"რუსებმა ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის" - კვირის პალიტრა

"რუსებმა ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის"

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ში ისაუბრეს ევგენი ბუნტმანმა (წამყვანი) და მაქსიმ შევჩენკომ (ჟურნალისტი და პუბლიცისტი). საუბრის ერთ-ერთი თემა - უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების კონფრონტაცია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაბიჯი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია გახლდათ.

როგორც მაქსიმ შევჩენკო ამბობს, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია დაიმსახურა. რაც შეეხება დაპირისპირების თავიდან აცილებას, მისი აზრით, საჭიროა სხვა ეკლესიებთან მოთათბირება:

"მაგალითად, უძველეს ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც რუსეთის ეკლესიაზე უფრო ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქართული ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე ელადის ეკლესია, ვიდრე კიევის ეკლესია. ქართველები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო უკვე მერამდენე წელია ებრძვის და ვის ებრძვის? მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთადერთ უძველეს მართლმადიდებელ ხალხს! არადა, დღეს ქართული ეკლესიის როლი და გავლენა ძალიან დიდია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისეთი ადამიანია, რომელიც უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მისი ავტორიტეტი ურყევია. ილია მეორე არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხი ძნელ-ბედობის ჟამს გადაარჩინა, მისი მამა გახდა. საერთოდ, ქართული სამღვდელოება, ქართველი სასულიერო მსახურები გამოირჩევიან თავიანთი ასკეტობით, წმინდანობით და დამაჯერებლობით. ისინი განსაკუთრებულები არიან. ქართველი მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ძალიან მძიმე მარხვას იცავენ.

მართლმადიდებლობა ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ქართველებთან და ვთხოვოთ: "ძმებო ქართველებო, უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ილია მეორე, დაგვეხმარეთ უკრაინის ეკლესიასთან ურთიერთობის გარკვევაში... კონსტანტინოპოლთან..."

საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის, ჩემი აზრით, ანგარიშგასაწევი უნდა იყოს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში გააუქმა, ეპარქიად გადააქცია და თბილისიდან და ქუთაისიდან წმინდა რელივიების პეტერბურგში გატანას ცდილობდა... ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის", - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, თუმცა პროგრამის წამყვანის ევგენი ბუნტმანის აზრით, ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ეკლესიის მხრიდან უტოპიური იქნება.

"ვისთან იბრძვის რუსეთის ფედერაცია, რომელიც თავის თავს მსოფლიოს ცენტრად მიიჩნევს? იბრძვის მართლმადიდებელ სამყაროსთან: ომი ერთმორწმუნე საქართველოსთან, ომი მართლმადიდებელ უკრაინასთან, კონფლიქტი ბელარუსების მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ბერძნებთან", - აცხადებს მაქსიმ შევჩენკო. (წყარო)

იხილეთ ასევე: "აუცილებელია ნამდვილ კავკასიელებთან - ქართველებთან მოლაპარაკება, ეს პუტინმაც უნდა გაიგოს"

თარგმნა სიმონ კილაძემ