობს ნორმალურს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბანდა ჰყავდა, ჯარი ჰყავდა მირზა სუბელიანს და ვერავინ დაინახა? არასერიოზულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

იხილეთ ჩანაწერი