"ქვეყანაში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოება ჩემთვის სრულიად მიუღებელია" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოება ჩემთვის სრულიად მიუღებელია"

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია დებატები, რომელიც ამ საკითხზე ამ დრომდე გრძელდება.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მწარმოებლის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ძალიან დააზიანებს.

"არსებულ პოლიტიკურ განხილვებში ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. საზოგადოებამ იცის და მე არასოდეს დამიმალავს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ვარ ლოიალური. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ისინი უნდა ისხდნენ ციხეში, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე - თუკი ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე ფაქტორია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისი - საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი მარიხუანას სამედიცინო მიზნებით კულტივაციის შესახებ. საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო.