"რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას"

"რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება რუსული პროპაგანდისტული არხების "საუკეთესო“ პრაქტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამ კონტექსტში დაასახელა "ომეგა ჯგუფისა“ და სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების საქმეები. მისი თქმით, ორივე საქმე არის "რუსთავი 2-ის“ მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ჩავარდება.

"პარტიულ ტელევიზიას, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს“ აქვს სინამდვილის დამახინჯების, მაყურებლის მძევლად აყვანის და სინამდვილის გაყალბების ერთგვარი მცდელობა.

ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს, საუბარია თვისობრივ მონაცემებსა და რაოდენობრივ კვლევაზე, რომლის შედეგებსაც მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს შედეგები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანია აწარმოებს ე.წ. ტვინის გამორეცხვის კამპანიას.

პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა "რუსთავი 2-მა“ არის "ომეგა ჯგუფის“ საქმე. დადასტურდა, რომ ეს იყო სპექტაკლი, რომელიც ძალიან მალე ჩავარდა. საბოლოოდ გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის გადახდაზე უარის თქმა. მან მოკავშირედ გაიხადა "ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიული ტელევიზია "რუსთავი 2“. ეს სპექტაკლი ჩავარდა. დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხები, როგორც გაეცა პასუხები პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს.

დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება. 9 წლის განმავლობაში ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი. ჩვენ ეს ძალადობრივი სისტემა და რეჟიმი ჩავაბარეთ წარსულს. დღეს ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "რუსთავი 2“ "ქართული ოცნების“ წევრების გადაცემებში მიწვევას გაურბის.

"ყველამ იცის, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა. გუშინ იყო ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობა ეთერში, თუმცა ამაზე უარი ითქვა "რუსთავი 2-ის“ მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ პარტიულ ტელევიზიას, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვან სტანდარტი“, - განაცხადა კობახიძემ.