"მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არამც თუ ჩემმა მეგობარმა კახა კახიშვილმა" - რას ამბობს მოროშკინა გავრცელებულ ჩანაწერზე? - კვირის პალიტრა

"მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არამც თუ ჩემმა მეგობარმა კახა კახიშვილმა" - რას ამბობს მოროშკინა გავრცელებულ ჩანაწერზე?

მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არამც თუ ჩემმა მეგობარმა კახიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი ლალი მოროშკინას "მართავდა".

"როდესაც ადამიანი 4 კედელშია, მერწმუნეთ, ეს არის ძალიან მძიმე ხვედრი ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც კრიმინალი შედის ციხეში ის, ასე თუ ისე, შეჩვეულია ამ ვითარებას, მაგრამ როდესაც ე.წ. პაგონიანი ხვდება იქ, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და მისი მორალური წნეხი საკუთარ თავზე გაასმაგებულია. რაც შეეხება ჩემ მართვას, მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არამც თუ ჩემმა მეგობარმა კახიშვილმა. 2013 წელი ის პერიოდია, როდესაც მე ვარ სასჯელაღსრულების სამინიტროს მრჩეველი და კახიშვილია ექსპერტი, რომელსაც აქვს ნებისმიერი ეთერი, გადასარევად უძღვება თავის საექსპერტო საქმიანობას და ნამდვილად არ სჭირდება ჩემი დახმარება. მე მას ვერც დავეხმარებოდი, რადგან სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, მქონდა ჩემი საქმე და როგორც ექსპერტს სხვა პოზიცია ეჭირა. მას სასჯელაღსრულების სამინისტროსთვისაც ხშირად მოუმართავს, რაღაც არ მოსწონებია. ჩვენ ვუსმენდით მას, რადგან საინტერესო იყო მისი ხედვა", - განაცხადა მოროშკინამ.

რაც შეეხება უშუალოდ სუბელიანს, როგორც მოროშკინამ აღნიშნა, მას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი პროკურორი, მირზა სუბელიანი, ახალი ხელისუფლების პირობებში გენინსპექციის უფროსი უნდა ყოფილიყო.

"მირზა სუბელიანი "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო პროკურორი, 26 მაისის საქმის პროკურორი. მისი საქმე იყო ის, რასაც აკეთებდა. მე იმ პერიოდში ვიყავი უფლებადამცველი და ჩვენი გზები ვერანაირად ვერ გადაიკვეთებოდა. ჩვენ ცხადია, ერთმანეთს ვეომებოდით. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და მირზა სუბელიანი აღმოჩნდა სამინისტროში, მე ცხადია, შეკითხვები მქონდა. ეს რომ წელს ყოფილიყო, მე შეკითხვები არ მექნებოდა, რადგან "ნაციონალურ მოძრაობის" იმდენი წევრი არის დღეს მმართველობაში, რომ ალბათ, ახლა ეს კითხვა არ დამებადებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ადამიანი, რომელიც პროკურორი იყო, როგორ იქნებოდა გენინსპექციის უფროსი. ჩვენ ერთმანეთში ღია საუბრები გვქონდა. მირზა სუბელიანს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება - რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება და ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მაინც და მაინც გულზე არ ვეხატებით ერთმანეთს. ეს ყველამ იცოდა", - განაცხადა მოროშკინამ.

სავარაუდოდ, სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

"მირზა სუბელიანი - "ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და "კახი, კახი" და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ "ომეგას" აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო", - ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.