"სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი, ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი, ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი"

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ. მისი თქმით, ამჯერად სახელისუფლებო გუნდი იმერეთის და აჭარის მასშტაბით 8 ადამიანმა დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია.

"არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცალსახა გახდა ტენდენცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ პარტიის დატოვების. "ქართულ ოცნებაში" იტყვიან, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან მათთან და ეს არის მათი სირცხვილი. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველში, ამიტომ უარს ამბობენ მის მხარდაჭერაზე. ოპოზიციიდან ოპოზიციაში გადასვლა არაა გმირობა, მაგრამ გმირობაა ხელისუფლების გუნდიდან ოპოზიციაში გადასვლა, ამიტომ ჩვენ ვართ ღია ყველა ამ ადამიანისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი და ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი", - განაცხადა დღეს ქუთაისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გიგი უგულავამ.

ბრიფინგზე, კონსტანტინე შვანგირაძე, რომელიც წყალტუბოს საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენდა, განმარტავს, რომ "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა, რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალები" დააწინაურა, რაც გახდა უკმაყოფილების მიზეზი. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს.

ბრიფინგზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში "ევროპული საქართველოს" რიგებს "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი შეუერთდა.

"ინტერპრესნიუსი"