"სამწუხაროდ, რეალობის მოდელირება გარკვეული ადამიანებისთვის ჰობად იქცა" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, რეალობის მოდელირება გარკვეული ადამიანებისთვის ჰობად იქცა"

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის, - ასე ეხმაურება სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ იმის დიდი ნაწილი, რასაც სუბელიანი საუბრობს და რა ფაქტებსაც ასახელებს, არის ილუზია.

„პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩანაწერები ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან. კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახამ (კახიშვილი) გააკეთა განცხადებაც, რომ ფიზიკურად არ ჰქონია ამ ადამიანთან ინტერაქცია. შესაბამისად, ეს ადამიანი რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი როგორც ჩანს, ამ ყველაფერში არის ილუზია. მთავარი არის ის, რომ მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობენ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. ნუ აქვთ ამის ილუზია. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. როგორც ჩანს, რეალობის მოდელირება სამწუხაროდ, ჰობად იქცა გარკვეული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ბახტაძე.

"ინტერპრესნიუსი"