"ვისურვებდი, კანდიდატები მოეშვან პოპულიზმს, რადგანაც დიდი ხანია, უკვე არავის სჯერა, რომ პრეზიდენტი პენსიას მოგვიმატებს" - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, კანდიდატები მოეშვან პოპულიზმს, რადგანაც დიდი ხანია, უკვე არავის სჯერა, რომ პრეზიდენტი პენსიას მოგვიმატებს"

"სხვა ცუდია და ამიტომ ხმა მე მომეცით, - ასეთი მიდგომა წინასაარჩევნო პერიოდის მინუსია"

"ვფიქრობ, დემოკრატიული მმართველობა მახინჯი ფორმით ვითარდება, რაც საარჩევნო კამპანიებისა და კომუნიკაციის პროცესზეც მოქმედებს. როგორც ჩანს, ქართველებს სიღრმე ყველაფერში გვაკლია, ყველა საქმეში ზედაპირზე ვრჩებით, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ არჩევანშიც," - გვეუბნება პიარის სპეციალისტი კახა მაღრაძე, რომელთან ერთადაც, ვეცადეთ, შეგვეფასებინა წინასარჩევნო პროცესი - რამდენად სწორად მოქმედებს ამ პერიოდში თითოეული კანდიდატი, როგორ მესიჯებს აწვდიან ამომრჩეველს, რა არის კანდიდატების მთავრი შეცდომა, რა შანსი აქვს თითოეულს და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები.

იმის გამო, რომ ბევრ რამეს ზედაპირულად ვუდგებით, სპეციალისტის თქმით, საარჩევნო პროცესშიც საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კომუნიკაციაც შესაბამისია. ასეთივეა მათი გზავნილები, რასაც როგორც საკუთარი თავისა თუ ოპონენტის მისამართით, უმეტესად დასაკნინებლად იყენებენ. მთლიანად კი, პოლიტიკური ფონი ხელს უშლის ამღვრეულ წყალში სწორი კონტურების დანახვას.

როგორც კახა მაღრაძე ამბობს, უკვე რამდენიმე არჩევნებია, ჩამოყალიბდა, რომ ამომრჩეველი ბოლო მომენტში, ემოციურად და გარკვეული შიშის გამო იღებს გადაწყვეტილებას.

- ამ შიშებზე მანიპულაცია კომუნიკაციაში ნებისმირი მთავრობის პირობებში "ეფექტური" აღმოჩნდა. ასე იყო შევარდნაძის პერიოდშიც, მანამდეც და მერეც - როგორც ჩანს, მტრის ხატის შექმნა და მისი გამოყენებაა მთავარი! სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა და საარჩევნო პროცესი ასე განვითარდა და ჩამოყალიბდა. ამომრჩეველი არ უფრთხილდება საკუთარ საარჩევნო ხმას და გადაწყვეტილებას რაღაცის შიშით იღებს. არადა, პოლიტიკურად მისაღები ვინც არის, მხარი იმას უნდა დაუჭიროს. პოლიტიკური სუბიექტები აუდიტორიას ერთმანეთის შიშით კვებავენ და თვითონაც ასევე იკვებებიან.

- ასე იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო პროცესი სწორად არ არის დაგეგმილი, პიარტექნოლოგიებს ვერ ფლობენ და იყენებენ?

- აქ რამდენიმე ზოგად პრობლემას გამოვყოფდი - უპირველესად, ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში ამომრჩევლებს უპატივცემულოდ ეპყრობიან. ბოლო მომენტში გვაწვდიან ინფორმაციას საერთოდ კანდიდატების ვინაობის შესახებ. რაც შეეხება პიარტექნოლოგიებს იყენებენ თუ არა, ყველა იყენებს და ამის ნიშნებიც აშკარაა. როგორც ჩანს, ყველას ჰყავს თავისი კულტი და შეძლებისა და რესურსებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაშიც განსაკუთრებული არაფერია. მგონი, ზოგადი პრობლემა მაინც კომუნიკაციის დეფიციტია, რაც დროის პრობლემასთანაა კავშირში, - გვიან იწყებენ კამპანიას და ბევრი რამ ზედაპირული მესიჯების დონეზე რჩება.

მეორე ისაა, რომ კოლოსალური მასშტაბი მიიღო ოპონენტების მიმართ კომუნიკაციის მართვამ, ასეთი მგონი, ჯერ არ ყოფილა, შეიძლება იმიტომ, რომ პიროვნებებს შორის კეთდება არჩევანი და ერთმანეთზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება უფრო ადვილია. სხვა ცუდია და ამიტომ ხმა მე მომეცით, - ასეთი მიდგომა წინასაარჩევნო პერიოდის მინუსია.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია მისთვის განკუთვნილ დროს სრულად გამოიყენებდა, რომ კარგი კომუნიკაცია ჰქონდა ამომრჩეველთან, თითოეულს შეხვედროდა, საკუთარი გზავნილები და ხედვა მიეწოდებინა, მაგრამ ეს ზედაპირულ დონეზე დარჩა და ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდნენ.

შემდეგი მათი არაადექვატური დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს თვალში ნაცრის შეყრა და აშკარა ტყუილია, რაც უბრალოდ სირცხვილია. კახა მაღრაძე

- თუ თითოეული კანდიდატის მესიჯებში მგონი, მუქარაც იგრძნობა...

- სალომე ზურაბიშვილი თავისთავად საინტერესო კანდიდატია, როგორც ქალი, ევროპული პოლიტიკური გამოცდილებით, მაგრამ ამ ავანსს, რაც მასზეა გაცემული, პირველადი პირებიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე, ვერ ამართლებს. მისი პოლიტიკური გამოცდილება, მისი ერუდიცია, როგორც ძლიერი ქალი პოლიტიკოსის იმიჯი, რეალურად კომუნიკაციაში ვერ განხორციელდა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს და მის კამპანიას, გამოკვეთილად აგრესიულია და ყველაზე პოპულისტური, რაც კი აქამდე ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა მასობრივი პოპულიზმის მიმართულებით გადადის და ამის დასტურია თუნდაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართ მათი დამოკიდებულება. გამოკვეთილ პოპულისტურ გზავნილებს იყენებენ, მათ შორის ტრადიციებთან დაკავშირებულს და ა.შ.

რაც შეეხება დავით ბაქარაძეს, ყველაზე დალაგებული, დავარცხნილსაც დავარქმევიდი, კაპმანია აქვს, თუმცა თვითონ ბაქრაძის კანდიდატურა მოკლებულია ქარიზმას, ვერ ეწევა კამპანიას როგორც ლოკომოტივი, არ არის ისეთი მკაფიო და გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა.

- ვფიქრობ, ზურაბიშვილისგან და ვაშაძისგან განსხვავებით, ყველაზე რბილი პოლიტიკოსია.

- ასეა და რბილი პოლიტიკოსი კარგ კამპანიას ვერ დაგანახებს. "ხალხის პრეზიდენტი ვარ," - ასეთი განცხადით, ჩემი აზრით, ცოტა აცდენილია კამპანიის მთავარ ნარატივს.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს ზედმეტად გულწრფელი და მიამიტი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესოც იყოს. მისი სახით საქმე გვაქვს კარგი გამოცდილების, გაწონასწორებულ, ძლიერ პოლიტიკოსთან (ვგულისხმობ პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს, მის ინტელექტუალურ პოტენციალს, გაუსვრელ იმიჯს, ეს ყველაზე ღირებულია ამ მოცემულ კონტექსტში), მაგრამ როგორც პოლიტიკოსის იმიჯს, ვერ წვდება მისი კამპანიის ტექნიკური შესრულება და უკეთესის სურვილს გვიტოვებს.

ზურაბ ჯაფარიძე ყველაფრიდან ამოვარდნილია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მისთვის არ არის მზად ქართული პოლიტიკური სივრცე და ელექტორატიო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს მომავალი აქვს, რადგანაც ისეთ ელექტორატზე აკეთებს არჩევანს. თუმცა ბოლო პერიოდში ჯაფარიძის კამპანიას თანმიმდევრულობა და მუხტი დააკალდა, მგონი, ჯაფარიძე სადღაც დავკარგეთ.

საერთოდ კი, ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილისა და ვაშაძისგან განსხვავებით, სხვა პლასტშია, რაც მათი კამპანიების დამსახურებაა.

პიარზე ვლაპარაკობდით და ეჭვი მაქვს, საპრეზიდენტო კანდიდატები თავიანთი საკომუნიკაციო გუნდის წარმომადგენლებს და კონსულტანტებს არ უჯერებენ, მათი განცხადებები ბოლომდე არ მგონია, კონსულტანტების რჩევით იყოს შექმნილი. ეს უმეტესად ვაშაძე-ზურაბიშვილს ეხება, ბაქრაძე გუნდური პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს, უსუფაშვილი კიდევ ცალკე კაცი-კამპანიაა.

- და ამ ყველაფრის შემდეგ რა შანსი აქვს თითოეულს? - მგონი, შანსი გვაქვს, მივიღოთ მეორე ტური. თუ ეს შანსი მოგვეცა, ეს დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება. რეალურად კი მათი შანსების შეფასება ახლა რთულია, იმიტომ, რომ ასე დალაგდა ბოლოს, რომ რაღაც "სიურპრიზები" არჩევნების წინა პერიოდში იქმნება ხოლმე. პოლიტიკური კულტურა ისე ჩამოყალიბდა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური კომპრომატების პროპაგანდად იქცა.

ვისურვებდი, შემდეგ არჩევნებზე ნაკლები იყოს ერთამანეთის მიმართ კინკლაობა, კანდიდატებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ ამომრჩევლების მიმართ, უფრო სრულფასოვნად და ამომწურავად მიიტანონ მათთან მესიჯები, მოეშვან პოპულიზმს, რადგანაც დიდი ხანია, უკვე არავის სჯერა, რომ პრეზიდენტი პენსიას მოგვიმატებს!

(სპეციალურად საიტისთვის)