"ადვილი შესაშინებელი არ ვარ" - რას ამბობს კახა კახიშვილი ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ, სუბელიანი მასაც ახსენებს - კვირის პალიტრა

"ადვილი შესაშინებელი არ ვარ" - რას ამბობს კახა კახიშვილი ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ, სუბელიანი მასაც ახსენებს

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, ის პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს არც დაკავებამდე 2 დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ არ შეხვედრია.

კახა კახიშვილის თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი განსაკუთრებულ პირობებში არ იმყოფება.

"მე მოვუსმინე ჩანაწერებს და მე ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ საუბარი იმაზეა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობეში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის თქმით, მისთვის არასდროს მიუტანიათ ინფორმაცია, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში მოთავსებული მირზა სუბელიანი საპატიმროში არსებულ პირობებს აპროტესტებდა.

"რაც შეეხება 2013 წლის ეპიზოდს, მგონი ყველა მიცნობთ და იცით, რომ მაინცდამაინც მე მედიასთან კომუნიკაცია არ მაკლდა და თუ რამე მქონდა სათქმელი, ამის შესახებ მედიაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და თავად რამდენიმე სტატიაც იყო მოყვანილი, სადაც ვსაუბრობდი და ვაკრიტიკებდი თუნდაც რაღაც გადაწყვეტილებებს იმდროინდელ პენიტენციურ სისტემაში. ასე, რომ მინდა, პირდაპირ გითხრათ, ერთი - არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს. მეორე მხრივ, არასდროს არ ყოფილა ჩემამდე მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც ის მე-8 დაწესებულებაში იყო განთავსებული", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახიშვილი გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ კახიშვილის და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას საუბრის ფარული ჩანაწერი აქვს.

"მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - არალოგიკურია ეს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

რაც შეეხება კომპრომატებს, რომელიც შესაძლოა, მის წინააღმდეგ არსებობდეს, კახიშვილი პასუხობს, რომ "კომპრომატის არსებობა მაშინ დგინდება, როცა ესა თუ ის პირი უცებ გაჩუმდება".

"ჩემი გაჩუმება არავის გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა. არანაირი მუქარა მათ შორის მირზა სუბელიანისგან არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან", - აღნიშნა კახიშვილმა.

სავარაუდოდ, სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

"მირზა სუბელიანი - "ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და "კახი, კახი" და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ "ომეგას" აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო", - ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ ასევე: "მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არამც თუ ჩემმა მეგობარმა კახა კახიშვილმა" - რას ამბობს მოროშკინა გავრცელებულ ჩანაწერზე?

"ინტერპრესნიუსი"